რამდენად ადაპტირებულია ქუთაისის საარჩევნო უბნები შშმ პირებისთვის?

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გასულ წლებთან შედარებით, ქალაქში გაიზარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული უბნების რაოდენობა და პანდუსი აქვს შენობების უმრავლესობას, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიები მუშაობენ. ქუთაისში არსებული 123 უბნიდან ამჟამად არაადაპტირებულ შენობაში ფუნქციონირებს 20 საარჩევნო უბანი. სოფიო ჭელიძეს წლების წინ მიღებული ტრავმის გამო უჭირს კიბეზე ასვლა და შენობაში შესასვლელად პანდუსს ამჯობინებს. როგორც თავად ამბობს, დახრილ ზედაპირზე გადადგილება მისთვის უფრო მარტივია. სოფიო ჭელიძის დაკვირვებით, ახლად აშენებულ შენობებში პანდუსი მეტ-ნაკლებად მოწყობილია, ძველი ნაგებობები კი მთლიანად არაადაპტირებულია, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დიდი ბარიერია.

Your browser doesn’t support HTML5

რამდენად ადაპტირებულია ქუთაისის საარჩევნო უბნები?

„როცა კიბეს არა აქვს ორი სახელური, ძალიან მიჭირს ასვლა და თუ ვხედავ, რომ არის პანდუსი, ვცდილობ ვისარგებლო და გადავაადგილდე. სადაც ახალი აშენებული შენობებია, იქ პანდუსები არის, მაგრამ ძველ შენობებში არ არის ძირითადად. მე კიდე ჯოხით გადავაადგილდები, მაგრამ ვინც ეტლში ზის მისთვის ძალიან დიდი პრობლემაა“, – ამბობს სოფიო ჭელიძე.

საარჩევნო უბანზე მისასვლელად და ხმის მისაცემად დამხმარე სჭირდება მირიან გოგებაშვილს. მისი თქმით, არაადაპტირებული გარემო ეტლით მოსარგებლეებს საარჩევნო უფლებას უზღუდავს.

„ამ ეტაპზე, რომელ საარჩევნო უბნებთანაც შეხება მქონდა და რაც ვიცი პირადად მე, არც ერთი არ იყო ადაპტირებული. მათ შორის ერთ-ერთი, ჩემი ბინის წინ რომელიც არის და სადაც მე ხმას ვაძლევ, იქ რამდენიმესაფეხურიანი კიბეა და ვინც ეტლით სარგებლობს და ან აქვს გადაადგილების პრობლემა, მათთვის ასვლა შეუძლებელია დამხმარის გარეშე“, – აცხადებს მირიან გოგებაშვილი.

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ავთანდილ ოსეფაიშვილის, განცხადებით, გასულ წელს მერიას ჰქონდა ვალდებულება შენობები პანდუსებით აღეჭურვა, თუმცა ზოგიერთი საარჩევნო უბნის გასახსნელად შენობას კერძო პირებისგან ქირაობენ და ისინი ვალდებულნი არ არიან პანდუსი მოაწყონ:

„შარშან ადგილობრივ ხელისუფლებას ჰქონდა ვალდებულება, რომ საარჩევნო უბნები აღეჭურვა შესაბამისი პანდუსებით. რა თქმა უნდა, გაკეთდა, მაგრამ საკმარისი ნამდვილად არ არის. ჩვენი მიზანია და საერთოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებულია, რომ ყველა საარჩევნო უბანი იყოს მარტივად ადაპტირებული ან პანდუსით აღჭურვილი, რათა ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს შეეძლოს მისვლა და თავისი კონსტიტუციური უფლების განხორციელება“.

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ავთანდილ ოსეფაიშვილის, ინფორმაციით, საარჩევნო უბნები ადაპტირებულია სხვა შეზღუდვის მქონე პირთათვის. მაგალითად, უსინათლო ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენის შესავსებად საჭირო ჩარჩო ბრაილის შრიფტით ყველა უბანზე დახვდება, მცირედმხედველთათვის კი განკუთვნილია გამადიდებელი ლინზა.

პარაოლიმპიური კომიტეტის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, მერაბ ქვარიანის, განცხადებით, საარჩევნო უბნებზე პანდუსების მოწყობა არასაკმარისია, რადგან სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებს უბნამდე მისასვლელად სჭირდებათ ტრანსპორტი, ხმოვანი შუქნიშნები და სხვა ინფრასტრუქტურა:

„ადაპტირებული გარემო მარტო პანდუსი არ არის, ადაპტირებული გარემო სჭირდება სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირს და, სამწუხაროდ, არ მოგვეპოვება ეს და ვერ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას“.

მერაბ ქვარიანის აზრით, გარემოს ადაპტაციაში, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საარჩევნო პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტიურად მონაწილეობას, ყველაზე მეტად ჩართული უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც მოქალაქეებთან ყველაზე ახლოს მდგომი ორგანო.