აპატურაი: ”ნატო-საქართველოს ურთიერთობები სწორი გზით მიდის”

ჯეიმს აპატურაი

თბილისში ერთდღიან ვიზიტად მყოფ ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში ჯეიმს აპატურაის საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი ჰქონდა. სტუდენტები, ხელისუფლების პირველი პირები, ოპოზიციური “რვიანის” წარმომადგენლები - დილის ათის ნახევრიდან გვიან საღამომდე მან არაერთი შეხვედრა გამართა. ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო-საქართველოს ურთიერთობების პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, სამუშაო კვლავაც ბევრია. მყარი და უცვლელია ის ძირითადი პრინციპები, რომელზეც ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებია დაფუძნებული, აღნიშნა 7 აპრილს თბილისში ვიზიტად მყოფმა ჯეიმს აპატურაიმ. მისივე თქმით, ნატო-საქართველოს ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი პირობა დემოკრატიული რეფორმებია, ამ მიმართულებით კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო გარემოს შეცვლისათვის მიმდინარე მოლაპარაკებები. სწორედ ამ მიზეზით, 7 აპრილს მან შეხვედრა გამართა ოპოზიციურ „რვიანთან“.

”ნატო-საქართველოს ურთიერთობები სწორი გზით მიდის”, - რამდენჯერმე გაიმეორა ჯეიმს აპატურაიმ ეს სიტყვები სტუდენტებთან, მოგვიანებით კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ჯეიმს აპატურაი, სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი, ამ სტატუსით საქართველოში 7 აპრილს პირველად ჩამოვიდა, თუმცა უკანასკნელი თერთმეტი წლის განმავლობაში ის ნატოს გენერალურ მდივნებთან ერთად საქართველოს რამდენჯერმე სტუმრობდა. აპატურაი ამბობს, რომ მისთვის დიდი პატივია აღნიშნული პოსტის დაკავება და რომ იმედი აქვს, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა შედეგიანი იქნება.

”ძირითადი პრინციპები, რომელზეც ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებია დაფუძნებული, არ შეცვლილა”, - ამბობს ჯეიმს აპატურაი და იქვე ამატებს: ”მეტიც, ის არათუ შეიცვალა, არამედ რამდენიმე თვის წინ გამართულმა ლისაბონის სამიტმა კიდევ უფრო განამტკიცა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა, თუკი ეს თქვენ ისევ გსურთო”, - იხუმრა ჯეიმს აპატურაიმ. მყარია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართაც, აღნიშნავს ის. ”ნატო არანაირ კომპრომისზე არ წავა, როდესაც საქმე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. ნატო არასდროს აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ეს არის ძალიან მტკიცე პრინციპი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში.”

საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებს დააკმაყოფილოს ყველა ის სტანდარტი, რომელიც ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ, მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, ამ მიმართულებით სამუშაო კვლავაც ბევრია:

”ნატო არ წყვეტს იმას, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ. საქართველო თავად ირჩევს პრიორიტეტებს, ჩვენ კი მხარდაჭერას ვთავაზობთ ქვეყანას. მაგალითად, მნიშვნელოვანი იყო ახალი კონსტიტუციის მიღება, რასაც ნატო მიესალმება. ასევე უმნიშვნელოვანესია მომავალი არჩევნები. ვიცი, რომ საკმაოდ დაძაბული მოლაპარაკებები მიმდინარეობს საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ მხარეების მცდელობას, მიაღწიონ კონსენსუსს საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესების თაობაზე.”

განსაკუთრებული მადლობა ერგო საქართველოს მთავრობას ჯეიმს აპატურაისგან ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის. ის აღნიშნავს, რომ ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, რამდენიმე ასეული ჯარისკაცის გაგზავნა ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მნიშვნელოვანი წვლილია: ”მე ჯარისკაცები საკუთარი თვალით ვნახე. ისინი მართლაც დიდ საქმეს აკეთებენ. ვიცი, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში შვიდი ჯარისკაცი დაკარგეთ ავღანეთში, 40-მა ჯარისკაცმა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ეს უმნიშვნელოვანესი წვლილია საქართველოს მხრიდან, რასაც ჩვენ კარგად ვხედავთ და რისთვისაც მადლობას გიხდით.”

როგორც ჯეიმს აპატურაი აღნიშნავს, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში კვლავაც გაგრძელდება საუბრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს დემოკრატიული და თავდაცვის რეფორმების განხორციელებაში. უახლოესი შეხვედრა კი მომავალ კვირას ბერლინში იგეგმება. ბერლინის მინისტერიალის შესახებ გრიგოლ ვაშაძე მცირე კომენტარს აკეთებს: ”ბერლინის ნატო-საქართველოს კომისიის შეკრების მთავარი აზრი არის არა ახალი შეთავაზებები ერთმანეთისთვის, არამედ იმ სიტუაციის განხილვა, სადაც საქართველო და ალიანსი დღეს ერთად არიან. და ეს სიტუაცია, ჩვენი თანამშრომლობის თვალსაზრისით, დღეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე 2009 ან 2010 წელს იყო.”
თბილისში ვიზიტად მყოფი ჯეიმს აპატურაი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციურ „რვიანს“ დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა. როგორც შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი პირობა დემოკრატიული რეფორმებია, დემოკრატიული რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი კი სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა. ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრა მოწმობს იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოება თვალყურს ადევნებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის მიმდინარე პროცესებს, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა კი ამ პროცესის ლოგიკური დასასრულის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი.

”ვისაუბრეთ იმაზე, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები სამომავლოდ დიდწილად არის დამოკიდებული სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. ნატოს ყველა ის წარმომადგენელი, ვინც საქართველოს საკითხზე მუშაობს, ძალიან აქტიურად არის ჩართული პროცესში. დეტალურად აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა წინადადებები დაისვა მოლაპარაკებების მაგიდასთან და თვლიან, რომ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს და აუცილებლად უნდა დადგეს შედეგი. ეს არის მათი პოზიცია, რომელსაც როგორც ჩანს, ხელისუფლებასაც ძალიან მკაფიოდ განუმარტავენ”, - აღნიშნავს დავით უსუფაშვილი.

ჯეიმს აპატურაიმ თბილისში ვიზიტისას შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს და ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.