ნატოს განცხადებით, ის იძიებს ცნობებს იმის თაობაზე, რომ ლიბიის თავზე მის მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ საჰაერო რეიდს მუამარ კადაფის ძალებთან მებრძოლი ათზე მეტი მეამბოხის სიკვდილი მოჰყვა. ნატოს წარმომადგენელმა, ოანა ლუნგესკუმ დღეს გერმანიის საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, ამ ცნობებს ვიძიებთ, ნატოს მისია კი სამოქალაქო პირების და სამოქალაქო პირებით დასახლებული ადგილების დაცვაა შესაძლო შეტევისგანო. მეამბოხეების განცხადებით, მათი რიგების 13 მებრძოლის დაღუპვა მოჰყვა პარასკევს, ნატოს ხელმძღვანელობით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ქალაქების აჯდაბიასა და ბრეგას შორის, ლიბიის აღმოსავლეთში. ლიბიის ლიდერის ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის წარმოება ნატომ ხუთშაბათს გადაიბარა კოალიციისგან, რომელსაც კოორდინირებას აშშ უწევდა.