სტალინიზმი და ნაციონალიზმი

ერთი შეხედვით, უჩვეულო და აბსურდული თემა შემოგვთავაზა ამ კვირაში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ: ”სტალინიზმი და ნაციონალიზმი”, უფრო კონკრეტულად კი, ”სტალინის კულტის გავლენა ქართულ ნაციონალიზმზე”... უჩვეულო, რადგან წლების მანძილზე ითვლებოდა, რომ სტალინის ეპოქაში სწორედ ნაციონალიზმი დაძლიეს, უფრო მეტიც, ”ნაციონალიზმის” ბრალდებით ადამიანებს ზოგჯერ ასახლებდნენ და ხვრეტდნენ კიდეც. ეტყობა, ეს მითი დღესაც მუშაობს. ყოველ შემთხვევაში, 29 მარტს გოეთეს ინსტიტუტში შეკრებილ ადამიანებს შორის იყვნენ ისეთები, ვინც შეშფოთება გამოთქვა: ”სტალინს ყველაფერს აბრალებენ. ახლა უკვე ნაციონალისტობაც დააბრალესო”... თუმცა აუდიტორიაში სხვა ხალხიც იყო - ვიღაცამ თქვა, სტალინმა სიონისტების შეთქმულება ამხილა და ნაციონალური იდენტურობა შეუნარჩუნა ხალხებსო. საინტერესოა, რომ ორივე მოსაზრების ავტორები ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვინც სიცოცხლის დიდი ნაწილი საბჭოთა ”დროსა და სივრცეში” გაატარა.
მოგეხსენებათ, სტალინის პოზიციამ გაიმარჯვა... და სწორედ აქ იწყება ბევრი საინტერესო რამ, რაც ეხება არა მარტო პოლიტიკას, არამედ ხელოვნების სფეროსაც....

ახალგაზრდებს არ უაქტიურიათ და გასაგებიცაა, რატომ: მომხსენებელმა, ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილმა და მოდერატორმა, მწერალმა ზურაბ ქარუმიძემ საკმაოდ რადიკალური მოსაზრებები გამოთქვეს. მათი კონცეფციის გააზრებას ნამდვილად სჭირდებოდა დრო. მაგალითად, ზურაბ ქარუმიძემ აღნიშნა, რომ 1956 წლის 9 მარტიდან 1989 წლის 9 აპრილამდე საქართველოში ყალიბდება ქართული საბჭოთა ნაციონალიზმის ეპოქა, რომელიც 9 აპრილს პოსტსაბჭოთა ნაციონალიზმით იცვლება. ანუ ნაციონალიზმი საქართველოში ყოველთვის იყო, უბრალოდ, განსხვავებულად ვლინდებოდა.

თავად ზურაბ ქარუმიძე - სწორედ იმიტომ, რომ ამ დისკუსიის მოდერატორი იყო - მხოლოდ გაკვრით შეეხო ამ სტერეოტიპებს. თუმცა ეგრეთ წოდებულ ბელადომანიაზე, მესიის ძიების ვნებაზე ყურადღება მაინც გადაიტანა. ”ნაციონალიზმი ბელადის გარშემო”, ”ბელადი, რომელმაც უნდა იხსნას ნაცია” - ეს იდეა სწორედ სტალინის მმართველობის წლებში მკვიდრდება. უბრალოდ, 30-40-იან წლებში ამ ნაციას ”საბჭოთა ხალხი”, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ კი ”ქართველი ხალხი” ჰქვია.
ბევრი, სტალინიზმისთვის დამახასიათებელი ფორმულის ჩამოყალიბება ხდება სწორედ ხელოვნების სფეროში. ის, რაც ხდება 1932 წელს, არის პირდაპირი გაგრძელება ”ტერიტორიული პრინციპისა”...

თუმცა გოეთეს ინსტიტუტში გამართული დისკუსიის ძირითად მოხსენებაში, რომელიც ზაალ ანდრონიკაშვილმა წაიკითხა, პოლიტიკაზე ნაკლებად იყო საუბარი. ზაალ ანდრონიკაშვილმა თავიდანვე გვითხრა, რომ ისაუბრებს სტალინიზმზე, არა როგორც კულტზე, არამედ როგორც კულტურაზე, კულტურაზე, რომელიც წარმართავს პოლიტიკასაც და, როგორც ზაალ ანდრონიკაშვილმა თქვა, შესაძლებელია რაღაც დოზით დღესაც მოქმედებს ჩვენზე - ესაა, როგორც მე გავიგე, უფრო საზღვრებში მოქცეული კულტურა, რომელსაც ”სიძველის” პრეტენზია აქვს, ე.ი. ქმნის ილუზიას, რომ ძალიან ძველია. ესაა მოგონილი და ასევე საზღვარში მოქცეული ტრადიციები.

საზღვარში მოქცევის იდეა უკავშირდება ტერიტორიულ ნაციონალიზმს, რომელიც, ზაალ ანდრონიკაშვილის თქმით, არაა იმპერიული, რადგანაც ერთ, კონკრეტულ ტერიტორიას გულისხმობს. მომხსენებელმა გაგვახსენა სტალინის იდეა სოციალიზმის გამარჯვებისა ერთ, ცალკე აღებულ ქვეყანაში. ეს იდეა ეწინააღმდეგებოდა ტროცკის პოზიციას, იმ ტროცკისა, რომელიც მსოფლიო სოციალისტურ რევოლუციას აღიარებდა.

ტერიტორიული გაგება ნაციონალიზმისა სტალინის კულტურულ პოლიტიკაშიც გამოიხატა. ზაალ ანდრონიკაშვილის თქმით:

”მოგეხსენებათ, სტალინის პოზიციამ გაიმარჯვა... და სწორედ აქ იწყება ბევრი საინტერესო რამ, რაც ეხება არა მარტო პოლიტიკას, არამედ ხელოვნების სფეროსაც. ბევრი, სტალინიზმისთვის დამახასიათებელი ფორმულის ჩამოყალიბება ხდება სწორედ ხელოვნების სფეროში. ის, რაც ხდება 1932 წელს, არის პირდაპირი გაგრძელება ”ტერიტორიული პრინციპისა”... ტერიტორიული შეზღუდულობა გულისხმობს იმას, რომ არის არა მარტო სივრცე, არამედ დროც.”
ტერიტორიული შეზღუდულობა გულისხმობს იმას, რომ არის არა მარტო სივრცე, არამედ დროც...

ასე გააუქმა სტალინმა შემოქმედებითი გაერთიანებები და დაშალა პროლეტარულ მწერალთა ასოციაცია. განსხვავებული სტილები გაერთიანდა ერთ, საზღვარში მოქცეულ მიმართულებად, სოციალისტურ რეალიზმად, რომელიც გულისხმობს ფორმით ნაციონალურ და შინაარსით ინტერნაციონალურ ხელოვნებას და ლიტერატურას. შეიქმნა ერთგვარი ფოლკლორიზებული მასკარადი, რომელიც ძალიან კარგად ჩანს, მაგალითად, გრიგორი ალექსანდროვის ფილმში ”ცირკი”... განსხვავებული ნაციონალობის ადამიანები თავიანთ ენაზე უმღერიან იავნანას შავკანიან ბიჭუნას, რომელსაც ბედნიერი შეუძლია იყოს მხოლოდ საბჭოთა კავშირში. მერე კი ისმის დუნაევსკის სიმღერა: ”არსად არ სუნთქავს ასე თავისუფლად ადამიანი, როგორც ჩემს სამშობლოში”..არის თუ არა ეს ნაციონალიზმი? თანაც, არის თუ არა ეს უკიდურესი ნაციონალიზმი?

ფალსიფიცირებული და მოგონილი ცირკის არენა, როგორც საბჭოთა სამოთხის სახე, სტალინის სიკვდილის შემდეგაც წარმოჩნდება ხოლმე - ფალსიფიცირებული ხდება არა მარტო რეალობა, წარმოდგენილი ”სოცრეალიზმის მეთოდით”, ფალსიფიცირებული და მოგონილია ისტორიაც. ზაალ ანდრონიკაშვილმა ამასთან დაკავშირებით გაიხსენა
ლევან სანიკიძის ”უქარქაშო ხმლები”, როგორც, მისი თქმით, ”ფალსიფიცირებული ისტორია”, ჰეროიკული ნარატივის გამძაფრებით.

გამოდის, რომ ”ქართული ნაციონალიზმი”, რომლის ნიშნები ჯერ კიდევ თერგდალეულთა მოღვაწეობაში გაჩნდა, სტალინმა კიდევ უფრო გაამძაფრა? ამ მოსაზრებას რომ დავეთანხმოთ, ახალი კითხვები გაგვიჩნდება. მაგალითად, ”სტალინი და ილია ჭავჭავაძე”, ანდა ”სტალინი და მართლმადიდებლობა”, ”სტალინი და კონსტანტინე გამსახურდია”, ასევე ”სტალინი და ზვიად გამსახურდია”. საკრალური რიტუალები ქართულ პოლიტიკაში - მაგალითად, ”მიხეილ სააკაშვილის ფიცი დავით აღმაშენებლის საფლავზე”... ამ თემებზეც შეიძლება დისკუსიის მოწყობა. და, როგორც ჩანს, მოეწყობა კიდეც. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ ხომ მხოლოდ იმ დღეს, 29 მარტს, გოეთეს ინსტიტუტში აღნიშნა თავისი დაარსების წლისთავი.