აფხაზეთიდან სამეგრელოში გადმომსვლელი მოსწავლეების რაოდენობამ იკლო

განმუხურის სკოლა

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწავლებლად გადმომსვლელი მოზარდების რაოდენობა ყოველ წელს იკლებს. ახალ სასწავლო წელს ადმინისტრაციული საზღვარი 31-მა მოსწავლემ გადმოკვეთა, მაშინ როცა გასულ წლებში მათი რაოდენობა 100-მდე მერყეობდა. როგორც ე.წ. მოსაზღვრე სოფლის სკოლების დირექტორები აცხადებენ, ეს გამოიწვია 2014 წლის დასაწყისში მიღებულმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც, მოსწავლეებს, მეექვსე კლასის ჩათვლით, ე.წ. სასაზღვრო ზოლის გავლა აეკრძალათ. მიზეზად დასახელდა ის, რომ განათლების მიღება აფხაზეთშიც არის შესაძლებელი და ამისთვის საზღვრის გადაკვეთა საჭირო არ არის.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის წყოუშის თემი ოკუპირებულ სოფელ საბერიოს ესაზღვრება. სოფლებს მავთულხლართები და ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი ყოფს. წყოუშის სკოლაში მოსაზღვრე საბერიოდან ადრე 60 მოზარდი მოდიოდა, ახლა კი 13 კვეთს პირობით საზღვარს. ახალი სასწავლო წლისთვის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა ყველა მათგანმა მოახერხა, თუმცა თანაკლასელებს გაკვეთილზე დაგვიანებით შეუერთდნენ. როგორც წყოუშის თემის სკოლის დირექტორი ვახტანგ გოგოხია აცხადებს, გამშვებ პუნქტთან მათი საბუთების გადამოწმებას გარკვეული დრო დასჭირდა. მისივე თქმით, მშობლებისა და მოსწავლეების ნაწილს აქვს მიზეზი, თუ რატომ არ სურთ აფხაზეთის სკოლებში სწავლა: „იქ ქართული მარტო ორი საათი ისწავლება. ეს უფროსკლასელი ბავშვები ვერ მეტყველებენ რუსულად კარგად, გაუჭირდებათ სწავლა და ამიტომაც ასე გადაწყვიტა აფხაზეთის ხელისუფლებამ“.

ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოსწავლეების რაოდენობა შემცირდა ზუგდიდის სოფელ განმუხურის სკოლაშიც, თუმცა ისე მკვეთრად არა, როგორც წყოუშის საგანმანათლებლო დაწესებულებაში. გასულ წელს აქ 18 ბავშვი გადმოდიოდა მოსაზღვრე სოფელ ოტობაიიდან, ფიჩორიდან და ნაკარღალიდან. წელს მათი რიცხვი ცამეტამდე შემცირდა.

„ხომ იცით იქური მდგომარეობა და გადაიყვანეს ბავშვები იქეთ. აბა, რა უნდა ექნათ? ძალიან გართულებულია გადაადგილება და რისკის ფასად ხომ ვერ წამოვლენ?“ - განუცხადა რადიო თავისუფლებას განმუხურის საჯარო სკოლის დირექტორმა ზურაბ ჯოლოგუამ.

გადაადგილებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული პრობლემები განმუხური-ოტობაიის პირობით საზღვართან მოსწავლეებს მარტში და აპრილში შეექმნათ. რუსმა მესაზღვრეებმა უფროსი კლასის მოსწავლეებს გადაადგილების უფლება მისცეს მხოლოდ სოფელ ოტობაიის გამშვები პუნქტით. ეს პირობითი საზღვარი კი სკოლიდან 6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ამიტომ აპრილის თვიდან მოზარდებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სახელმწიფო ტრანსპორტი ემსახურება. სკოლის დირექტორის განცხადებით, სწორედ ტრანსპორტის მომსახურებამ შეუნარჩუნა განმუხურის სკოლას ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული 13 მოსწავლე. განმუხურისა და წყოუშის თემისგან განსხვავებით, ზუგდიდის სოფელ ხურჩაში მცხოვრები მოზარდები პირობით საზღვარს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახვედრად კვეთდნენ იმ მიზეზით, რომ ხურჩის მოსაზღვრე სოფელ ნაბაკევის სკოლა ახლოსაა. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გასულ წელს მოსწავლეებს გადაადგილება აქაც აუკრძალა. მას შემდეგ ისინი ზუგდიდის სოფელ კოკის სკოლაში სწავლობენ, რომელიც ხურჩიდან 3 კილომეტრში მდებარეობს. მათაც სახელმწიფო ტრანსპორტი ემსახურება. კოკის სკოლის დირექტორ დალილა ჩიქავას განცხადებით, მშობლები და მოსწავლეები კოკის საგანმანათლებლო დაწესებულებით კმაყოფილნი არიან, თუმცა „თავის სკოლაში ურჩევნიათ მოსწავლეებს. რომ ყოფილიყო გადასვლა თავისუფალი, მაშინ წაიყვანდნენ მშობლები. ახლა მათ უმძიმეს პირობებში უწევთ გადაადგილება. მხოლოდ ღამის საათებში ახერხებენ გადასვლას“.

დალილა ჩიქავას განცხადებით, კოკის სკოლაში 17 ახალი მოსწავლეა. მათი ნაწილი ხურჩის მკვიდრია, ნაწილი კი ქართულ ენაზე განათლების მიღების მსურველი, ოკუპირებულ ნაბაკევში მცხოვრები.