ადიგენის გამგებლობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის

ადიგენი

დაპირისპირება ,,ქართული ოცნების“ ადიგენის შტაბში. მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ კოალიციის წარმომადგენლებმა უკვე მესამედ გამართეს აქცია. ისინი გამგებლის თანამდებობაზე ლევან ლობჟანიძის დანიშვნას მოითხოვენ, თუმცა „ქართული ოცნების" ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი სხვა კანდიდატურას ასახელებს. რამდენი კანდიდატი იბრძვის ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობისთვის და რა მიზეზით მოხდა განხეთქილება შტაბში?

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ კოალიციის აქტივისტებმა 17 დეკემბერს კიდევ ერთხელ მოიყარეს თავი. მათ გააპროტესტეს ,,ქართული ოცნების“ ადიგენის შტაბის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება, გამგებლის პოსტზე მამუკა კუხალეიშვილი დაინიშნოს. აქტივისტების ერთი ნაწილი გამგებლად ლევან ლობჟანიძის დანიშვნას მოითხოვს. თინიკო გოგრიჭიანი განმარტავს, რომ ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელობა უსამართლოდ მოიქცა და გამგებლის თანამდებობაზე კანდიდატურა მათი აზრის გაუთვალისწინებლად წარადგინა.

,,ქართული ოცნების“ აქტივისტთა მესამე ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიძინა გუჯაბიძემ გადაწყვეტილება სწორად მიიღო. შტაბის წევრების მიერ გამართულ აქციას ისინი უკანონოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ის, რაც ხდება, კოალიციის მიზნებში არ შედის. ლევან ბერიძის თქმით, გამგებლის პოსტზე ვინ დაინიშნოს, არა ხალხმა, არამედ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და საკრებულოში შექმნილმა ფრაქციამ უნდა გადაწყვიტოს. შესაბამისად, აქტივისტებმა არჩეული კანდიდატურა უპრობლემოდ უნდა მიიღონ.

,,ქართული ოცნების“ აქტივისტების მეორე ნაწილი გამგებლის პოსტზე ინა კაპანაძის კანდიდატურას ემხრობა. ვიდრე ადიგენის მუნიციპალიტეტის პირველი პირის თანამდებობაზე კუხალეიშვილისა და ლობჟანიძის კანდიდატურები განიხილებოდა, გამგებლის პოსტზე საინიციატივო ჯგუფმა სწორედ ინა კაპანაძე წარადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მოქმედ გამგებელს, სიმონ პარუნაშვილს, ჯერ გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება არ დაუწერია, კოალიციის ადიგენის შტაბის ხელმძღვანელმა საკუთარი კანდიდატურა გამგებლის პოსტზე უკვე წარადგინა. ბიძინა გუჯაბიძე ამ თანამდებობაზე მამუკა კუხალეიშვილს უჭერს მხარს. კუხალეიშვილი განმარტავს, რომ იგი მოსახლეობის ნდობით სარგებლობს.

,,ქართული ოცნების“ ადიგენის შტაბში დაპირისპირება გამგებლის კანდიდატურამ გამოიწვია. აქტივისტთა ნაწილს მამუკა კუხალეიშვილის კანდიდატურა მოსწონს, მეორე ნაწილი უპირატესობას ლევან ლობჟანიძეს ანიჭებს, ხოლო კიდევ ერთი ჯგუფი ინა კაპანაძეს ემხრობა. ამ დროისათვის ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევანის გაკეთება ინა კაპანაძეს, ლევან ლობჟანიძესა და მამუკა კუხალეიშვილს შორის მოუწევს.