პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სამი სააფთიაქო ქსელი „ავერსი-გეოფარმი“,„პსპ“ და „სახალხო აფთიაქი“ დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველი გახდა, ფარმაცევტული კომპანიების მიერ, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მომსახურე პერსონალისა და მომხმარებლების საუბრის აუდიო ჩანაწერების არაპროპორციული და არამართლზომიერი წარმოება, რითაც ირღვეოდა როგორც მომხმარებელთა, ასევე მომსახურე პერსონალის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. რა პასუხი აქვთ ფარმაცევტულ კომპანიებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საჯარიმო სანქციაზე, ნინო ხარაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ.
იმის შესახებ, რომსამ სააფთიაქო ქსელში „ავერსი-გეოფარმში",„პსპ"-სა და „სახალხო აფთიაქში" დახლზე განთავსებული მიკროფონის საშუალებით მომხმარებელთა და ფარმაცევტთა საუბრის ჩაწერა წარმოებდა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მოქალაქის განცხადების საფუძველზე გახდა ცნობილი. როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე ნიკა ბრეგვაძე ამბობს, ჩაწერა ხორციელდებოდა 24 საათის განმავლობაში, მათ შორის, ჩანაწერებში ხვდებოდა ფარმაცევტთა პირადი და სატელეფონო საუბრებიც. გამოვლინდა, რომ სააფთიაქო ქსელის4 ათასამდე თანამშრომელი ექცეოდა ამ აუდიო- ვიდეო მონიტორინგის ქვეშ.
მართალია, ნიკა ბრეგვაძის განცხადებით, აუდიო ჩაწერის გამაფრთხილებელი სტიკერები დახლთანაც იყო განთავსებული, მაგრამ, როდესაც მომხმარებლები გამოიკითხა აღქმადობის თაობაზე, გამოვლინდა, რომ ისინი ვერ აცნობიერებდნენ, თუ იქ მათი ჩაწერა ხორციელდებოდა. ნიკა ბრეგვაძის თქმით, საგულისხმოა,რომ რეგიონებში, ძირითადად, ამ სამი კომპანიის აფთიაქებია წარმოდგენილი და მომხმარებელს არჩევანის საშუალებაც არ აქვს.
„ამ ფორმით, ანუ აუდიო ჩაწერით, მითუმეტეს, მაშინ, როცა მომხმარებელთა ნაწილს აქვს ლოიალურობის, ანუ მომხმარებლის ბარათები, რომელშიც მომხმარებლების სახელი და გვარიც კი არის იდენტიფიცირებული, ეს არ ჩაითვალა პროპორციულად და ადეკვატურად, ვინაიდან მომხმარებლის და დასაქმებულთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ირღვევა. მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ მოცულობით და პროპორციულობით, რაც საჭიროა კონკრეტული მიზნის მისაღწევად. ამ შემთხვევაში, დაირღვა ეს პროპორციულობის და ადეკვატურობის პრინციპი, რადგანაც იგივე მიზნის მიღწევა შესაძლებელია სხვა საშუალებებით, რომლითაც არ ხდება ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა“.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილის, ნიკა ბრეგვაძის თქმით, პირველ რიგში, ირღვეოდა კონფიდენციალურობის განცდა, როცა ადამიანი აფთიაქში ყიდულობს გარკვეულ პრეპარატს და, ასევე, ჯანმრთელობის შესახებ კონფიდენციალურობის პირდაპირი ან ირიბი დარღვევა ხდებოდა.
როგორც „სახალხო აფთიაქის“ დირექტორი არჩილ მორჩილაძე ამბობს, მისთვის „მოულოდნელი იყო ასეთი მკაცრი რეაგირება“. მისი თქმით, კომპანია მაქსიმალურად ცდილობდა დაეცვა კანონის მოთხოვნები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საჯარიმო სანქციებსა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით კი, იურისტებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„ჩვენ, სავარაუდოდ, შეიძლება გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება თვითონ რეკომენდაციებს, ჩვენ შევხვდით მათ წარმომადგენლებს, მოვუსმინეთ, მაქსიმალურად ვიცავდით კანონის მოთხოვნებს და, ჩვენი აზრით, ვიცავთ კიდევ, მაგრამ რადგან ეს კანონი ახალია, ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა იყო, თუმცა, მათი მხრიდან მაინც ჩაითვალა, რომ გარკვეული მოთხოვნები არ იყო დაცული“.
შპს „ავერსი გეოფარმის“ დირექტორი გია ჩიგოგიძე გაოცებულია პერსონალურ მონაცემდა დაცვის ინსპექტორის ამ გადაწყვეტილებით. მისი თქმით, „ასეთი პომპეზური რეაგირებით ისე გამოჩნდა, თითქოს გრანდიოზული დარღვევები აღმოჩნდა სააფთიაქო ქსელში“. გია ჩიგოგიძის განცხადებით, „ავერსი“ კანონმორჩილი კომპანიაა, რომელიც უკვე 20 წელია ბაზარზე მომხმარებელთა მომსახურების ხარისხზე ზრუნავს და, შესაბამისად, კომპანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს და სასამართლოში ეცდება იმის დამტკიცებას, რომ „მსგავსი ჩანაწერების გაკეთება ბიზნესის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი“:
„ჩვენ არანაირად არაპროპორციულად არ ვამუშავებთ იმ ინფორმაციას, რაც გვაქვს აფთიაქში, ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად პროპორციულია და კიდევ ერთხელ ვამბობ, გვინდა, რომ მომსახურების ხარისხი იყოს საუკეთესო, გამორიცხული იყოს და დაცული იყოს ჩვენი მომხმარებელი შეცდომისაგან, რომელიც შეიძლება ფარმაცევტს მოუვიდეს საქმიანობის დროს“.
პსპ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ნათია ხაბეიშვილის განმარტებით, აუდიო მონიტორინგი კანონის დაცვით მიმდინარეობს და ეს მონიტორინგი ხორციელდება მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად. წლების განმავლობაში კომპანიამ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მრავალი სხვა მეთოდი სცადა, მაგრამ ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა აუდიოჩანაწერების გამოყენება. ამასთან, ნათია ხაბეიშვილის თქმით, ამ ჩანაწერებიდან მომხმარებლების იდენტიფიცირება შეუძლებელია.
„ამ ჩანაწერით არანაირად არ ხდება მომხმარებლის იდენტიფიცირება, შესაბამისად, ის არ იძლევა არანაირ პირად ინფორმაციას და მათი გამოყენება გასაჯაროებისთვის ვერ მოხერხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვყავდა ფარული მომხმარებლები, ადგილზე დამკვირვებლებიც, არც ერთი ეს მეთოდი არ იყო ისეთი ეფექტური, როგორიც არის აუდიო ჩანაწერის გაშიფვრა, რომელშიც აბსოლუტურად გასაგებად ჩანს, როგორი მომსახურების ხარისხი გააჩნია თითოეულ ჩვენს თანამშრომელს“.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ფარმაცევტული კომპანიები 500-500 ლარით დააჯარიმა და მათ ჩანაწერების განადგურება დაავალა პირველ ივლისამდე.