ერგნეთი თუ დვანი?

ერგნეთი

ამ დრომდე ცნობილი არ არის, სად გაიმართება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. ეს შეხვედრები, ტრადიციულად, სოფელ ერგნეთში ტარდებოდა ხოლმე, მაგრამ მას შემდეგ, რაც სოფლის სკოლაში ნატოს კუთხე გაიხსნა, ოსურმა მხარემ ერგნეთის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ბოლო დღეების განმავლობაში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმე განცხადება გაავრცელეს და 7 აპრილს დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლის მცდელობაში ქართული მხარე დაადანაშაულეს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა ბოლოს განაცხადა, რომ ოსური მხარე ერგნეთის ნაცვლად შეხვედრების დვანში გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი განმარტებით, ოსური მხარე აღნიშნული შეხვედრების ერგნეთის ტერიტორიაზე გამართვის წინააღმდეგია იმის გამო, რომ ამ სოფელში ნატოს საინფორმაციო ცენტრის კუთხე გაიხსნა და, ამგვარად, "ნატოს ზონად" გამოცხადდა. ჩიგოევის ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლებამ უკვე აცნობა შეხვედრების მხარეებს, - მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, - რომ თანახმაა, ადგილის შეცვლის პირობით, 7 აპრილისთვის დაგეგმილ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. ორი დღის წინ რადიო თავისუფლება დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს ბორის ჩოჩიევს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ შეხვედრის ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით ოსური მხარის პოზიცია პრინციპულია და გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
ქართულმა მხარემ შეხვედრის ჩაშლის მცდელობაში ოსური მხარე დაადანაშაულა. ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ გოგოტიშვილის აზრით, ოსური მხარე მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობისთვის ბრიყვულ მიზეზებს ეძებს. მისი თქმით, საქართველოს ნატოსკენ სვლას ვერაფერი შეაჩერებს და კუთხეების გახსნა სხვა სოფლებშიც გაგრძელდება.

მერაბ ჩიგოევის მიერ გავრცელებულ ბოლო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მისიამ უკვე მოახდინა მის წერილზე რეაგირება და შეხვედრების სხვაგან გადატანის თაობაზე სამხრეთ ოსეთის პოზიციას მხარი დაუჭირა. ჩიგოევის განცხადებას სწრაფად გამოეხმაურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა სტივ ბერდმა განაცხადა,რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო შეხვედრის ჩატარების ადგილი ამ დრომდე არ გადაწყვეტილა. მისივე განმარტებით, მისიას არ დაუდასტურებია, რომ შეხვედრების ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით ოსური მხარის პოზიციას მხარს უჭერს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში, როგორც ცნობილია, სამართალდამცავებიც იღებენ მონაწილეობას. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილის შალვა ტრამაკიძის ცნობით, შეხვედრა გაიმართება, მაგრამ მისი ჩატარების ადგილი ჯერ შეთანხმებული არ არის.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამჟამად ჯერ არ გადაწყვეტილა, სად გაიმართება მომდევნო შეხვედრა და პასუხს ქართული მხარისგან ელოდებიან. სტივ ბერდის თქმით, თუ ყველა მხარე თანახმა იქნება, შეხვედრა, შესაძლოა, დვანში გაიმართოს. დეტალების შესათანხმებლად, სავარაუდოდ, ერთი სამუშაო კვირა იქნება საჭირო. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გამართვა 7 აპრილს იყო დაგეგმილი ერგნეთში, მაგრამ ახლა მხარეები კონსულტაციებს აწარმოებენ, რის შედეგადაც შეიძლება შეხვედრის თარიღიც შეიცვალოს და ადგილიც.