ამერიკელმა ადმირალმა, მაიკ მალენმა, ხუთშაბათს შეერთებული შტატების კონგრესის სხდომაზე განაცხადა, რომ მიუხედავად საერთაშორისო კოალიციური ძალების ავიადარტყმებისა, მუამარ კადაფის ძალების დამარცხება საკმაოდ რთულ მისიას წარმოადგენს. მალენის თქმით, კადაფის ჯარის საცეცხლე სიმძლავრე ათჯერ აღემატება ამბოხებულთა შეიარაღებას. კადაფის ძალები გუშინ წარმატებით უტევდნენ ამბოხებულებს და ლიბიის აღმოსავლეთით ქალაქი ბრეგა დაიკავეს. რამდენიმე ხნით ადრე ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებდა, რომ ის არ უჭერს მხარს შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის პოზიციას, მიაწოდონ იარაღი ლიბიელ ამბოხებულებს. მისი განცხადებით, ლიბიაში საერთაშორისო ოპერაციის მთავარ მისიას, რომლის ხელმძღვანელობაც ნატომ აიღო, ლიბიელი ხალხის დაცვა და არა მათი შეიარაღება წარმოადგენს.