ბელორუსიაში ეჭვმიტანილები დააკავეს მეტროში აფეთქების გამო

მინსკის მეტროს სადგური აფეთქების შემდეგ

მინსკში ორშაბათს, პიკის საათში, მეტროში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 200 კაცი. ამ, როგორც პროკურატურა უწოდებს, ტერორისტულ აქტთან კავშირში რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს. ამის შესახებ განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ, ანდრეი შვედმა. როგორც გითხარით, დაიღუპა 12 კაცი, დაშავებული ორასიდან 26 მძიმე მდგომარეობაშია საავადმყოფოში. არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს. თვითნაკეთი მძლავრი ბომბი, რომელშიც ლითონის ნაწილაკები იყო, ცენტრალურ, ოქტომბრის მოედანთან, მეტროს სადგურ კასტრიჩნიცკაიაში აფეთქდა. ასეთი აქტები იშვიათია უშიშროების ძალების მიერ ამ, ერთი შეხედვით, მკაცრად გაკონტროლებულ ქვეყანაში. აქვე უნდა ითქვას, რომ ნაკლებ სავარაუდოა ისლამისტი ტერორისტების ხელი ერიოს ამ საქმეში, თუნდაც იმის გამო, რომ მინსკი არც ერაყის ოპერაციაში ყოფილა ჩართული და არც ავღანეთში ჰყავს გაგზავნილი თავისი ჯარისკაცები.

ბომბი დამალული იყო სკამის ქვეშ, ბაქანზე, და აფეთქდა, როცა მატარებელი სადგურზე შედიოდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანატოლი კულეშოვმა თქვა, რომ ის, ალბათ, დისტანციური მართვის მოწყობილობით ამოქმედდა. ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც „რკინის ხელით“ მართავს ამ ქვეყანას 1994 წლიდან, პირობა დადო, რომ დამნაშავეებს მონახავენ:
არ გამოვრიცხავ, რომ ეს „საჩუქარი“ გარედან მოგვართვეს. არ გამოვრიცხავ. მაგრამ ჯერ ჩვენთან უნდა მიმოვიხედოთ.

„უბრალოდ, მინდა გითხრათ, ხალხნო, რომ ძალიან სერიოზულად გამოგვიწვიეს, უნდა ვაღიარო, ძალიან სერიოზულად. საჭიროა შესაბამისი პასუხი. ეს პასუხი უნდა მოინახოს.“

ბელორუსიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აფეთქება ქვეყნის დესტაბილიზებას ემსახურება. შეგახსენებთ, მეტროს სადგური კასტრიჩნიცკაია, რომელშიც აფეთქება მოხდა, მისი ოფისიდან ას მეტრში მდებარეობს. ლუკაშენკომ ერთმანეთს დაუკავშირა 2008 წლის აფეთქება, როცა ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტის 50 დამსწრე დაშავდა, და ეს, 11 აპრილის, აქტი. დასავლეთისგან იზოლირებულმა პოლიტიკოსმა, რომელსაც ერთ დროს ევროპის უკანასკნელი დიქტატორი უწოდეს, ტელევიზიით შემდეგი განაცხადა:

„არ გამოვრიცხავ, რომ ეს „საჩუქარი“ გარედან მოგვართვეს. არ გამოვრიცხავ. მაგრამ ჯერ ჩვენთან უნდა მიმოვიხედოთ.“
ყველა შოკში ვართ. ვერავინ წარმოიდგენდა ასეთ რამეს მინსკში. ყველგან წარმოიდგენდი, მაგრამ მინსკში ვერა.

ბელორუსიაში ბევრი ახლა იმასაც შიშობს, რომ მთავრობა აფეთქების შემდეგ კიდევ უფრო გაამკაცრებს ოპოზიციურ ძალებზე კონტროლს. პოლიტიკური ანალიტიკოსი იური ჩავუსაი შეგვახსენებს, რომ 2008 წლის აფეთქებას, ისევე როგორც მანამდე, 2005 წელს, ვიტებსკში მომხდარს, რეპრესიები მოჰყვა:

„ამ ინციდენტებს მოჰყვა ოპოზიციის წარმომადგენლების წმენდა, მათი მასობრივი დაპატიმრება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ტერორისტულ აქტზე პასუხი და მისი გამოძიების პროცესი მსგავსი იქნება: ირაციონალურად მასობრივი.“

მეტროში ორშაბათის აფეთქებამ მოსახლეობაში შიში გამოიწვია. მინკელმა ნატალიამ „როიტერს“ შემდეგი უთხრა:

„ყველა შოკში ვართ. ვერავინ წარმოიდგენდა ასეთ რამეს მინსკში. ყველგან წარმოიდგენდი, მაგრამ მინსკში ვერა.“

მეტრომ მუშაობა მინსკში განაახლა, მაგრამ ხალხი დაძაბულია, ამბობს სტუდენტი ოლგა:

„ამისგან დაცული არავინაა. მეტროთი ვიმგზავრე და ყველას შიში ეტყობა, აქეთ-იქით იყურება ხალხი, ვეღარ ნახავ ნამძინარევ სახეებს. მომხდარმა მართლა ძალიან იმოქმედა.“

მთელ ბელორუსიაში გაძლიერდა უშიშროების ზომები, პოლიცია ამოწმებს გამვლელებს და მანქანებს. დღეს დილით გავრცელდა ხმა, რომ მინსკში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, მაგრამ ეს ჭორი აღმოჩნდა.
მინსკში დილიდანვე დაიწყო ხალხმა მისვლა აფეთქების ადგილზე, დაღუპულების პატივსაცემად იქ ყვავილები მიაქვთ. გლოვის ოფიციალურ დღედ ბელორუსიაში 13 აპრილია გამოცხადებული. ბელორუსიამ ოფიციალური სამძიმარი მიიღო დასავლეთიდან - სხვათა შორის, ევროკავშირისა და ეუთოსგანაც, რომლის ოფისი მინსკში, დეკემბრის არჩევნების შემდეგ გამოთქმული კრიტიკის გამო, ლუკაშენკოს მთავრობამ დახურა.