აგროდაზღვევის კულტურის დანერგვის მცდელობა საქართველოში

საქართველოში აგროდაზღვევის კულტურის დამკვიდრებამდე ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი დროა. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაშია ჩართული, დაზღვევის ეს სახეობა საერთოდ არ გვხვდება მზღვეველთა მიერ შემოთავაზებულ პაკეტებში. არადა, ყოველ გაზაფხულზე თუ ზაფხულში არაერთხელ მიგვისმენია ფერმერთა თუ მცირემიწიან გლეხთა ჩივილი იმის შესახებ, რომ სხვადასხვა პრობლემების გამო ნათესები ან მოსავალი გაუნადგურდათ. საკმაოდ ხშირია ამ მიზეზით კრედიტების გასტუმრებასთან დაკავშირებული პრობლემებიც.

სწორედ აგროდაზღვევის კულტურის დამკვიდრებას ემსახურება პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტომ 2014 წლის პირველ სექტემბერს დაიწყო. ადრეც გვითქვამს, რომ პროგრამა ერთწლიანია, მისი ბიუჯეტი 5 მილიონ ლარს შეადგენს და ფერმერებს სადაზღვევო პრემიის 70%-დან 95%-მდე სუბსიდირებას სთავაზობს.

მარტივად რომ ითქვას, თუ თქვენ დაზღვევისთვის გადასახდელი გაქვთ 100 ლარი, სახელმწიფო 70 ან 95 ლარს იხდის (სახეობების მიხედვით), დარჩენილ თანხას კი თქვენ გადაიხდით. ამასთან, სახელმწიფო სუბსიდირების მაქსიმალური ლიმიტი კერძო ფერმერებისთვის 30 ათასი, ხოლო კოოპერატივებისთვის 50 ათასი ლარია. პროგრამაში ხუთი სადაზღვევო კომპანიაა ჩართული: ”ჯიპიაი ჰოლდინგი”, ”ალდაგი ბისიაი”, ”აისი ჯგუფი”, ”ქართუ ჯგუფი” და ”ირაო”.

ზოგადად, ცნობილი ამბავია, რომ აგროდაზღვევა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა - სახეობების მიხედვით სადაზღვევო პრემია (ანუ მოსავლის დასაზღვევად გადასახდელი თანხა) მოსავლის სავარაუდო ღირებულების 8 პროცენტიდან 16 პროცენტამდე შეიძლება მერყეობდეს. აქ უკვე გლეხსა და წლების განმავლობაში მოყვანილი მოსავლის სტატისტიკაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეფასდება მიწაზე მოსაყვანი პროდუქციის მოცულობა. თითოეული კულტურის კილოგრამზე სახელმწიფოს მიერვე არის განსაზღვრული ფასები. მაგალითად, 1 კილოგრამი ხორბალი 56 თეთრადაა შეფასებული, 1 კილოგრამი ლობიო - 1,80 ლარად, ყურძენი -1,2 ლარად, მოცხარი - 3,36 ლარად, კაკალი - 4,2 ლარად და ა.შ.

სხვადასხვა კულტურის მიხედვით, დაზღვევის ტარიფი ასეთია: ხორბალზე, ქერზე, სიმინდზე სადაზღვევო პრემია 8 პროცენტია და სახელმწიფო აქედან 6 პროცენტს ფარავს; სხვადასხვა ბაღჩეულსა და ბოსტნეულზე - 12 პროცენტი, სახელმწიფოს მხრიდან 8 პროცენტის დაფარვით; ყველაზე ძვირი საზამთროსა და ნესვის კულტურების დაზღვევაა - 16 პროცენტი, საიდანაც სახელმწიფო 10 პროცენტს ფარავს; კენკროვანი და სუბტროპიკული კულტურების დაზღვევა საშუალოდ 14 პროცენტი ჯდება, 10-პროცენტიანი სახელმწიფო თანადაფინანსებით.

მაგალითად, თუ ბოლო წლების მანძილზე ფერმერის მიერ მოყვანილი მანდარინის ფასი 20 000 ლარის ფარგლებში მერყეობდა, მის დასაზღვევად სეზონზე 2 200 ლარის გადახდა იქნება საჭირო. ანუ სადაზღვევო პრემია 11 პროცენტია და აქედან 8 პროცენტს სახელმწიფო ფარავს. ცხადია, რომ საკმაოდ ძნელია გლეხი დაარწმუნო ამ არცთუ მცირე თანხის გადახდის აუცილებლობაში. სწორედ ამიტომ, მთავრობის მიერ დაწყებული პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტო 1 600 ლარს თავად დაფარავს, მაგრამ 600 ლარი გლეხის გადასახდელია და მან უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა ამ თანხის გაღება სიმშვიდისთვის.

სიმშვიდისთვის, რადგან საშემოდგომო ყინვის, სეტყვის, ჭარბი ნალექისა და ქარიშხლის შემთხვევაში დაზღვეული პირის დანაკარგს სადაზღვევო კომპანია სრულად - 100 პროცენტით - აანაზღაურებს. დასაზღვევ უსიამოვნებებს შორის არ არის გვალვა. როგორც სააგენტოში განმარტავენ, გვალვის დაზღვევა კიდევ უფრო ძვირი სიამოვნებაა და მისი თავზე აღება კომპანიებისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც ამ ეტაპზე საკმაოდ რთული იქნებოდა.

პროექტის წარმატება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი ფერმერი ან გლეხი გადაწყვეტს მასში ჩართვას. ხელის შემშლელი პირობები შეიძლება იყოს მიწის საკუთრების გაურკვევლობა, რის გამოც დაურეგისტრირებელ მიწაზე მისაღები მოსავლის დაზღვევას ფერმერი, ცხადია, ვერ შეძლებს. ზოგისთვის შესაძლოა მოსავლის შეფასების წესი იყოს მიუღებელი, სხვისთვის - სადაზღვევო პრემია და ა.შ.. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ერთჯერადი პროექტი საკმარისი არ იქნება დაზღვევის კულტურის დასამკვიდრებლად და იმისათვის, რომ მიწათმოქმედები საქართველოში მისაღები მოსავლის მთლიანად საკუთარი რესურსით დასაზღვევად განაწყოს. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა საპილოტე პროექტი საკმაოდ სწორი ტენდენციის დამკვიდრებას ცდილობს და მისი წარმატება საქართველოს სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, მართლაც, მნიშვნელოვანი იქნება.