ობამა: ლიბიაში ინტერვენცია „ხოცვა-ჟლეტის“ შესაჩერებლად იყო აუცილებელი

ორშაბათ საღამოს აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ქვეყნის წინაშე ტელევიზიით გამოვიდა და დაიცვა თავისი გადაწყვეტილება ლიბიაში აშშ-ის სამხედრო ძალის გაგზავნის თაობაზე. მისი თქმით, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ინტერვენციამ შეაჩერა ძალადობა, რომელიც „მსოფლიოს სინდისს ლაქად დააჩნდებოდა“.

ნაციონალური ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, დაიცვა თავისი გადაწყვეტილება ლიბიის სამხედრო ინტერვენციაში აშშ-ის ძალების ჩართვის თაობაზე. მისი თქმით, ინტერვენცია რომ არა, ლიბიაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა „მსოფლიოს სინდისს ლაქად დააჩნდებოდა“.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მოქმედების დასაწყებად ის არ დაელოდა „ხოცვა-ჟლეტის ან მასობრივი სასაფლაოების სურათების გავრცელებას“. მისი თქმით, ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა მოქმედება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ლიბიის ლიდერმა, მუამარ კადაფიმ, არ გამოიყენა მისთვის მიცემული შანსი ოპოზიციის ძალებსა და სამოქალაქო პირებზე სასტიკი თავდასხმების შეწყვეტის თაობაზე.

ამის ნაცვლად, - განაცხადა ობამამ, - კადაფიმ მსგავს თავდასხმებს მოუხშირა: „ვიცოდით, რომ კიდევ ერთი დღეც რომ დაგვეცადა, ბენღაზიში [სადაც 700,000 ადამიანი ცხოვრობს] შეიძლებოდა ისეთი ხოცვა-ჟლეტა მომხდარიყო, რომელიც მთელ რეგიონზე იქონიებდა გავლენას და მსოფლიოს სინდისს ლაქად დააჩნდებოდა. ამის დაშვება ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ შედიოდა. მე უარი ვთქვი ამის დაშვებაზე. და ცხრა დღის წინ, კონგრესის ორპარტიულ ხელმძღვანელობასთან კონსულტაციის შემდეგ, სამხედრო ოპერაციის განხორციელების ნება დავრთე ხოცვის შესაჩერებლად და გაეროს უშიშროების საბჭოს 1973-ე რეზოლუციის სისრულეში მოსაყვანად“, - განაცხადა ობამამ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ლიბიის ლიდერს უწოდა „ტირანი“, რომელმაც თავის ხალხს თავისუფლება წაართვა, მათი სიმდიდრე მოიხმარა, შინ და უცხოეთში ოპონენტები ამოხოცა და მსოფლიოში უდანაშაულო ხალხზე - მათ შორის, ამერიკელებზე - ტერორი განახორციელა.

„დღეს კი შემიძლია გაცნობოთ, რომ კადაფის მხრიდან გამანადგურებელი წინსვლა შევაჩერეთ“, - განაცხადა ობამამ.

კოალიციის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს და ფრენის აკრძალვას ლიბიაში ვითარების ოპოზიციისთვის სასიკეთოდ შემობრუნება მოჰყვა. არადა, მოკავშირეთა ინტერვენციამდე ისინი თითქმის დაამარცხეს კადაფის ძალებმა.

ობამა სიტყვით ვაშინგტონში, ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში გამოვიდა, რასაც სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. როგორც წესი, საზღვარგარეთ აშშ-ის სამხედრო ძალების გაგზავნის შესახებ ამერიკის პრეზიდენტები ერს თეთრი სახლის ოვალური ოფისიდან მიმართავენ ხოლმე.

ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიბიის შესახებ მისი გადაწყვეტილება ემყარებოდა საგარეო პოლიტიკის მის დოქტრინას,რომელიც სასურველი ცვლილების მოსახდენად საერთაშორისო კონსენსუსს და მულტილატერალურ ქმედებას ეფუძნება. თავისი მიდგომის გასამყარებლად ობამამ უახლოესი ისტორია გაიხსენა, აუდიტორიას შეახსენა, რომ ბოსნიაში ინტერვენციისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა, მაშინ როცა ლიბიაში ოპერაციის დაწყება ერთ თვეში მოხერხდა.

„სულ რაღაც ერთ თვეში აშშ-მა თავის საერთაშორისო პარტნიორებთან ითანამშრომლა, რათა შექმნილიყო ფართო კოალიცია, უზრუნველყოფილიყო საერთაშორისო მანდატი სამოქალაქო პირების დასაცავად, შეჩერებულიყო წინ წასული არმია, აღკვეთილიყო ხოცვა-ჟლეტა და მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ფრენის აკრძალვის ზონა დაგვეცვა. ამ სამხედრო და დიპლომატიური პასუხის სისწრაფის გასააზრებელი პერსპექტივის შესაქმნელად გავიხსენოთ, რომ 1990-იან წლებში, როცა ბოსნიაში სასტიკად უსწორდებოდნენ ხალხს, სამოქალაქო პირების დასაცავად საჰაერო ძალით ინტერვენციის დასაწყებად საერთაშორისო თანამეგობრობას წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ობამა, ცხადია, მიმართავდა ქვეყანას, რომელიც უკვე ორ ადგილას - ავღანეთსა და ერაყში - იყო ჩართული ომში. ამიტომ ის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ლიბიაში მიმდინარე ოპერაციაში მხოლოდ შეზღუდული ფორმით მიიღებენ მონაწილეობას და რომ ოპერაციას სათავეში ნატო ჩაუდგება.

ობამა აუდიტორიის წინაშე წარდგა კრიტიკული განცხადებების ფონზე - მისი მისამართით კონგრესში ორივე დიდი პარტია გამოთქვამს შენიშვნას, რომ ლიბიაში დაწყებულ საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერისთვის კანონმდებლებს სათანადოდ არ მოეთათბირა. ამასთან, სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობაზე ნაკლები თვლის, რომ სამხედრო ინტერვენცია სწორი გადაწყვეტილება იყო. ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის თანახმად, ამას სწორ გადაწყვეტილებად ამერიკელთა 47 პროცენტი მიიჩნევს, არასწორად - 36.

დაახლოებით იგივე რაოდენობა - 46 პროცენტი - თვლის, რომ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა კადაფის დამხობაზეც უნდა იმუშაონ, 43 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ მიზანს მხოლოდ სამოქალაქო პირების დაცვა უნდა წარმოადგენდეს.

ბარაკ ობამამ გადაჭრით უარყო მოსაზრება, რომ აშშ კადაფის ძალადობრივ დამხობაში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა იქვე აღიარა, რომ ლიბიისა და მსოფლიოსთვისაც უკეთესი იქნება, რომ კადაფი წავიდეს.

ობამამ პარალელი გაავლო ერაყთან და სადამ ჰუსეინის დამხობისთვის აშშ-ის ხელმძღვანელობით წარმართულ კამპანიასთან. ეს უკვე გავაკეთეთ და ამას რვა წელიწადი, ათასობით ამერიკელის და ერაყელის სოცოცხლე და თითქმის ტრილიონი დოლარი დასჭირდაო, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, აშშ თავს უფლებას ვერ მისცემს ლიბიაშიც იგივე გაიმეოროსო.