ქართული პრესის მიმოხილვა, 29 მარტი 2011

დღევანდელი ქართული პრესა მეტწილად ეძღვნება მიუნხენში მომხდარ ინციდენტს ბადრი ბიწაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის. გაზეთების პირველ გვერდებზე უმეტესად სწორედ ამ ორი პოლიტიკოსის ფოტოს ან, უბრალოდ, სახელებს ნახავთ. ”რეზონანსი” წერს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაჩეჩილაძე და ბიწაძე ერთმანეთს მიუნხენის აეროპორტში შეხვდნენ და ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ გაავრცელა ფეისბუკითო. ბიწაძე ამბავს „რეზონანსს“ ასე უყვება: ”თვითმფრინავში დასაჯდომად მივდიოდი, უცებ გამოხტა გაჩეჩილაძე და რაღაცები წამოიყვირა. უნდოდა, რომ წყობიდან გამოვეყვანე და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, თითქოს მე მქონდა რამეზე აგრესიაო“. „ალია“ კი ინციდენტს განსაკუთრებით უღრმავდება და ცდილობს გაარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში აეროპორტში. ნინო ბურჯანაძემ გაზეთს უთხრა, მედია ამბავს აბუქებს, „იმედით“ მთელი დღის განმავლობაში ვისმენთ, თითქოს მიუნხენის აეროპორტში ლამის ხელჩართული ბრძოლა იყო გაჩაღებული, არადა, ამას დაცვა არ დაუშვებდაო. ამის მიუხედავად, „ალიას“ პირველ გვერდზე ასეთი ფრაზა აქვს გამოტანილი: ”ბიწაძემ, ვის უბედავ შე, ... და გრეჩიხამაც ეგრევე ლეწა”. ეს ანონიმი თვითმხილველის ვერსიაა. ის ამბობს, ლევან გაჩეჩილაძემ სილა კი არ გააწნა, არამედ გაშლილი ხელი ჩასცხო და შეიძლება ფეხიც ჩაარტყა, თუმცა ეს მთლად კარგად არ ჩანდაო.

დანარჩენ ოპოზიციას რაც შეეხება, კერძოდ კი, „რვიანს“, ”რეზონანსი” აქვეყნებს სტატიას, სათაურით: ”საარჩევნო გარემოსთვის მუშაობა საბოლოოდ ჩავარდა”. გაზეთი წერს, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლებას რადიკალური ოპოზიციის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს და დარწმუნებულია, რომ ამ კომპრომატების გამოყენებით ქვეყანაში ვითარების დაძაბვის თავიდან აცილებას შეძლებსო. რაც შეეხება ოპოზიციის მეორე ნაწილს, ხელისუფლება მას საფრთხედაც კი აღარ მიიჩნევსო. „რეზონანსი“ წერს, ოპოზიცია იმას, რომ ხელისუფლება არაფრის დათმობას არ აპირებს, უფრო იმედის მომცემად აღიქვამსო: "თავად ის ფაქტი, რომ დღეს ბატონი პავლე კუბლაშვილი არ იყო მისთვის ჩვეული ცინიზმითა და ღიმილით მორთულ-მოხატული, იყო საკმაოდ აღგზნებული და საკმაოდ ნერვული, რაღაც-რაღაცებზე მიანიშნებს გამოცდილ თვალს", - უთხრა „რეზონანსს“ ახალმა მემარჯვენე მამუკა კაციტაძემ.

”24 საათი” კი ამ საქმესთან დაკავშირებით ორ სტატიას აქვეყნებს, ორივეს არსი სათაურით შემიძლია გადმოგცეთ - ერთს ჰქვია „კომპრომისის დეფიციტი“, მეორეს კი - „წაგებული დარჩება ორივე მხარე“.