საქართველო ევროსაბჭოში - რუსეთი უმცირესობაში

125 ხმით 8-ის წინააღმდეგ - ამ შედეგით დამტკიცდა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის 13 აპრილის სხდომაზე. მართალია, რეზოლუციაში ამჯერად არ შედიოდა რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების ანალიზი, მაგრამ 13 აპრილს გამართული დებატების ერთ-ერთ მთავარ თემას სწორედ ეს ომი და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია წარმოადგენდა.
საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებით გაუმჯობესდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საკითხი და ასევე გაძლიერდა პარლამენტის როლი და უფლებები, მაგრამ ზოგიერთი რამ კვლავაც გასაკეთებელია...

13 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ რეზოლუციაზე, რომელშიც ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების საქართველოს მიერ შესრულებაა შეფასებული. რეზოლუციაში აღნიშნულია მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც საქართველოში გამოვლინდა 2008 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ქვეყნის ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ბოლო რეზოლუცია იქნა მიღებული. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწია, რუსეთ-საქართველოს ომით გამოწვეული მძიმე შედეგების მიუხედავად, და რომ ქვეყანა არ ღალატობს დემოკრატიული განვითარების გზას. ეს აქცენტი თავიანთ გამოსვლებში მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა, რეზოლუციის ავტორებმა მიკაელ იენსენმა და კასტრიოტ ისლამმაც აღნიშნეს. თუმცა, უკვე გამოვლენილი მიღწევების გარდა, მათ გამოსვლებში სამომავლოდ გამოსავლენი მიღწევების აუცილებლობაც იყო ხაზგასმული. მაგალითად, მაიკლ იენსენი ამბობს, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სახით, თუმცა ქვეყნის დემოკრატიის სიმტკიცის გამოცდა მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე შედგება. მიკაელ იენსენის გამოსვლაში იყო სხვა აქცენტებიც:

”საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებით გაუმჯობესდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საკითხი და ასევე გაძლიერდა პარლამენტის როლი და უფლებები, მაგრამ ზოგიერთი რამ კვლავაც გასაკეთებელია. განმარტებასა და გაუმჯობესებას მოითხოვს არაერთი მუხლი, რათა თავიდან იქნეს აშორებული შესაძლო დაძაბულობა... ახლა მედიას შევხედოთ: აქაც არის პროგრესი, განსაკუთრებით ახალი ტელეარხის სახით, რომელიც (ამომრჩევლებისთვის ხმის მისაწვდენად) ხელმისაწვდომია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის... მაგრამ მედიის სფეროშიც არის ნაკლოვანებები: ჩვენ გვჭირდება მედიამფლობელობის მეტი გამჭვირვალობა და ასევე გამჭვირვალე ტენდერი მაუწყებლობის სიხშირეებისთვის, რათა მედიაბაზარი რაც შეიძლება ღია გახდეს.”
საქართველო წარმატებების მიღწევას განაგრძობს არა მხოლოდ იმ სიტუაციაში, როდესაც ჩვენს ტერიტორიაზე ათასობით ოკუპანტი დგას, არამედ როდესაც მოსკოვში წყვეტენ, რომ საქართველოს დემოკრატია ცუდი იდეაა და სახიფათოა მათთვის...

კრიტიკა უმტკივნეულოდ აღიქვა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ. ყოველ შემთხვევაში, როგორც 13 აპრილის სხდომაზე აღნიშნა დელეგაციის წარმომადგენელმა გოკა გაბაშვილმა, კონსტრუქციული კრიტიკა მისაღებია, რადგანაც ის ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს. პარალელურად, დეპუტატი მოხარულია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალ რეზოლუციაში კარგად ჩანს საქართველოს მიღწევები და განვითარების ნება, მით უმეტეს, როცა ეს ყველაფერი ოკუპაციის ფონზე ხდება:

”საქართველო წარმატებების მიღწევას განაგრძობს არა მხოლოდ იმ სიტუაციაში, როდესაც ჩვენს ტერიტორიაზე ათასობით ოკუპანტი დგას, არამედ როდესაც მოსკოვში წყვეტენ, რომ საქართველოს დემოკრატია ცუდი იდეაა და სახიფათოა მათთვის...”

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა 13 აპრილის სხდომაზე მხოლოდ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს არ უხსენებიათ. ამ საკითხზე აბსოლუტურად ღიად ილაპარაკეს საქართველოს მეგობარი ქვეყნების დელეგაციათა წარმომადგენლებმა, რასაც რუსი დეპუტატების შესამჩნევი გაღიზიანება მოჰყვა. მართალია, რეზოლუციაში საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის შედეგების შეფასებაზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ 13 აპრილის სხდომაზე გამართული დებატების დიდი დრო სწორედ ომის თემამ წაიღო. რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენელი კონსტანტინ კოსაჩოვი საქართველოს დადანაშაულებას ჩვეული ხერხებით ცდილობდა:

”სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ძალიან ძლიერია ანტიქართული განწყობა და ეს 2008 წლის აგვისტოს ბრალია. მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს კონფლიქტი პირადად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით მოხდა - მან უბრძანა თავის შეიარაღებულ ძალებს, რომ საომარი ოპერაციით აღედგინათ კონსტიტუციური წესრიგი... და როდესაც ჩვენ აქ გამოვხატავთ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რაც ლიბიაში ხდება, 2008 წელს სააკაშვილმა დაახლოებით იგივე გააკეთა.”
პარლამენტის წევრი აკაკი მინაშვილი

კოსაჩოვის მიერ სააკაშვილისა და კადაფის შედარება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზში აშკარად არასერიოზულ და უადგილო შედარებად აღიქვეს, რასაც შესაბამისი რეპლიკებიც მოჰყვა და არამხოლოდ საქართველოს დელეგაციის მხრიდან. რაც შეეხება ქართული მხარის რეაქციებს, მაგალითად, დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა ურჩია რუს კოლეგას, რომ საქართველოსა და ლიბიის პრეზიდენტების გაიგივებისას კარგად გაიხსენოს, თუ რას აკეთებდა რუსეთი ჩეჩნეთში.

რუსეთის დელეგაციის გაღიზიანება 13 აპრილის სხდომაზე მხოლოდ ომისა და ოკუპაციის თემებს არ გამოუწვევია. რუსი დეპუტატები ასევე დიდ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმ დადებით შეფასებებთან დაკავშირებითაც, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალ რეზოლუციაშია ასახული, თუმცა ისინი კენჭისყრისას უმცირესობაში აღმოჩნდნენ. რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა რვაკაციან ჯგუფში - შვიდ რუს დეპუტატს მხოლოდ ერთი მოლდაველი დეპუტატი შეუერთდა, რომელიც კომუნისტური პარტიის წარმომადგენელია. აღსანიშნავია, რომ სხვა ორმა მოლდაველმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას.