რას მოვისმენდი უკაცრიელ კუნძულზე (გაგრძელება)

ჯუზეპე ვერდი

ვაგრძელებ კუნძულზე წასაღები კოლექციის პრეზენტაციას...

მაშ ასე:

5. მეხუთე ვაგნერის "ლოენგრინია". კუნძულზე მხნეობა დამჭირდება. თან "ლოენგრინიც" "პირველ სიყვარულთა" კატეგორიას განეკუთვნება. განსაკუთრებით - გრაალზე ნაამბობი. მართალია, დღეს კარაიანისეული "ლოენგრინი" უფრო მომწონს, ვიდრე რომელიმე სხვა, მაგრამ რაკი ეს მუსიკა დომინგოსა და ჯორჯ შოლტის შესრულებით გავიცანი, კუნძულზეც მას გავიყოლებ. თქვენ კი კარაიანს გიტოვებთ. თქვენ მაინც ისიამოვნეთ.

6. უამრავი ანეკდოტი შექმნილა იმის შესახებ, თუ როგორ სძულდათ ერთმანეთი ვაგნერსა და როსინის. თუმცა, სინამდვილეში, სულაც არ ყოფილა ასე. ვაგნერი სამუდამოდ მოუხიბლავს როსინის "ვილჰელმ ტელს" (ერთხელ პარიზშიც კი სწვევია როსინის, რათა მისთვის თავისი პატივისცემა დაედასტურებინა).

როსინის ყველაზე ცნობილი ოპერა "სევილიელი დალაქია", მაგრამ, გამოვტყდები, ჩემს გულთან "კონკია" უფრო ახლოსაა - ეს ოპერა პირველად ბატონი ნოდარ ანდღულაძის სახლში მოვისმინე (მისივე დაუვიწყარი კომენტარების თანხლებით) და როცა კი ამ ოპერის ღვთაებრივი ჰანგები მესმის, მაშინვე მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების "დვიჟოკებიდან" ახმიანებული მუსიკალური ყოფა მახსენდება.

7. ისევ ვერდი. "ნაბუკო". პირდაპირ გმუხტავს ენერგიით. ძალას გმატებს. ეს კი აუცილებელია, თორემ სულ მთლად წაგახდენს ნესტიანი კუნძული. გაგახსენოთ, როგორ გალია ნაპოლეონმა თავისი ბოლო დღეები?

"ნაბუკოს" არაერთი ჩანაწერი არსებობს, მაგრამ ყველაზე მეტად ახალგაზრდა რიკარდო მუტის შესრულება მომწონს (ახალგაზრდებმა, ვერდიმ და მუტიმ, შეიძლება ითქვას, შესანიშნავად გაუგეს ერთმანეთს). გინახავთ, როგორ დირიჟორობს ეს კაცი "ნაბუკოს" უვერტიურას? თუ არა, აუცილებლად ნახეთ.

ახლა სწორედ უვერტიურიდან მოვისმენთ ფრაგმენტს.