გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აღიარებს, რომ მისმა კოალიციამ ამ შაბათ-კვირას გამართულ რეგიონულ არჩევნებში „ძალიან მტკივნეული“ მარცხი განიცადა. მერკელის მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ სამხრეთდასავლეთის მხარეში, ბადენ-ვიურტემბერგში ხელისუფლება დაკარგა. არჩევნებში გამარჯვება მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ მოიპოვა. ბირთვული ენერგეტიკის მოწინააღმდეგე მწვანეთა პარტიას პირველი სამხარეო მმართველი ეყოლება. მერკელის კონსერვატიული, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ამ მხარეს 1958 წლის შემდეგ განაგებდა. იაპონიაში, მიწისძვრით და ცუნამით დაზიანებული ფუკუშიმის ატომური სადგურის ირგვლივ შექმნილმა კრიზისმა მერკელი აიძულა გადაჭრით შეეჩერებინა ახლახან შემუშავებული გეგმა გერმანიის ბირთვული სადგურების მუშაობის ვადის გახანგრძლივების შესახებ. მისი ბრძანებით, დროებით იხურება ყველაზე ძველი შვიდი რეაქტორი - ქვეყანაში მოქმედ ყველა, ანუ მთლიანობაში 17 რეაქტორს კი შემოწმება ჩაუტარდება.