რუსეთის და პოლონეთის განცხადებით, ქვეყნები შეთანხმდნენ ტექსტზე, რომელიც ავიაკატასტროფაში დაღუპული პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ხსოვნის სამომავლო მემორიალზე უნდა დაიწეროს. ორ ქვეყანას შორის მწვავე უთანხმოება არსებობდა წინა მემორიალური დაფის შეცვლის გამო. რუსეთმა პოლონეთის გაღიზიანება გამოიწვია, როცა კატასტროფის ადგილას, სმოლენსკში, შეცვალა პოლონელთა მიერ შესრულებული წარწერა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, იქვე ახლოს მდებარე კატინის ტყეში საბჭოთა უშიშროების მხრიდან პოლონელი ოფიცრების „გენოციდს“ ეხებოდა. რუსულ და პოლონურ ენებზე გაკეთებული ახალი ვერსია მხოლოდ 2010 წლის 10 აპრილის ავიაკატასტროფას ეხება, რასაც კაჩინსკის და კიდევ 95 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა დღეს განაცხადა, თავის პოლონელ კოლეგასთან, ბრონისლავ კომოროვსკისთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ მემორიალის საბოლოო ვერსიის შესამუშავებლად შეიქმნება „საგანგებო საერთაშორისო ჯგუფი“. მედვედევმა დასძინა, რომ პოლონელი ოფიცრების დახოცვა იყო „დანაშაული“, რომელშიც მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლება იყო დამნაშავე.