ადიგენის მუნიციპალიტეტში ბრუცელოზი ყოველდღიურად ვრცელდება. დაავადება დაფიქსირდა როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში. ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბრუცელოზი სოფელ უდეში 1 ადამიანს დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მცხოვრები გიორგი გიგოლაშვილის 3 სული პირუტყვიდან ბრუცელოზი მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა. ამბობს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ცხოველებს ბრუცელოზზე ანალიზი სექტემბრის ბოლოს გაუკეთეს, რის შემდეგაც მათგან დადებითი პასუხი მიიღო. გიორგი გიგოლაშვილი ამბობს, რომ დაავადებულ პირუტყვს ასპინძის სასაკლაოზე ჩააბარებს, რადგან ხორცის შინაურ პირობებში გამოყენება შეიძლება სახიფათო იყოს.
ბრუცელოზი აღმოაჩნდა მერაბიშვილების კუთვნილ 4 სულ პირუტყვსაც. ოჯახის წევრების თქმით, ცხოველებს დაავადების ნიშნები გარეგნულად არ ემჩნეოდათ, თუმცა ლაბორატორიულმა შემოწმებამ ბრუცელოზი მათაც დაუდასტურა. გიგოლაშვილების მსგავსად, თამარ მერაბიშვილიც ასპინძის სასაკლაოზე აპირებს დაავადებული ცხოველების ჩაბარებას.
ადიგენის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების ბრუცელოზზე შემოწმება ორი ოქტომბრიდან დაიწყო. აღნიშნული ზონიდან ახალციხის ზონალურ–დიაგნოსტიკურ ცენტრში სისხლის 410 სინჯი ჩააბარეს. სოფელ უდის მკვიდრი თემურ ყულჯანიშვილი პირუტყვს საძოვარზე აღარ აბალახებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო ბრუცელოზის გამოსავლენად სისხლის ნიმუშების აღებას მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებდა. მათი ინფორმაციით, დაავადების გავრცელების ყველაზე მეტი შემთხვევა სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში დაფიქსირდა. მარტო მესხეთში მათ 8 200–ზე მეტი სინჯი აიღეს, საიდანაც 220 შემთხვევა ბრუცელოზზე დადებითად მორეაგირე იყო, – აცხადებს მედიასთან საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, საქართველოს მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე.
ადიგენის მუნიციპალიტეტში ბრუცელოზის ცხოველებიდან ადამიანებზე გავრცელების შემთხვევაც დაფიქსირდა. ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, მათთან ინფორმაცია 7 საეჭვო შემთხვევაზე შევიდა. აქედან ბრუცელოზი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. 4 სავარაუდოა, დანარჩენ ორს არ აღმოაჩნდა.