საკონსტიტუციო სასამართლოს წინ გადადგმული ნაბიჯი

გიორგი ტუღუში

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 18 აპრილის გადაწყვეტილებას წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი და ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის, ასევე ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა” კოდექსის რიგი ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო. საკონსტიტუციო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა სპეციალური ბრიფინგი გამართა.

როგორც სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში აღნიშნავს, საქმეს, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავდა. დავის საგანს კი წარმოადგენდა ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის, ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა” და ”საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მუხლებთან მიმართებით, რომელთა მიხედვითაც გარანტირებულია სიტყვის, აზრის გამოხატვისა და გავრცელების თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.

სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი, ნომრით 502, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გასული წლის სექტემბრის დასაწყისში შევიდა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა: ”გაუქმდა ე.წ. ბლანკეტური აკრძალვა, რომელიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან 20 მეტრიანი რადიუსის დაცვას ეხებოდა. ასევე გაუქმდა ნორმა, რომელიც ითხოვდა საინიციატივო ჯგუფის არსებობას შეკრების ინიციატორის შემთხვევაში. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ აქციის ინიციატორი შესაძლებელია ერთი ადამიანიც იყოს. შესაბამისად, გაუქმდა ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში კონკრეტული მუხლი, რომელიც კრძალავდა და ჯარიმას აწესებდა მოსამართლის სახლთან შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების გამო. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მოქალაქეობის არმქონე პირსაც მიეცემა უფლება იყოს აქციის ინიციატორი”, - ამბობს გიორგი ტუღუში.

სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმა, რომელიც ქუჩის გადაკეტვის ან კანონის სხვა მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შეკრების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებდა. გიორგი ტუღუში აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს.

”სასამართლომ დაადგინა, რომ შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან უნდა მიეცეთ დრო, რათა აქცია მოიყვანონ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ამის შემდეგ სამართალდამცავებს მიეცემათ უფლება, დაშალონ აქცია. ანუ ეს, გარკვეულწილად, პოზიტიურ ელემენტად შეიძლება მივიჩნიოთ, რომელიც გაითვალისწინა საკონსტიტუციო სასამართლომ”, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

სასამართლომ კონსტიტუციის შესაბამისად მიიჩნია კანონის ნორმები, რომლებითაც ტრანსპორტის სავალი ნაწილის თვითნებური გადაკეტვა იკრძალება. სასამართლომ ფეხით მოსიარულეთა მიერ ქუჩის გადაკეტვა შესაძლებლად მიიჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს შეკრებაში მონაწილეთა რაოდენობით არის გამოწვეული. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე კონსტიტუციურია ნორმა, რომელიც კრძალავს სხვადასხვა სახის ნახატებისა და წარწერების გაკეთებას ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიებზე.

გიორგი ტუღუში იმედს გამოთქვამს, რომ ცვლილებები კანონში დროულად შევა, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა: ”პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს ცვლილებები კანონში. არაკონსტიტუციურად გამოცხადებული ნორმები ავტომატურად ითვლება ძალადაკარგულად. ეს არ ითხოვს ცვლილებას კანონში, მაგრამ მსჯელობა ეხება კიდევ რამდენიმე საკითხს. აქედან გამომდინარე, პარლამენტს დასჭირდება დრო, რათა ნორმები მოიყვანოს შესაბამისობაში.”

სახალხო დამცველის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს 18 აპრილის გადაწყვეტილება მკვეთრად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, მისივე თქმით, ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ”კანონის შემდგომი დახვეწის მიზნით, ის პარლამენტთან ინდივიდუალურ რეჟიმში კვლავაც განაგრძობს მუშაობას. მაგრამ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ გიორგი ტუღუში საქართველოს პარლამენტის მხრიდან სახალხო დამცველის რეკომენდაციების იგნორირებაზეც ლაპარაკობს: ”სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ხშირად გვიხდება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა, რადგან პარლამენტი დროულად არ ითვალისწინებს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სხვადასხვა კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ პარლამენტი სახალხო დამცველის რეკომენდაციას არ ითვალისწინებს, ამის შემდეგ უკვე ვხედავთ ერთადერთ გამოსავალს და ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა.”