ბელორუსია კვლავ რუსეთიდან დახმარების იმედზეა

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო

მას შემდეგ, რაც მთავრობამ წლის დასაწყისიდან საკუთარი სავალუტო რეზერვების 20 პროცენტი დახარჯა და იძულებული გახდა, ნაწილობრივ ეროვნული ვალუტის დევალვაცია განეხორციელებინა, ბელორუსიის ეკონომიკამ საშიშ ზღვარს მიაღწია. მინსკის ურთიერთობა დასავლეთთან უკიდურესად გაუარესდა გასული წლის დეკემბერში ჩატარებული არათავისუფალი არჩევნებისა და ოპოზიციის მიმართ რეპრესიების შედეგად. შესაბამისად, ალექსანდრ ლუკაშენკოს სხვა გამოსავალი აღარ დარჩა იმის გარდა, რომ ფინანსური დახმარების თხოვნით კვლავ რუსეთს მიმართოს.
საკითხები იგივეა: აქტივების პრივატიზაცია, რუსული კაპიტალის შესვლა ბელორუსიაში და რუსული პროდუქციისათვის ბელორუსიის ბაზრის გახსნა...

მაშინ, როცა ბელორუსიის ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზეა, როცა განერვიულებული მოსახლეობა საათიან რიგებში დგას უცხოური ვალუტისა და ოქროს შესაძენად, მინსკი რუსეთის გულის მოგებას ცდილობს, რათა მისგან ფინანსური დახმარება მიიღოს. ღია კითხვად რჩება ის, თუ რას მოითხოვს მოსკოვი ბელორუსიისა და მისი ერთპიროვნული მმართველის, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსაგან სავარაუდო ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ.

პოლიტიკური ექსპერტიზის რუსეთის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი ევგენი მინჩენკო შემდეგ პირობებს ჩამოთვლის:

„საკითხები იგივეა: აქტივების პრივატიზაცია, რუსული კაპიტალის შესვლა ბელორუსიაში და რუსული პროდუქციისათვის ბელორუსიის ბაზრის გახსნა.“
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით და საკუთარი თავი კუთხეში მოვიმწყვდიეთ, რუსეთს შეუძლია მოითხოვოს პრაქტიკულად ყველაფერი, რაც სურს...

31 მარტს ბელორუსმა წარმოადგინა ეკონომიკური სტაბილიზაციის გეგმა, რომლის სანაცვლოდაც მინსკს იმედი ჰქონდა, რომ 2 მილიარდი დოლარის კრედიტს მიიღებდა რუსეთის ლიდერობით მოქმედი ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობისაგან და 1 მილიარდ დოლარს - უშუალოდ რუსეთისგან. თუმცა რუსეთი პასუხის მიცემას არ ჩქარობს. რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დმიტრი პანკინმა 5 აპრილს ინტერფაქსს უთხრა, რომ რუსეთი არანაირ დაპირებას არ იძლევა, ვიდრე ბელორუსიის მიერ წარდგენილი მაკროეკონომიკური რეფორმის პროექტს არ შეისწავლის. ბელორუსი ეკონომიკური მიმომხილველი სერგეი ჩალი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებში რუსეთი მძიმე პირობებს დააყენებს:

„ცხადია, რომ პირობები არსებობს. მათზე საჯაროდ არ საუბრობენ. როგორც ჩანს, ეს პირობები სრულიად კონკრეტულია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით და საკუთარი თავი კუთხეში მოვიმწყვდიეთ, რუსეთს შეუძლია მოითხოვოს პრაქტიკულად ყველაფერი, რაც სურს.“
საპროტესტო აქცია, მინსკი, 2010 წლის დეკემბერი

გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ევროკავშირი მინსკს 4,2 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს სთავაზობდა, თუკი ბელორუსია სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს ჩაატარებდა. არჩევნები არათუ თავისუფალი არ იყო, 19 დეკემბერს, არჩევნების ღამეს, ბელორუსიის პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაცია და პრეზიდენტობის ექვსი კანდიდატი და ასობით აქტივისტი დააპატიმრა. დიქტატორ ლუკაშენკოს რეპრესიების პასუხად ევროკაშირმა და ვაშინგტონმა ახალი სანქციები დაუწესეს ბელორუსიის რეჟიმს და მის ასობით მოხელეს. სანქციების გარდა, ბელორუსიაში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა ლუკაშენკოს ვოლუნტარისტულმა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს სექტორში მომუშავე პირებს ხელფასი მოემატათ, მაშინ როცა რუსეთმა იმპორტირებულ ნავთობსა და გაზზე ბელორუსიას ფასი გაუზარდა.