როგორ დავისვენოთ აბასთუმანში?

აბასთუმანი

აბასთუმანში აქტიური დასვენების სეზონი მაისში, ე.წ. დამტვერვის, და შემდეგ უკვე ივლისის თვიდან იწყება. საოჯახო სასტუმროების ფასები 50-დან 120 ლარამდეა, კერძო ბინებში ერთი ღამის გათევა კი 20-დან 50 ლარამდე ღირს. კურორტზე ამჟამად მხოლოდ ორი ღია კაფე ფუნქციონირებს, პარკი 'როშა' კი ერთადერთი გასართობი ადგილია, სადაც დამსვენებელთა უმრავლესობა დადის. აბასთუმანში ჩასული ტურისტები არასათანადო პირობებსა და მაღალ ფასებზე ლაპარაკობენ.

ამჟამად კურორტზე 6 საოჯახო ტიპის სასტუმრო ფუნქციონირებს. დამსვენებლები ამბობენ, რომ, გასულ წელთან შედარებით, როგორც კერძო ბინების, ისე სასტუმროების ფასები გაზრდილია, პირობები კი კურორტზე ყოველ წელს უარესდება. შექმნილ პრობლემებს კარგად იცნობს აბასთუმნის ყოფილი რწმუნებული. გივი ყულჯანიშვილი ამბობს, რომ აბასთუმანში დღესდღეობით მხოლოდ კარგი ჰაერია. რაც შეეხება ინფრასტრუქტურასა და სერვისებს, იგი სასწრაფოდ გაუმჯობესებას საჭიროებს.

პარკი “როშა“ ერთადერთი ადგილია, სადაც გართობა შეიძლება. როგორც დამსვენებლები ამბობენ, ბავშვები აქ მხოლოდ მინდორში სირბილით, საკუთარი ველოსიპედით სეირნობითა და შადრევნის ცარიელ ავზში სირბილით ერთობიან. დამსვენებლებს ცხელ დღეებში აბასთუმნის აუზში შეუძლიათ გაგრილება. ერთი ადამიანისთვის აუზში საათ-ნახევრით შესვლა 5 ლარი ღირს. ადიგენის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული გამგებელი მომავალ გეგმებზე ლაპარაკობს. ზაქარია ენდელაძე აცხადებს, რომ არსებობენ პრეტენდენტები, რომლებიც აბასთუმნის მომავალზე იზრუნებენ.

ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს ხანებში დამსვენებლების რიცხვი მოიმატებს და მათი შემოსავალიც გაიზრდება. დამსვენებლები კი იმედოვნებენ, რომ მომავალი სეზონისთვის კურორტზე პირობები გაუმჯობესდება.