აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმზე გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, სადაც 2016 წელს მსოფლიოს ქვეყნებში ამ მხრივ არსებული მდგომარეობაა ასახული. ანგარიშში საუბარია სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ტერორისტულ საფრთხეებსა და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე. საქართველოს შესახებ ქვეთავში ვკითხულობთ, რომ, მიუხედავად ოკუპირებული რეგიონების არსებობისა და მკაცრი რელიეფის, რომელიც საზღვრების სათანადოდ დაცვის შესაძლებლობას ზღუდავს, საქართველოში გაუმჯობესებულია საზღვრის უსაფრთხოება. ანგარიშში ხაზგასმულია ასევე, რომ საქართველო შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორია და მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 19 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში მსოფლიოში ტერორიზმის შესახებ აღნიშნულია, რომ 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, ტერორისტული შეტევების რიცხვი 9 %-ით, ხოლო ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13%-ით შემცირდა. 2016 წელს ტერორისტული აქტები მსოფლიოს 104 ქვეყანაში განხორციელდა, მათგან ნახევარზე მეტი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ერაყი, ავღანეთი, ინდოეთი, პაკისტანი და ფილიპინები, „ისლამური სახელმწიფო“ კი კვლავ რჩებოდა მთავარ ტერორისტულ საფრთხედ მსოფლიოსათვის.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში სხვა ქვეყნების გვერდით საუბარია საქართველოზეც, რომელიც, ანგარიშის თანახმად, ჩართულია ანტიტერორისტულ გლობალურ კამპანიაში და რჩება ამერიკის შეერთებული შტატების სოლიდურ პარტნიორად უსაფრთხოების მხრივ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ მიაღწია გარკვეულ პროგრესს ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ საშინაო პროგრამის იმპლემენტაციის კუთხითაც და რომ 2016 წელს ის განაგრძობდა ანტიტერორისტული კანონმდებლობის გაძლიერებას, შედეგად კი დღეს მას აქვს მტკიცე საკანონმდებლო სისტემა ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულთან ბრძოლაში.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი შორენა ლორთქიფანიძე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ, ანგარიშის თანახმად, გლობალურ დონეზე შედარებით შემცირებულია ტერორისტული აქტების რაოდენობა და საინტერესოა ისიც, რომ მნიშვნელოვნად შემცირებულია ტერორისტულ საქმიანობაში მოხალისეების ჩართვა როგორც ევროპის ქვეყნებიდან, ისე ამერიკიდან. ანგარიშში დიდი ადგილი ეთმობა ე.წ. „რბილი ძალის“, მედიის გამოყენების მნიშვნელობას ტერორიზმთან ბრძოლაში, რაც, შორენა ლორთქიფანიძის აზრით, შედარებით ახალი ტენდენციაა ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. რაც შეეხება საქართველოს ნაწილს, შორენა ლორთქიფანიძე გვეუბნება, რომ საკმაოდ საინტერესო აქცენტებია დასმული საქართველოს ქვეთავში ე.წ. ფინანსური ტერორიზმის საკითხებზე - შეფასებულია ტერორიზმის დაფინანსების შესაფერხებლად სხვადასხვა ქვეყნის მიერ გატარებული ღონისძიებები და განსაკუთრებით ხაზგასმულია საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების საკითხი:
„საზღვრის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის, რადგან ჩვენი საზღვრის დიდი ნაწილი მიუვალ. ე.წ. მწვანე საზღვარზე გადის და ამ ტერიტორიის კამერებით აღჭურვის თვალსაზრისით, იმით, რომ ყველა გამშვებ პუნქტთან არსებობს ტერორისტთა სიები და ყველა სხვა მონაცემთა ბაზა, რაც ქართველი მოსაზღვრეებისთვის არის ხელმისაწვდომი, ამერიკელების დიდი დახმარების შედეგია. ეს კი, თავის მხრივ, არის იმის შედეგი, რომ საქართველო არის წევრი არაერთი საერთაშორისო შეთანხმებისა და, აი, სულ ახლახან, გაზაფხულზეც, ინფორმაციის გაცვლის შესახებ აშშ-თანაც ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა“.
ანგარიშში საუბარია ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ საფრთხეებსა და ორმაგი დანიშნულების პროდუქტის ექსპორტზე და ამ მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებაზე. შორენა ლორთქიფანიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ შეფასებები ამ კუთხითაც დადებითია, რაც აიხსნება იმით, რომ საქართველოს 2014 წლიდან აქვს ახალი, საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული კანონმდებლობა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც შორენა ლორთქიფანიძე გვესაუბრება, არის პანკისის ხეობა და იქ არსებული შესაძლო საფრთხეები, რაც ასევე მოხვდა ანგარიშში:
„ალბათ, მომავალი წლის ანგარიშში კარგად გამოჩნდება, რომ საქართველოდან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მიერთებულ ადამიანთა რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია. პიკი ასეთი შემთხვევებისა იყო 2015 წელს. წელს სურათი შეცვლილია“, - გვითხრა შორენა ლორთქიფანიძემ და დაამატა, რომ ეს არის ერთობლივი მრავალწლიანი მუშაობის შედეგი, რომლის ეფექტიანობაზეც დღეს ლაპარაკობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რაც იმედს უსახავს საქართველოსაც:
„ცხადია, ჩვენთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებისათვის, იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ ქვეყანა ადეკვატურ ზომებს იღებს და მთლად მოწყვლადი არ არის ტერორიზმის მიმართ“.
როგორც ჩანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მართებულად მიიჩნევს იმას, რომ მთავარი ბრძოლა ტერორიზმთან საქართველოს ტერიტორიაზეც ძირითადად კონცენტრირებული იყოს ერთი სპეცსამსახურის ირგვლივ, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...ბადრი ნაჭყებია
ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის დირექტორი ბადრი ნაჭყებია საყურადღებოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ აშშ ამ ანგარიშში დადებითად აფასებს საქართველოს სპეცსამსახურების საქმიანობას, კონკრეტულად კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობას და იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც საქართველოში ბოლო წლებში განხორციელდა:
„როგორც ჩანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მართებულად მიიჩნევს იმას, რომ მთავარი ბრძოლა ტერორიზმთან საქართველოს ტერიტორიაზეც ძირითადად კონცენტრირებული იყოს ერთი სპეცსამსახურის ირგვლივ, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის. მის როლს, მის აღჭურვილობას, მის მოქმედებას ის აფასებს საკმაოდ დადებითად, ისევე როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ მიღებულ კანონმდებლობას“.
ბადრი ნაჭყებია გვიზიარებს თავის შიშსაც და გვეუბნება, რომ რადგან საქართველო გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონს მიეკუთვნება, ვერც ის იქნება დაცული, როგორც დანარჩენი მსოფლიო, არაორდინარული ტერორისტული აქტებისგან - ე.წ. ინდივიდუალური ტერორისტული აქტებისგან - და ამ მხრივ მუდმივად სიფხიზლეა საჭირო. ბადრი ნაჭყებია აცხადებს ასევე, რომ ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით მხოლოდ პანკისის ხეობისკენ არ უნდა იყოს მიმართული სახელმწიფოს ყურადღება.საფრთხის წინაშე შესაძლოა დადგეს სხვა კუთხეებში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობაც, რომელთა გამოყენებით, გამორიცხული არ არის, დაინტერესებული ძალები რადიკალური იდეოლოგიის გავრცელებას შეეცადონ.
ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც მონაწილეობს საერთაშორისო სამხედრო მისიებში, მათ შორის ავღანეთში, სადაც 870 ქართველი სამხედრო მსახურობს.