ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს განაცხადა, რომ ალიანსი ლიბიაში მისიას მანამ გააგრძელებს, „სანამ საჭირო იქნება“. რასმუსენი ამ განცხადებით ბერლინში გამოვიდა, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. რასმუსენის თქმით, საჰაერო დარტყმებისთვის ალიანსს მეტი თვითმფრინავები ესაჭიროება. ნატოს 28 წევრი ქვეყნიდან ლიბიაში მიმდინარე საჰაერო ოპერაციაში მხოლოდ ექვსი მონაწილეობს - საფრანგეთი, ბრიტანეთი, კანადა, დანია, ნორვეგია და ბელგია. ბრიტანეთსა და საფრანგეთს სურთ, რომ მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში მეტი ქვეყანა ჩაერთოს. შეხვედრის დაწყებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა თქვა, ნატოში ერთსულოვნებაა კადაფის ხელისუფლების დასრულების საკითხშიო. ნატოს მიერ სამი კვირის მანძილზე განხორციელებულმა საჰაერო დარტყმებმა ვერ შესძლო ვითარების მეამბოხეთა სასარგებლოდ შეცვლა, ან კადაფის ძალებისთვის სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმის აღკვეთა. მეამბოხეების განცხადებით, „ხოცვა-ჟლეტაა“ მოსალოდნელი დასავლეთის ქალაქ მისურატაში, რომელსაც კადაფის ძალებმა დღეს კიდევ დაუშინეს რაკეტები - რასაც, გავრცელებული ცნობით, სულ მცირე 13 ადამიანი შეეწირა.