რუსული პრესის მიმოხილვა, 19 აპრილი 2011

რეალპოლიტიკა მოდაში აღარაა, მაგრამ ჩვენთან ამას ჯერ ვერ ხვდებიანო, ამბობს ლილია შევცოვა „ნოვაია გაზეტას“ ვებზე, ძალიან საინტერესო სტატიაში. შევცოვა ასეთ აზრს ავითარებს: რუსეთი ცდილობს თავი დააღწიოს კორუფციულ სტრუქტურას, უსამართლო ელიტებს და ასე შემდეგ... რაც ხდის ამ ყველაფერს საინტერესოს, არის შევცოვას მცდელობა წარმოადგინოს ცოტა უფრო ფართო სურათი. შევცოვა დასავლეთზე წერს, რომელიც, მისი აზრით, ლეტარგიული ძილის რეჟიმში იმყოფებოდა დღემდე, მოდუნებული, როცა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ’დაიღუნა’ მოძველებულ დასავლურ დემოკრატიულ სტრუქტურებთან ერთად. შევცოვა არაბულ სამყაროს მადლობას უხდის ახალი სისხლის შემოტანისთვის. პირველ რიგში, მადლობას აქ შევცოვა დასავლეთის ნაცვლად იხდის, დასავლეთისა, სადაც, მისი აზრით, პროგრესული ნაწილი საზოგადოებებისა სულ უფრო მეტად ეჭვის ქვეშ აყენებს არსებულ მოდუნებულ მდგომარეობას:

”იმ პირობებში, როცა დასავლური საზოგადოება სულ უფრო მეტი მოუთმენლობით ეკიდება არათავისუფლების ნებისმიერ გამოვლინებას, რეზოლუციები რუსეთის მიმართ სულ უფრო მკაცრი გახდება.”

შევცოვა აქ არაპირდაპირ რევოლუციურ ტალღაზე საუბრობს. მაგალითებად მას მოჰყავს სასამართლო საქმეები, იმ ევროპული კომპანიების წინააღმდეგ ნაწარმოები, რომლებიც გარეულნი არიან კორუფციულ საქმეებში ევროპის გარეთ. მოჰყავს სიმენსის და დაიმლერის მაგალითი. მოკლედ, ორმაგი სტანდარტებისთვის არასახარბიელო გარემოზე წერს ავტორი, გარემოზე, რომლის ფორმირებაც გამოიწვიეს არა ევროპელებმა, თავისი განვითარებული ადამიანის უფლებებით, არამედ არაბულმა სამყარომ, რომელმაც ამ ფასეულობებს დღეს ყველაზე მეტად უერთგულა. ამიტომაც უხდის შევცოვა მათ მადლობას. ასეა თუ ისე, ტალღა რუსეთამდეც ჩააღწევსო.

„იზვესტია“ აქვეყნებს საინტერესო გამოკითხვას. შეკითხვა ასეთია: ”დეპუტატები აპირებენ ინტერნეტის მუშაობის რეგლამენტირებას. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს?” ექვსი სავარაუდო პასუხია, რომლიდანაც ერთ- ერთი უნდა მონიშნოს მკითხველმა. პირველი -აუცილებელია აიკრძალოს რესურსები, როგორიცაა პორნოგრაფია და ასევე რესურსები, რომლებიც ტერორიზმს და ძალადობას პროპაგანდირებენ. მეორე - მომხმარებლებს უნდა დაუწესდეს აუცილებელი ფორმალობა რეგისტრაციის გავლისა. ამ გზით ადვილი იქნება თვალყური ადევნო ინტერნეტში მათ საქმიანობას. ვერაფერს იტყვი. მესამე - უნდა დაავალდებულოთ პროვაიდერები აკრძალონ არალიცენზირებული კონტენტის ჩამოქაჩვა ქსელიდან. მეოთხე - სანამ ინტერნეტის რეგულირებას დავიწყებთ, ჯერ ინტერნეტი ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. მეხუთე - უაზრობაა ინტერნეტის ჩარჩოებში ჩასმა და, ბოლოს, მეექვსე - ინტერნეტს რუსეთისთვის მხოლოდ ბოროტება მოაქვს, ის საერთოდ უნდა ავკრძალოთ. აქაც ვერაფერს იტყვი. მე, ჩემი სუბიექტური აზრით, ვფიქრობ, ინტერნეტის ჩარჩოებში ჩასმა უშედეგოა. შესაბამისად, მოვნიშნე ეს პასუხი და მაჩვენებს შედეგებს... როგორც ირკვევა, გამოკითხულთა 46 პროცენტი ჩემსავით ფიქრობს და მიაჩნიათ, რომ ინტერნეტის კონტროლი უაზრობაა. 32 პროცენტი ფიქრობს, რომ უნდა აიკრძალოს პორნოგრაფია და აგრესიის პროპაგანდა. როგორც ჩანს, არალიცენზირებული კონტენტის ჩამოქაჩვა რუსეთში ისეთივე პოპულარულია, როგორც საქართველოში - ყოველ შემთხვევაში, „იზვესტიას“ მკითხველებს შორის, ვინც ამ კვლევაში მონაწილეობდა. ყველაზე ცოტა - მხოლოდ ერთი პროცენტი - ფიქრობს, რომ ეს უნდა აიკრძალოს. დანარჩენ გრაფებს თითქმის თანაბარი, საშუალოდ ექვსი პროცენტი ერგოთ მკითხველთა ხმებისა.

დაბოლოს, „ვედომოსტი“ წერს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასი რუსეთის ეკონომიკაზე, ხოლო „ნოვაია გაზეტაში“ შევცოვა წერს: ”ნავთობი ეხმარება რუსეთს წარსულში ჩარჩეს, წარსულს ჩაეჭიდოს, მაშინ როცა სამყარო იწყებს მოძრაობას მომავლისკენ.”