მთავრობები "ონლაინ-თავისუფლების" წინააღმდეგ

ამ კვირაში ადამიანის უფლებების დამცველმა ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ, „ფრიდომ ჰაუსმა“, გამოაქვეყნა ანაგარიში მსოფლიოში ინტერნეტის მოხმარების თავისუფლების შესახებ. ანგარიშის თანახმად, ტენდენცია უარყოფითია - ინტერნეტით სარგებლობის სფეროში დარღვევების რიცხვი მატულობს, მთავრობები სულ უფრო მეტად იყენებენ ბოროტად მათ ხელთ არსებულ საშუალებებს და ზღუდავენ მსოფლიო აბლაბუდის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელებას. თუმცა საქართველოში ვითარება გაუმჯობესებულია და განვითარების ტენდენციაც დადებითია.

„თავისუფლება ქსელში 2011“ - ასე ეწოდება ამ ანგარიშს, რომელშიც 37 სახელმწიფოა განხილული ინტერნეტით სარგებლობის ბარიერების, შინაარსობრივი ცენზურისა და მომხმარებელთა უფლებების დარღვევების შესახებ მონაცემებზე დაყრდნობით.

ამჟამად ინტერნეტი ჭეშმარიტ ბუმს განიცდის. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი გაორმაგდა. ასეთ პირობებში მთავრობებმაც გააძლიერეს ახალი მედიუმის მზარდი გავლენის წინააღმდეგ ზომები.

ანგარიშის თანახმად, ზოგიერთმა სახელმწიფომ პირველად უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დაიწყო ინტერნეტში პოლიტიკური კონტროლი. ისინი კი, რომლებიც ადრეც იყვნენ ამით დაკავებული, ახლა ბევრად უფრო აქტიურად მოქმედებენ და საამისოდ ახალ, უფრო სრულყოფილ მეთოდებსა და ბიუროკრატიულ საშუალებებს მიმართავენ.

გაეროსა და სხვა წყაროების მიერ დაფინანსებული ეს 410-გვერდიანი ანგარიში ძირითადად ემყარება ადგილებზე ჩატარებულ გამოკვლევებს. ეს რიგით მეორე ანგარიშია ამ სფეროში, საპილოტო პროექტი კი განხორციელდა 2009 წელს. პირველ ანგარიშში 15 ქვეყანა იყო განხილული. აქვე შევნიშნავ, რომ ამ 15 ქვეყნიდან 9-ში ვითარება გაუარესდა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში. წლევანდელ ანგარიშში განხილული ქვეყნების დიდი ნაწილი საპილოტო პროგრამაში არ მონაწილეობდა და, ამდენად, 2009 წელთან შედარება შეუძლებელია. მაგრამ ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნებში აშკარად შეინიშნება უარყოფითი ვექტორი ინტერნეტის თავისუფლების სფეროში.

განხილულ ქვეყნებს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით ეწერებათ ქულები. ცხრილის სათავეშია ესტონეთი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე თავისუფალ ქვეყნადაა მიჩნეული ინტერნეტის სფეროში. მეორეზეა შეერთებული შტატები, მესამეზე - გერმანია.

ინტერნეტი ყველაზე უფრო შეზღუდულია ბირმაში, კუბაში, ჩინეთსა და ტუნისში.

ირანი, ჩინეთი და რუსეთი აქამდე ჩატარებულ ორივე გამოკვლევაში მოხვდნენ იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც რეპრესიული მეთოდები ძლიერდება.

ანგარიშში საუბარია განვითარების ტენდენციებზე და სამომავლო პროგნოზებზე. მაგალითად, იმავე რუსეთის შემთხვევაში ნათქვამია, რომ, მართალია, ამ ქვეყანაში ამჟამად შედარებით თავისუფლად ხდება ინტერნეტით აზრის გამოხატვა და კომუნიკაცია, მაგრამ ის და კიდევ ოთხი ქვეყანა - ტაილანდი, იორდანია, ვენესუელა და ზიმბაბვე - იმყოფებიან 2011-2012 წლებში უკუსვლის საფრთხის წინაშე.
ვიღაც ბიჭებმა გააკეთეს პატრიარქზე პაროდია, რაც აიტაცა ჩვენმა ქრისტიანულმა საზოგადოებამ, უარყოფითი დამოკიდებულება იყო [ამ ფაქტის მიმართ]. და ალბათ ეს პიარისთვის გამოიყენეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ტექნიკურად შეძლეს ამ ავტორისთვის მიეკვლიათ და დაეჭირათ ...
მართალია, რუსეთში შედარებით თავისუფალია საჯარო დებატები და ფორუმები. გაიზარდა ასევე ინტერნეტით მოსარგებლეთა რიცხვიც, რაც ამ მედიუმის განვითარების აშკარა ნიშანია. მაგრამ ამავე დროს ხდება ოპოზიციური ვებსაიტების ბლოკირება, 17 თვის განმავლობაში 11 ბლოგერი დააპატიმრეს, არსებობს იმის საბუთები, რომ ხელისუფლება ფულს უხდის ინტერნეტის მომხმარებლებს, რათა ხელი შეუწყოს მმართველი პარტიის იმიჯის გაუმჯობესებას და ა.შ.

ანგარიშში წარმოდგენილი ზოგადი სურათი მეტყველებს, რომ მთავრობები სულ უფრო დახვეწილ მეთოდებს იყენებენ ინტერნეტის კონტროლისთვის.

მაგალითად, ჩინეთი, რომელსაც ინტერნეტის ყველაზე მრავალრიცხოვანი მომხმარებლები ჰყავს, ყოველ ღონეს ხმარობს - ხშირ შემთხვევაში დახვეწილი და დაფარული მეთოდებით, - რომ ხელი შეუშალოს ინტერნეტის მეშვეობით საზოგადოებაში უკმაყოფილების გაღვივებას. ამ მეთოდების ერთობლიობას რომ შედეგი მოაქვს, ამის კარგ მაგალითად გამოდგება ჩინელი ნობელის პრემიის ლაურეატი, ადამიანის უფლებების დამცველი ლიუ სიაბო, რომლის შესახებაც ჩინეთის მოსახლეობის 15 პროცენტზე ნაკლებია ინფორმირებული.

მეთოდები, რომლებითაც მთავობები ცდილობენ ხელი შეუშალონ ინტერნეტში ინფორმაციის თავისუფალ გავრცელებას, მრავალფეროვანია: ვებსაიტების ბლოკირება, ფილტრები, სამართლებრივი ზეწოლა, დაშინება.

იქ, სადაც ეს მეთოდები არაფექტიანია, ხელისუფლებები კიბერშეტევებს, დეზინფორმაციას და სხვა არაპირდაპირ მეთოდებს მიმართავენ საინფორმაციო ლანდშაფტის დასამახინჯებლად.

ამჟამად ინტერნეტი ჭეშმარიტ ბუმს განიცდის. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი გაორმაგდა. ეს მედიუმი იდეალური საშუალებაა ინფორმაციის სწრაფად გავრცელებისთვის. ის ქმედითი იარაღია სამოქალაქო ჟურნალისტიკისთვის, რომელიც არ არის მოქცეული ეტაბლირებული მედიაორგანიზაციების პოლიტიკის ჩარჩოებში.

მსოფლიოში ინტერნეტის როლის ზრდის პირობებში მთავრობებმაც გააძლიერეს ახალი მედიუმის მზარდი გავლენის წინააღმდეგ მიმართული ზომები.

„დეტალური გამოკვლევები ნათლად მეტყველებს, რომ ინტერნეტის თავისუფლება არ არის ნორმა,“ ამბობს „ფრიდომ ჰაუსის“ აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი. „არადემოკრატიული რეჟიმები მეტ ყურადღებასა და რესურსებს უთმობენ ინტერნეტით გამოხატვის ცენზურას და ჩარევის სხვა ფორმებს.“

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშიდან რამდენიმე ძირითად ტენდენციაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.

საანგარიშო პერიოდში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოხდა აფეთქება სოციალური ქსელების - ფეისბუკის, იუტუბის, ტვიტერის მოხმარების სფეროში. შესაბამისად მთავრობები დროდადრო კრძალავდნენ ამ ან მათ ეკვივალენტურ საიტებს.

რთულ ვითარებაში იყვნენ ბლოგერები. 37-დან 23-ში, მათ შორის რამდენიმე დემოკრატიულ ქვეყანაშიც, სულ ცოტა ერთი ბლოგერი ან ინტერნეტის მომხმარებელი დააპატიმრეს.
ახლა იმიტომაც არ ხდება ინტერნეტის მასშტაბური ცენზურა, რომ ძირითადი მოსახლეობა მაინც ტელევიზორზე არის მიჯაჭვული ...

ხელისუფლების მხრიდან ინტერნეტის კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა ინტერნეტის ცენტრალიზებული ინფრასტრუქტურის არსებობა, რომელიც მთავრობის კონტროლს ექვემდებარება. 37-დან 12 ქვეყანაში მთავრობები ინტერნეტის კონტროლისთვის სწორედ ასეთ სისტემას ეყრდნობიან.

რაც შეეხება საქართველოს, განხილულ 37 ქვეყანას შორის ის მე-12 ადგილზეა. მართალია, ინტერნეტის თავისუფლების მხრივ საქართველო 2009 წლის ანგარიშშიც და წლევანდელშიც საშუალოდ თავისუფალ კატეგორიაში მოხვდა. მაგრამ წინა ანგარიშთან შედარებით საგრძნობლად უკეთესი მაჩვენებლები აქვს ქულების მხრივ. ზოგადი ტენდენცია შეფასებულია, როგორც „საგრძნობი წინსვლა.“

2011 წლის ანგარიშში ნახსენებია ის ძირითადი მიზეზი, რამაც განაპირობა წინა ანგარიშში საქართველოს შედარებით უარესი მაჩვნებელი. ეს გახლავთ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში ინტერნეტში რამდენიმე დღიანი შეზღუდვების დაწესება, რის შედეგადაც მთელი რიგი ვებსაიტები მიუწვდომელი იყო.

მიუხედავად წინსვლისა, ანგარიშში აღნიშნულია 2009-2010 წლებში ინტერნეტის შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევა. მათ შორის შემთხვევა, როცა ორი ახალგაზრდა დროებით დააკავეს საქართველოს კათალოკოს-პატრიარქისადმი შეურაცხმყოფელი მასალის ინტერნეტში განთავსების ბრალდებით.
ზვიად სულაბერიძე, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი
„ხდება ამორჩევითი თვალთვალი, შეიძლება ასე ითქვას, და დევნა. მაგალითად, ვიღაც ბიჭებმა გააკეთეს პატრიარქზე პაროდია, რაც აიტაცა ჩვენმა ქრისტიანულმა საზოგადოებამ, უარყოფითი დამოკიდებულება იყო [ამ ფაქტის მიმართ]. და ალბათ ეს პიარისთვის გამოიყენეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ტექნიკურად შეძლეს ამ ავტორისთვის მიეკვლიათ და დაეჭირათ. მერე კი გამოუშვეს, მაგრამ ეს ფაქტი ცნობილი არის, რომ შესაძლებელი იყო ასეთი რამის გაკეთება,“ ამბობს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, ზვიად სულაბერიძე.

საგულისხმოა, რომ საქართველოში, ისევე როგორც განხილულ არაერთ ქვეყანაში, პრესის თავისუფლების მდგომარეობა საგრძნობლად ჩამოუვარდება ინტერნეტის თავისუფლებისას. თუმცა, სპეციალისტების აზრით, მომავლში ეს შეიძლება შეიცვალოს:

„ახლა იმიტომაც არ ხდება ინტერნეტის მასშტაბური ცენზურა, რომ ძირითადი მოსახლეობა მაინც ტელევიზორზე არის მიჯაჭვული და ინტერნეტში ვინც ზის, ითვლება, რომ ის გართობის მიზნით ზის ინტერნეტში. თუმცა ეს დროებითია,“ მიაჩნია ზვიად სულაბერიძეს

საქართველოში ინტერნეტის თავისუფლებას უარყოფითი მხარეებიც აქვს. ეს თავისუფლება ზოგ შემთხვევაში უკონტროლობაში გამოიხატება. მაგალითად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც დაარეგულირებდა ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების ცენზურას, აკრძალავდა არასასურველი ინფორმაციის გამოქვეყნებას (მაგალითად, პორნოგრაფიას ან ძალადობის ამსახველ მასალას). ანგარიშის ავტორთა აზრით, ეს სამართლებრივი ვითარება საფუძველს ქმნის მომავალში ინტერნეტის შინაარსის სერიოზული შეზღუდვებისთვის.