25 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ალბანეთის მემარცხენე ძალებმა, სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა. ბიულეტენები თითქმის მთლიანად დათვლილი იყო, როცა საბოლოოდ გახდა ცხადი, რომ სოციალისტები არიან 25 ივნისის არჩევნების გამარჯვებულები ალბანეთში. ეს არჩევნები მიიჩნეოდა ევროკავშირთან ალბანეთის მომავალი ურთიერთობის მნიშვნელოვან ეტაპად. ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას, პარტიამ ხმების 48 პროცენტი მიიმხრო, რაც 74 მანდატის ქონას ნიშნავს 140-ადგილიან პარლამენტში, იტყობინება ცენტრალური საარჩევნო კომისია. ედი რამა თავიდანვე დარწმუნებული იყო წარმატებაში: „იმედით ვარ აღსავსე, რომ შესანიშნავი დღე გვექნებაო”, უკვე კვირას ამბობდა პრემიერი.
Your browser doesn’t support HTML5
მეორე ადგილზე გასულმა ოპოზიციურმა პარტიამ, ცენტრისტ-მემარჯვენე დემოკრატებმა, ლულზიმ ბაშას მეთაურობით, მოიპოვა ხმების 29 პროცენტი, რაც 43 ადგილს ნიშნავს საკანონმდებლო ორგანოში. დემოკრატიული პარტიის ლიდერისთვის არჩევნები მნიშვნელოვანი დღე იყო იმიტომ, რომ მოქალაქეებს არჩევის საშუალება ჰქონდათ: „ეს არის დღე, როცა მოქალაქეებს მოქალაქეებისთვის შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება და ამიტომ მინდა მოგმართოთ ყველა ალბანელს, ვისაც ხმის მიცემის უფლება გაქვთ, არ მოაკლდეთ გადაწყვეტილების მიღების ამ შესაძლებლობას. მოდით და ხმა მიეცით. მხოლოდ თქვენი ხმის საშუალებით არის ალბანეთის შეცვლა შესაძლებელი“.
“სოციალისტურმა მოძრაობამ ინტეგრაციისთვის”, წინა მთავრობის პარტნიორმა, არჩევნებში მესამე ადგილი მოიპოვა და 19 მანდატის მფლობელი გახდა პარლამენტში. პრემიერ რამას მიმდევარი სოციალისტები, რომლებსაც ახლა მარტო შეუძლიათ მართონ ქვეყანა, სულ უფრო ხშირად უპირისპირდებიან ინტეგრაციისთვის მოძრაობას და მის ყოფილ ლიდერს, ყოფილ პრემიერს, ილირ მეტას, რომელიც ამჟამად ალბანეთის არჩეული პრეზიდენტია. ეს თანამდებობა ალბანეთში უპირატესად ცერემონიული ბუნებისაა და მას პარლამენტი ირჩევს.
25 ივნისს საარჩევნო უბნებში ხმის უფლების მქონე ალბანელთა თითქმის 47 პროცენტი მივიდა. 2013 წლის შემდეგ ეს მონაცემი შვიდი პროცენტით შემცირდა. აშშ-ის საელჩო ალბანეთში თავის განცხადებაში წერდა: „საერთაშორისო მეთვალყურეები შეესწრნენ ხმების ყიდვის, ბიულეტენების ფოტოგრაფირების, ამომრჩევლების დაშინების ფაქტებს, რომელთა უმეტესობაზე სამართალდამცველებს რეაგირება ჰქონდათ და მოხდა დაკავებაც. თუმცა ზოგიერთი დარღვევა სერიოზული იყო, უნდა ითქვას, რომ მათ არ ჰქონიათ იმდენად ფართო ხასიათი, რომ შედეგებზე ზემოქმედება მოეხდინათ“.
ევროკავშირმა, რომლის წევრობის კანდიდატია 2014 წლიდან ალბანეთი, ასევე გაავრცელა განცხადება, რომელშიც საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ფედერიკა მოგერინი და ევროკავშირის გაფართოების კომისარი იოჰანეს ჰანი ალბანეთის მთავრობას მოუწოდებდნენ, გააგრძელოს რეფორმების პროცესი. „სასამართლო რეფორმის, ასევე ნარკოტიკების ტრეფიკინგისა და მოყვანის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა“, -წერდნენ მოგერინი და ჰანი.
მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ გასულ თვეში პირობა დადო, რომ ოპოზიციურ დემოკრატიულ პარტიას უფრო ფართო როლს მიანიჭებს არჩევნების გამჭვირვალობის შენარჩუნებაში. ორივე პარტია პირობას დებს, რომ ევროკავშირში ალბანეთის გაწევრიანებისთვის მუშაობას გააგრძელებენ. თავის მხრივ, რამა დაპირდა ამომრჩეველს, რომ იბრძოლებს კორუფციასთან, ნარკოტიკების ტრეფიკინგთან, ასევე დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას, გაზრდის ხელფასებს და შეამცირებს უმუშევრობას.
ალბანეთში ორი მილიონ ცხრაასი ათასი ადამიანი ცხოვრობს. ეს ქვეყანა 2009 წელს ნატოში შეიყვანეს და, როგორც ითქვა, 2014 წლიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს.