”საკურას ყვავილობა” თბილისში

გამოფენა ”საკურას ყვავილობა”

საინიციატივო ჯგუფმა თბილისში გამართული არტაქცია ”საკურას ყვავილობა” იაპონიაში ჰანამის დღესასწაულს, ანუ ”საკურას ყვავილობას”, დაამთხვია. მიზანი აქციისა, რომელიც თავად მომწყობებისგან განისაზღვრა როგორც ”სოლიდარობის გზავნილი საქართველოდან”, იაპონელი ხალხის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა იყო. აქციაში ხუთი ფოტოგრაფი, მხატვრები და მუსიკალური ბენდი ”კიბატონო” იღებდა მონაწილეობას.
გამოფენა ”საკურას ყვავილობა”

ევროპის სახლის საგამოფენო დარბაზში იაპონური განწყობის შექმნაზე ორიგამის სკოლის მოსწავლეებმა იზრუნეს - საკუთარი ხელით შექმნეს ქაღალდის კუსუდამები. კუსუდამა იაპონური ყვავილია, რომელსაც, ტრადიციულად, იმ ადამიანს მიართმევენ ხოლმე, ვისი გამოჯანმრთელებაც სურთ. სწორედ ამ კეთილგანწყობის გამოსახატად შექმნა 12 წლის ნინო რაზმაძემ ორიგამები. ის გვეუბნება, რომ ორიგამით - ანუ, ქართულად, ქაღალდის გადაკეცვით - სიმშვიდესაც პოულობს:

”მსიამოვნებს ამის კეთება, სიხარულს მატებს ადამიანს და ამშვიდებს კიდეც.”
ჩემი პროექტი სპეციალურად ამ გამოფენისთვის გავაკეთე, რადგან ის სწორედ სტიქიებთან არის დაკავშირებული. ფოტოებზე წარმოდგენილი თითოეული ქალი ერთ სტიქიას განასახიერებს...

სწორედ სიმშვიდე და უკეთესი მომავლის იმედი უნდოდათ გაეგზავნათ იაპონელი ხალხისთვის არტაქციის ორგანიზატორებს. სოფო გელავა ამბობს, რომ საკურას ყვავილობა იაპონელებისთვის ახალი სიცოცხლისა და განახლების სიმბოლოა. სწორედ ამიტომ დაარქვეს აქციასაც „საკურას ყვავილობა“. მხარდაჭერის გარდა საქართველოდან იაპონიაში ოპტიმიზმიც რომ გაეგზავნათ, ამიტომ სოფო გელავა იაპონელ ხალხს ეუბნება:

”ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი პოზიტიური წინ არის.”

იაპონიაში არასოდეს ყოფილა, მაგრამ კულტურებსა და ადამიანებს შორის არსებული ემოციური ჯაჭვის სჯერა ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილს. იმ ხუთ ფოტოზე, რომლებიც გამოფინა ნათელამ, ოპტიმისტური განწყობის გარდა, იაპონური იეროგლიფებით საკუთარი სათქმელიც დაიტანა:
ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი

”ფოტოები საქართველოშია გადაღებული, მაგრამ ისეთი სათაურები დავაწერე, რომელიც, სულ ერთია, რომელ ქვეყანაშიც უნდა ცხოვრობდე, რომელი კულტურის მატარებელიც უნდა იყო, მაინც ყველა ადამიანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს სიტყვებია „სიყვარული“, „მშვიდობა“, „ბედნიერება“, „თავისუფლება“ და ამით გამოვხატე ჩემი სოლიდარობა.”

გამოფენაში 5 ფოტოგრაფი მონაწილეობდა: გურამ წიბახაშვილი, იური მეჩითოვი, ნათელა გრიგალაშვილი, გოგი ცაგარელი და ლიზა ოსეფაიშვილი. თითოეულ მათგანს აქციაში მონაწილეობით უნდოდა ეთქვა, რომ ის იაპონელი ხალხის გულშემატკივარია. როგორც გოგი ცაგარელმა გვითხრა, ტელეფონით თანხის გადარიცხვას საკუთარი შემოქმედებით მხარდაჭერა არჩია. ლიზა ოსეფაიშვილმა კი ნამუშევრები სპეციალურად გამოფენისთვის გადაიღო:
ის თანადგომა, რომელსაც დღეს გამოხატავს ჩვენი ხალხი ერთმანეთის მიმართ და ერთიანობა ძალიან რთულ ვითარებაში იმედს მაძლევს, რომ შედეგი ბევრად უკეთესი იქნება...

”ჩემი პროექტი სპეციალურად ამ გამოფენისთვის გავაკეთე, რადგან ის სწორედ სტიქიებთან არის დაკავშირებული. ფოტოებზე წარმოდგენილი თითოეული ქალი ერთ სტიქიას განასახიერებს. ეს არის მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი და კიდევ ხე. ხე არის იაპონიის მეორე სიმბოლო.”

არტაქციაზე სტუმრად მიწვეულმა იაპონიის ელჩმა საქართველოში მასაიოში კამოჰარამ ქართულ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ხედავს, და იმედი გამოთქვა, რომ იაპონელი ხალხი თავს დამტყდარი უბედურების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდება:
იაპონიის ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა

”იმედი მაქვს, ეს უბედურება კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას. ის თანადგომა, რომელსაც დღეს გამოხატავს ჩვენი ხალხი ერთმანეთის მიმართ და ერთიანობა ძალიან რთულ ვითარებაში იმედს მაძლევს, რომ შედეგი ბევრად უკეთესი იქნება.”

აქციაზე მუსიკალური ბენდი ”კიბატონო” უკრავდა. მან პირველად შეასრულა კომპოზიცია, სახელწოდებით „საკურა“, რომელიც იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დაიწერა. ბენდის ვოკალისტი მარიამ ლორია ამბობს, რომ ”კიბატონო” სიმღერით უგზავნის იაპონელ ხალხს უკეთესი მომავლის რწმენას:

”საკურას ყვავილობა ძალიან სიმბოლურია, სიცოცხლის გაღვიძებაა, ყველაფერ ახლის დასაწყისია და ამიტომ გვინდოდა, რომ ეს სიმღერაც იმედის მომცემი ყოფილიყო და ტექსტიც ასეთია:

”ბოლოს ჩვენ დავუბრუნებთ ზღვას თავის ფერს, ცას თავის ფერს და მზე ისევ გაგვათბობს”. - იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება. ვუსურვებთ იაპონელებს მშვიდობას.”