ფინეთში ევროსკეპტიკოსებმა პოზიციები გაიმყარეს

"ჭეშმარიტი ფინელების" ლიდერი ტიმო სოინი და მისი მეუღლე ტიინა არჩევნებში წარმატებას ზეიმობენ

ფინეთის პრესამ უკვე „რევოლუციად“ მონათლა ნაციონალისტური ყაიდის პარტიის, „ჭეშმარიტ ფინელთა“, მოულოდნელი შედეგი საყოველთაო არჩევნებში. კვირას გამართული არჩევნების დროს ევროსკეპტიკოსებად წოდებულმა პოლიტიკურმა ძალამ მესამე შედეგი აჩვენა და აპირებს, დანარჩენ ორ პარტიასთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს კოალიციური მთავრობის ფორმირებაში, რამაც შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ევროკავშირის ეკონომიკურად შეჭირვებული ქვეყნებისათვის გადაუდებელი ფინანსური დახმარების გეგმის ამოქმედებას.

კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ფინეთის ევროსკეპტიკურმა ნაციონალისტურმა პარტიამ 200 მანდატიან პარლამენტში 39 ადგილი მოიპოვა. წინა არჩევნებთან შედარებით, „ჭეშმარიტმა ფინელებმა“ სამჯერ უკეთესი შედეგი აჩვენეს. მათმა ლიდერმა, ტიმო სოინიმ, კვირასვე უთხრა ჟურნალისტებს, რომ მისი პარტია ჩაერთვება კოალიციური მთავრობის მოლაპარაკების პროცესში:

“ჩვენ ვცდილობთ შევიდეთ მთავრობაში და დავაკომპლექტოთ მთავრობის უმრავლესობა. იმედი მაქვს, ჩვენ გავხდებით მისი ნაწილი და შემდეგ სხვა პარტიებთან, რომლებიც კოალიციაში შემოვლენ, მოლაპარაკებებს გავმართავთ იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს მომავალი და რა ხაზი უნდა გავატაროთ ევროკავშირთან მიმართებით.“

არჩევნებში „ჭეშმარიტი ფინელების“ მიერ ნაჩვენები შედეგი აშკარად იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში იზრდება სკეპტიციზმი და უკმაყოფილება ევროკავშირის დახმარების გეგმის მიმართ, რომლის ფარგლებში ფინეთმაც უნდა გაინაწილოს ფინანსური ტვირთი გასაჭირში მყოფი საბერძნეთის, ირლანდიისა და პორტუგალიის დასახმარებლად. პარტია აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა გასწიოს რისკი ქვეყანამ ევროპელი „უყაირათო მხარჯველების“ გამო. ერთ-ერთმა ამომრჩეველმა 18 აპრილს განაცხადა, რომ ფინანსური დახმარება მთავარი ფაქტორი იყო განვლილი არჩევნების დროს.

„შედეგი დიდწილად განსაზღვრა „ჭეშმარიტი ფინელების“ მიერ არჩეულმა გზამ საკითხებზე საჯაროდ და ხალხისათვის გასაგებ ენაზე ესაუბრათ. გარდა ამისა, არჩევნების შედეგებზე აშკარად აღიბეჭდა პორტუგალიასა და საბერძნეთთან დაკავშირებული გაუგებრობები.“

ტიმო სოინი, ლიდერი ფინეთის ნაციონალისტური პარტიისა „ჭეშმარიტი ფინელები“, ვარაუდობს, რომ შესაძლოა მოხდეს ცვლილება ევროკავშირის მიერ მომზადებულ იმ გეგმაში, რომელიც პორტუგალიის გადაუდებელ დახმარებას გულისხმობს. განსხვავებული აზრისაა ნაციონალური კოალიციის ლიდერი - სავარაუდოდ, ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი - ჟირკი კატაინენი, რომელიც უარყოფს აზრს, თითქოს ფინეთი დაბრკოლებას შეუქმნის ევროკავშირის გეგმებს.

უნდა აღინიშნოს, რომ კოალიციის ფორმირებაში „ჭეშმარიტ ფინელებს“ სულაც არ ექნებათ გადამწყვეტი ადგილი. კვირას გამართულ საყოველთაო არჩევნებში 44 მანდატი და პირველი ადგილი ერგო ფინელ მემარჯვენე-ცენტრისტულ ნაციონალურ კოალიციას, მეორე ადგილზე კი სოციალ-დემოკრატები გავიდნენ 42 მანდატით. ხმების მხოლოდ 15.8 პროცენტი ხვდა წილად ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მარი კივინიენის ცენტრისტულ პარტიას, რომელმაც გამოაცხადა, რომ ოპოზიციაში გადადის.

თავის მხრივ, „ჭეშმარიტ ფინელთა“ ლიდერი ტიმო სოინიც შეეცადა შეერბილებინა ის შეშფოთება, რაც ევროსკეპტიკოსების წარმატებამ გამოიწვია ქვეყნის გარეთ:

„ჩვენ ვართ პარტია, რომელსაც მოლაპარაკება შეუძლია და, როგორც ხედავთ, ყველა ამბობს, რომ შეძლებენ ჩვენთან ერთად მთავრობაში შემოსვლას. ეს არ არის ის, რაც ჩვეულებრივად ხდება ხოლმე ევროპაში, თუკი გარკვეული ახალი ტალღის პარტიის იარლიყი გაქვთ. ჩვენ არა ვართ ექსტრემისტები, ასე რომ, შეგიძლიათ მშვიდად იძინოთ.“

ფინეთი ევროკავშირის ბოლო ქვეყანაა, სადაც ძირითადი პარტიები მომხრეებს კარგავენ ისეთ პარტიებთან პაექრობაში, რომლებიც ანტისაემიგრაციო და ევროს საწინააღმდეგო იდეოლოგიით ხელმძღვანელობენ. ცოტა ხნის წინ ადგილობრივ არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საფრანგეთის მემარჯვენე ნაციონალურმა ფრონტმა, რომელსაც მარი ლე პენი უდგას სათავეში. 2010 წლის არჩევნებში საკუთარი შედეგი გააუმჯობესა ნიდერლანდის თავისუფლების პარტიამ, რომელიც ქვეყნის ისლამიზაციის დასრულების დაპირებით გამოდიოდა.