ადიგენის მუნიციპალიტეტში მუსლიმი მრევლი კიდევ ერთი მოთხოვნით გამოდის. სოფელ ჭელაში მინარეთის დადგმის შემდეგ, ადგილობრივები ახლა სოფელ მოხეში კულტურის სახლის მათთვის გადაცემას მოითხოვენ. სოფლის მუსლიმმა მოსახლეობამ აქცია მას შემდეგ გამართა, რაც მშენებელმა კომპანიამ მოხის ცენტრში მდებარე შენობის დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებითა და მოხის მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნით, ამ ადგილზე კულტურის სახლი უნდა აშენდეს. მოხის მუსლიმი მრევლი ირწმუნება, რომ აღნიშნული შენობა მეჩეთია და მისი კულტურის ცენტრად გადაკეთებას არავის დაანებებს. აქციის მონაწილეებმა მუშებს დემონტაჟის უფლება არ მისცეს.
მუშების წასვლამ სოფელში დაპირისპირება გამოიწვია. მოხის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ თანასოფლელების ქმედება გააპროტესტა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. სოფელში გამართულ აქციებზე სიტუაციას სამართალდამცავები აკონტროლებდნენ. მოხეში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი კულტურის სახლის რეაბილიტაციას ითხოვს.
სოფელ მოხის ცენტრში მდებარე შენობის რეაბილიტაციისათვის ტენდერი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 1 სექტემბერს გამოაცხადა. მუსლიმი თემისათვის შენობის გადაცემის მოთხოვნით, სრულიად საქართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ ადიგენის მუნიციპალიტეტს 2014 წლის 30 მაისს მიმართა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ირწმუნება, რომ შენობას კულტურის სახლის სტატუსი აქვს და მისი შეცვლა ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეუძლია.
სოფელ მოხის სადავო შენობაზე სამუშაოებს ადიგენში მცხოვრები ინდივიდუალური მეწარმე ბექა ტაბიძე ახორციელებს. მან გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და 18 ოქტომბერს მუშაობაც დაიწყო, თუმცა მოხის მუსლიმი მოსახლეობის პროტესტის გამო იძულებული გახდა სოფელი დაეტოვებინა. მოხის ცენტრში არსებული შენობის კულტურის სახლად გადაკეთებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 52 ათას ლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი. კულტურის სახლის ასაშენებლად კომპანიას ორი თვის ვადა აქვს, – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი ზურაბ ტაბიძე.
მოხეში შენობის რეაბილიტაციის მცდელობას დაპირისპირება მხოლოდ სოფლის მცხოვრებლებს შორის არ გამოუწვევია. შექმნილი ვითარების გამო სრულიად საქართველოს მუფთს ჭელის მეჩეთის წინამძღვარი დაუპირისპირდა. ჯამბულ აბულაძე ჯემალ პაქსაძეს მთავრობასთან გარიგებაში სდებს ბრალს, სამცხე–ჯავახეთის მუფთი კი ირწმუნება, რომ მოხის შენობის გადაცემის პირობა მუსლიმებს თავად პრემიერმა მისცა.