ბლოკმა "თოფაძე მრეწველები – ჩვენი სამშობლო“ ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატი შეცვალა. პარტიის წევრების თქმით, მათი პოლიტიკური გეგმები მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს, ამიტომ მთავარ მიზნად რუსეთთან უვიზო მიმოსვლა აქვთ დასახული. ტრისტან წითელაშვილმა ახალციხის მოსახლეობასთან აქცენტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და სავაჭრო ურთიერთობებზე გააკეთა.
Your browser doesn’t support HTML5
ბლოკის წევრებს ქვეყნის განვითარების ერთადერთ გზად მეზობელ ქვეყანასთან პოლიტიკური, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება მიაჩნიათ. ბლოკის საბჭოს წევრმა ამომრჩევლებს ახალი კანდიდატურა წარუდგინა. გოდერძი კუბლაშვილი ტარიელ ხაჩიძემ ჩაანაცვლა, რომელიც ამბობს, რომ ახალციხე-ადიგენის მოსახლეობასა და პრობლემებს კარგად იცნობს, რაც მას გამარჯვებაში დაეხმარება.
5 სექტემბერს მოძრაობამ ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” აღმოსავლეთ საქართველოს - მათ შორის, სამცხე-ჯავახეთის - მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები საზოგადოებას მოძრაობის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ გააცნო. ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში მოძრაობის სახელით იბრძოლებს კობა გორგოძე, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში – შაქრო აივაზიანი, ხოლო ბორჯომ-ასპინძის ოლქში – კახა ბერიძე. კახა ბერიძის განმარტებით, დროა ქართველებმა საერთო ენის გამონახვა შეძლონ.
ორივე პარტიამ ახალციხის მერობის კანდიდატებიც წარადგინა. "საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ არჩევნებში გამარჯვებისთვის ბესიკ ტაბატაძე იბრძოლებს; "პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა ხალხისთვის“ კი – ივანე გვარამაძე. გარდა ამისა, მერობის კანდიდატები წარადგინეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – ირაკლი ერეკლიშვილი და "ეროვნულმა ფორუმმა“ – ჯუმბერ ინასარიძე.