უცხოეთის პრესის მიმოხილვა, 26 მარტი 2011

მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესაში საქართველოს შესახებ ბევრი წერილი არ დაბეჭდილა, თუმცა რამდენიმე საინტერესო პუბლიკაცია იყო.

დავიწყოთ ჟურნალ „ნეიშენალ ინტერესტში“ 24 მარტს გამოქვეყნებული ინტერვიუთი რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე ალექსანდრ ტორშინთან. „ტერორი კავკასიიდან“ - ასე ეწოდება ინტერვიუს, რომელიც ტორშინს „ნეიშენალ ინტერესტის“ ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ სანდერსმა ჩამოართვა. საუბრის დასაწყისში ტორშინს სთხოვენ განმარტოს, რას ემყარებოდა მისი მხრიდან საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში, 24 იანვარს მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში. ტორშინი პასუხობს: „შესაძლოა იცოდეთ, რომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ გამოიკვეთა მტკიცებულებები, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მოქმედ ტერორისტულ და ექსტრემისტულ ჯგუფებს საქართველოსთან ჰქონდათ კავშირი“. „რას გულისხმობთ?“ - ეკითხება მას ინტერვიუერი. - „მტკიცებულებას, რომ საქართველოს მთავრობას ჩრდილოეთ და სამხრეთ ისეთში ან ჩეჩნეთსა და დაღესტანში მოქმედ ტერორისტულ ჯგუფებთან ჰქონდა კავშირი?“ ტორშინის პასუხი ასეთია: „ეს ბუნებრივი იქნებოდა, საქართველოს მის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესების მკაცრად გაკონტროლება რომ შეძლებოდა. მაგრამ პრობლემა უკავშირდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ლტოლვილთა ბანაკებს. რეალურად, ამ ადგილებში ტერორისტების და ექსტრემისტების ჯგუფების ერთგვარი შტაბბინა იყო შექმნილი - ვგულისხმობ ადგილებს, სადაც ეს ლტოლვილთა ბანაკები მდებარეობს“. შემდეგ ჟურნალისტი ტორშინს სთხოვს დაასახელოს ერთი კონკრეტული ტერორისტული ჯგუფი, რომელთანაც, მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ჰქონდა კავშირი. ამ შეკითხვის პასუხად, ტორშინი ახსენებს დიმიტრი სანაკოევს და მის კავშირებს საქართველოს მთავრობასთან. ხოლო შეკითხვას, რამდენად არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სანაკოევს ჰქონდა კავშირი დომოდედოვოს ტერაქტთან, ტორშინი უპასუხებს: „იცით, ახლა გამოძიება მიმდინარეობს და ფაქტები ჯერ კიდევ უნდა დადასტურდეს. ჯერ კიდევ ძალიან ადრეა ამაზე რაიმე კონკრეტული ითქვას. მაგრამ ცხადია, რომ უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ ხალხს საკმაოდ ადვილად შეუძლია იმოძრაოს რუსეთსა და საქართველოს შორის და პირიქით. ამას კი სხვა პრობლემა მოაქვს: ტერორისტებს ნარკოტიკებით და იარაღით შეუძლიათ რუსეთიდან საქართველოში წავიდნენ და პირიქით. არის ასევე მტკიცებულება, რომ დომოდედოვოს თავდამსხმელის, მაგომედ იევლოევის, ერთ-ერთი ძალიან ახლო მეგობარი ბევრჯერ შენიშნეს რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვარზე გადასვლისას. არის მოლოდინი, რომელიც უნდა დადასტურდეს, რომ ის შესაძლოა ახლაც საქართველოში იმყოფება“. ალექსანდრ ტორშინთან ინტერვიუს სრულად „ნეიშენალ ინტერესტის“ 24 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

22 მარტს საფრანგეთში გამომავალმა „ლე მონდ დიპლომატიკმა“ დაბეჭდა სტატია, სათაურით „ქართველები, რომლებიც შინ ვერ ბრუნდებიან“. სტატია, როგორც სათაურიდანაც ჩანს, იძულებით ადგილნაცვალ პირთა მდგომარეობას და პრობლემებს ეხება. „1990-იანი წლების კონფლიქტებმა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა მეოთხედ მილიონზე მეტი ადამიანი სახლებს მოაშორა და ძალიან მწირ პირობებში დატოვა - ასე რომ, ვითარების მშვიდობიანი დასრულების პერსპექტივა კვლავაც არ ჩანს“, - ასე იწყება სტატია, რომელიც ჟურნალისტ ანგელა რობსონს ეკუთვნის. „ადრეულ 1990-იან წლებში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 220,000-მდე ეთნიკურმა ქართველმა დატოვა. ამას დაემატა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იძულებით ადგილნაცვალი 26,000 პირი და, საერთო ჯამში, ახლა 246,000 ადგილნაცვალი ადამიანია, ანუ მთელი მოსახლეობის დაახლოებით 6 პროცენტი“. ჟურნალისტი აღწერს იძულებით ადგილნაცვალ პირთა პრობლემებს - უმუშევრობას, ცუდ საცხოვრებელ პირობებს, სიღარიბეს. „კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები ხალხის უმრავლესობას მოხუცები, ბავშვები და შეზღუდული უნარების მქონე ადამიანები წარმოადგენენ, რომლებსაც ალტერნატიული თავშესაფრის მოძებნა უსახსრობის გამო არ შეუძლიათ“, - წერს ჟურნალისტი. ანგელა რობსონს მოჰყავს 2003 წელს გაეროს მიერ შემუშავებული სტატისტიკა, რომ თბილისში იძულებით ადგილნაცვალ პირთა კოლექტიური საცხოვრებელი ფართის დაახლოებით 70 პროცენტი თავშესაფრის მინიმალურ სტანდარტსაც კი არ აკმაყოფილებდა.

სტატიის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ამ კოლექტიური საცხოვრებლებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლებას, რაც ახლახან განხორციელდა. „2010 წლის აგვისტოში „ოქსფამ ჯორჯიამ“ მოუწოდა საქართველოს მთავრობას მეტი გაეკეთებინა იძულებით ადგილნაცვალი პირებისთვის მას შემდეგ, რაც 5,000 ადგილნაცვალი ადამიანი იძულების ფორმით გამოასახლეს თბილისში მდებარე საცხოვრებლიდან. ზოგიერთ შემთხვევაში მათ ალტერნატიული საცხოვრებელიც კი არ შესთავაზეს - უთხრეს, ნათესავებთან ან მეგობრებთან შეაფარეთ თავიო. გამოსახლების პროცესის დროს ბევრმა ოჯახმა დაკარგა თავისი ქონება“. ავტორი წერს, რომ ამის შემდეგ ადგილნაცვალი პირები სოფელ ფოცხოეწერში ჩაასახლეს. სტატიაში მოყვანილია „ოქსფამ ჯორჯიას“ დირექტორის ქეთი გეტიაშვილის შეფასება, რომ ფოცხოეწერი იზოლირებული ადგილია, სადაც ცხოვრების სტანდარტი საბაზისოზე დაბალია და ბევრ ჩასახლებულს ელექტროენერგიის და წყლით მომარაგების გარეშე უწევს ცხოვრება. სრულად სტატიას „ლე მონდ დიპლომატიკის“ 22 მარტის ნომერში ნახავთ.