წინა წლებისგან განსხვავებით, 2018 წელს ქუთაისი დაუმტკიცებელი ბიუჯეტით შეხვდა. შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია, გაიზრდება თუ არა დაფინანსება და, გასული წლებისგან განსხვავებით, რომელი პროგრამებისთვის დაიხარჯება მეტი ან ნაკლები თანხა.
Your browser doesn’t support HTML5
ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების გარდა, იანვარში უნდა დასრულდეს ქუთაისის მერიასა და საკრებულოს აპარატში რამდენიმე კვირის წინ დაწყებული რეორგანიზაცია. ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას, განცხადებით, პრობლემების გამო ახალ გუნდს ბევრი მუშაობა მოუწევს:
„2018 წელი ჩვენი მოსახლეობისთვის იქნება უკეთესი, თუმცა ჩვენს გუნდს მოუწევს უფრო მეტი შრომა. ძალიან ბევრი საქმეა წინ, ბევრი პრობლემა დაგვხვდა. მოგვიწევს, ფაქტობრივად, დაუღლელი მუშაობა იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის პირობები გაუმჯობესდეს“.
რადგან ბიუჯეტის პროექტი ფორმირების პროცესშია და, მერის განცხადებით, სავარაუდოდ, თვის ბოლოს მიიღებს სრულყოფილ სახეს, გიორგი ჭიღვარია ჯერჯერობით ვერ ასახელებს კონკრეტულ პროგრამებს და პროექტებს, რომლებიც წლის განმავლობაში განხორციელდება. უახლოესი პერიოდის მხოლოდ ერთ პროექტზე ლაპარაკობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია, თუმცა დასძენს, რომ პროექტებზე საუბარი მერის პრეროგატივაა. ნიკოლოზ ლატარიას განცხადებით, მან ზუსტად იცის, რომ მდინარე რიონზე გაკეთდება ახალი საფეხმავლო ხიდი წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან ბოტანიკურ ბაღამდე:
„ჭომის დასახლებაში, ბოტანიკურ ბაღთან გადავა ხიდი და ეს იქნება ტურისტულად ძალიან მიმზიდველი და ქალაქის მოსახლეობისთვისაც კარგი“.
ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებდა ცენტრალური ხელისუფლება და ამ პროექტების კვალი სახეზეა: ისინი დაუსრულებელია, გადათხრილია ქუჩები, რაც დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას და სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული...დავით გოგისვანიძე
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ლატარიას, შეფასებით, ქალაქის მოსახლეობისთვის 2018 წელი, გასულ წლებთან შედარებით, უკეთესი იქნება, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებაში პასუხისმგებლიანი გუნდი მოვიდა. საკრებულოს თავმჯდომარე ქუთაისელებს მთელი ქალაქის მასშტაბით 24-საათიან წყალმომარაგებას წლის მეორე ნახევრიდან, შესაბამისი პროექტის დასრულების შემდეგ, ჰპირდება. ამასთან, დაიწყება წყალარინების სისტემის მშენებლობა, რომლისთვისაც სამას მილიონ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს. ადგილობრივ ხელისუფლებას წყლის სისტემის სარეკონსტრუქციო სამუშაოების არაეფექტურობის გამო აკრიტიკებს საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ დავით გოგისვანიძე. მისი შეფასებით, არასაკმარისად და უხარისხოდ შესრულებული სამუშაო ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის არასათანადო კომუნიკაციის შედეგია:
„ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებდა ცენტრალური ხელისუფლება და ამ პროექტების კვალი სახეზეა: ისინი დაუსრულებელია, გადათხრილია ქუჩები, რაც დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას და სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული, რადგან ბევრი შემთხვევაა წყლის ქცევის ახლად რეაბილიტირებული ქსელიდან“.
საკრებულოს წევრ დავით გოგისვანიძისავე განცხადებით, 2018 წლისთვის მისი პროგნოზი არასახარბიელოა, რადგან გადასახადების გაზრდა, ლარის გაუფასურება და პროდუქტების გაძვირება ადამიანებს ცხოვრებას გაურთულებს. გასულ წელს ქუთაისში გაიზარდა შიდასაქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულებაც. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის, გიგა შუშანიას, განცხადებით, ყოველი, თუნდაც 10-თეთრიანი, მატება მოქალაქეებს ხარჯს უზრდის, მაშინ როცა მათი შემოსავალი არ იზრდება:
2018-ში მინდა მეტმა ახალგაზრდამ იპოვოს საკუთარი თავი ამ ქალაქში, არ წავიდეს ამ ქალაქიდან, შეიქმნას დასაქმების ადგილები, რადგან, როდესაც ტოვებს ქალაქს ახალგაზრდობა, ეს ქალაქის განვითარებაზე კარგად არ აისახება...
„ქუთაისი, კონსტიტუციის მიხედვით, აღარ არის საპარლამენტო დედაქალაქი, რაც ძალიამ მძიმე დარტყმა იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ქუთაისი კარგავს სამუშაო ადგილებს და სხვადასხვა ბიზნესიდან გადასახადების შემცირება ამის დადასტურებაა და, რაც მთავარია, ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები და მეორე ტურში ამომრჩეველთა 82 %-მა ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს და მხოლოდ 18 %–ის მიერ იქნა მერი არჩეული“.
გასულ წელს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და ეკონომიკური პრობლემების წელს უწოდებენ ქუთაისელი რესპონდენტები. მათი უმრავლესობა 2018 წელს განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ელოდება. ნაწილს ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ კონკრეტული წინადადება აქვს, ნაწილი კი დასაქმებას, მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად ინვესტორების მოზიდვას, ტურიზმის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და მომსახურების სფეროს გაუმჯობესებას ითხოვს:
„ვფიქრობ, ამ წელს მაინც შეძლებენ ოდესღაც დაწყებული გზის საფარის დასრულებას. რაც შეეხება სხვა სურვილებს, 2018-ში მინდა მეტმა ახალგაზრდამ იპოვოს საკუთარი თავი ამ ქალაქში, არ წავიდეს ამ ქალაქიდან, შეიქმნას დასაქმების ადგილები, რადგან, როდესაც ტოვებს ქალაქს ახალგაზრდობა, ეს ქალაქის განვითარებაზე კარგად არ აისახება“.
„ყველაზე ძველი ქალაქების ათეულში შედის ქუთაისი და ამიტომ უნდა შეიქმნას ქალაქის ბრენდი, რომელიც იქნება ვიზიტორთა მოსაზიდი და განმასხვავებელი, არა მარტო ტრადიციებთან გაიგივებული, არამედ სიახლესთან, ნოვატორულ იდეებთან დაკავშირებული“.
„ვერ ვხედავ ისეთ გეგმებს და სტრატეგიას, რომელიც ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს. გასულ წლებში ყოველთვის პრობლემა იყო დასაქმება და ახალგაზრდებისთვის ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, ალბათ, რათა ქალაქში დარჩნენ. ყველა მიდის, რადგან ვერ ხედავენ რეალურ პერსპექტივას“.
„კარგია გზებიც, ფასადებიც, ტურიზმიც, მაგრამ ჯერ მნიშვნელოვანია მოსახლეობის დასაქმება - პატარა წარმოებები რომ იყოს და ჩვენ შევქმნათ ხარისხიანი“.
ქუთაისელები ჯერჯერობით შეუსრულებელ დაპირებად მიიჩნევენ ქალაქისთვის საგანმანათლებლო ცენტრის სტატუსის მინიჭებას. ქუთაისში 60 ათას სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა ჯერჯერობით არ დაწყებულა.