პროტესტი ბაშკირეთში

ბაშკირეთი, 2010 წ.: ახალგაზრდების პროტესტი უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობასთან

ბაშკირეთში გაიმართა დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებიც პროტესტს გამოთქვამენ ბაშკირ ნაციონალისტებზე „პოლიციის ზეწოლის“ გამო და მოითხოვენ ორი აქტივისტის გათავისუფლებას. გამოსვლის ორგანიზატორი ჯგუფი, ბაშკირი ახალგაზრდების კავშირი, აქამდეც გამოთქვამდა უკმაყოფილებას, მისი შეფასებით, ბაშკირული ენისა და კულტურის შევიწროვების გამო. გამოდის, ახლაგაზრდები აკრიტიკებენ მოსკოვის პოლიტიკას მაშინ, როცა კრემლში ირწმუნებიან, რომ რუსეთი მულტიკულტურული, მრავალკონფესიური ფედერაციაა...

მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში იანვარში მოწყობილი სისხლისმღვრელი აფეთქების, მოგვიანებით კი კავკასიელებსა და შუააზიელებზე რუსი ნაციონალისტების თავდასხმების შემდეგ, პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სახელმწიფო საბჭოს სხდომა მოიწვია, მულტიკულტურულ საზოგადოებაზე სასაუბროდ. სხდომა ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში ჩატარდა.

„პრეზიდიუმის დღევანდელი სხდომა ეძღვნება ჩვენს ქვეყანაში ერთა შორის თანხმობის განმტკიცებისაკენ მიმართული ზომების განხილვას. ამ საკითხის განხილვის მიზეზები და მოტივაცია, ვფიქრობ, თქვენთვის, ყველასთვის გასაგებია. ეს არის უბრალოდ ნიშანი იმის, რომ ჩვენთან აქ ყველაფერი კარგად არ არის“, - განაცხადა პრეზიდენტმა მედვედევმა 11 თებერვალს ბაშკირეთში. მანამდე სამი დღით ადრე რუსეთის უშიშროების ძალებმა ამავე რეგიონში დააპატიმრეს ისლამურ ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი ოთხი პირი.

ჩრდილოეთ კავკასიაში ძალადობისა და მისი სხვა რეგიონებზე გავრცელების საფრთხის მიუხედავად, მედვედევი სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას დარწმუნებული ჩანდა, რომ კრემლის პოლიტიკა სწორ კონცეფციას ემყარება. „ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენს სახელმწიფოში, როგორც სხვაგან არსად - ხაზგასმით ვამბობ: სხვაგან არსად! - არსებობს სხვადასხვა ეთნოსისა და კულტურის ერთად ცხოვრებისა და განვითარების უნიკალური გამოცდილება. ისინი ერთმანეთს ამდიდრებდნენ, ერთმანეთს ეხმარებოდნენ თავიანთი განვითარების ყველაზე რთულ პერიოდში, ყველაზე დრამატულ პერიოდებში, ომის პერიოდის ჩათვლით“, - აღნიშნა მედვედევმა, თუმცა, იმავე სხდომაზე ყურადღება გაამახვილა რუსული ენის ცოდნისა და ერთიანი კულტურის განმტკიცების აუცილებლობაზე.

შეუსაბამობა მედვედევის რიტორიკაში (ისევე როგორც შეუსაბამობა მის რიტორიკას და ქმედებას შორის) ასახავს ღრმა წინააღმდეგობრიობას ეთნიკური უმცირესობებისადმი მოსკოვის პოლიტიკაში. რუსეთის, როგორც მულტიკულტურული ფედერაციის სტატუსს მრავალი წელია, ძირს უთხრის ცენტრალიზაციისაკენ მიმართული პოლიტიკა, რომელსაც მედვედევი და პრეზიდენტის პოსტზე მისი წინამორბედი, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ახორციელებენ.

უკმაყოფილოები მარტო ჩრდილოეთ კავკასიაში არ არიან.

3 მარტს ბაშკირი ახალგაზრდების კავშირმა დაიწყო შიმშილობა ბაშკირ ნაციონალისტებზე, ორგანიზაციის შეფასებით „პოლიციის ზეწოლის“ გამო და იმავდროულად მოითხოვა, გაათავისუფლონ ორგანიზაციის ყოფილი ლიდერი არტურ იდელბაევი და ბაშკირი აქტივისტი აირათ დილმუხამეტოვი, რომლებსაც თაღლითობასა და ექსტრემიზმში ადანაშაულებენ. ერთი კვირის განმავლობაში შიმშილობაში 150-მდე ადამიანი ჩაერთო. 13 მარტს ორგანიზატორებმა დროებით შეაჩერეს საპროტესტო აქცია, საქმეში ბაშკირეთის პრეზიდენტის, რუსტამ ხამიტოვის ჩარევის შემდეგ.

მაგრამ 23 მარტს აქტივისტებმა გამოაცხადეს, რომ მათი მოთხოვნები ჯერ არ შესრულებულა, რის გამოც აპრილში განაახლებენ შიმშილობას. მანამდე კი ჩატარდება დემონსტრაციები მხარდაჭერის მოსაპოვებლად. პირველი ასეთი დემონსტრაცია პარასკევს გაიმართა.

„ამ, პირველ შეკრებაზე ვაპირებთ, მთავრობისა და უშიშროების სამსახურისაგან მოვითხოვოთ, თავი დაანებონ ეთნიკურ და მუსლიმ ლიდერებს. მიმდინარეობს მათი დევნა“, უთხრა ჩვენს რადიოს ბაშკირი ახალგაზრდების კავშირის წარმომადგენელმა, ფლორიდ ბაგაიევმა. ბაგაიევი აცხადებს, რომ უშიშროების ძალები მივიდნენ ბაშკირულ სკოლებში, გაზეთების რედაქციებში და მათ ბრალი დასდეს ექსტრემისტული შინაარსის ვებსაიტებით სარგებლობაში.

ბაშკირი ახალგაზრდების კავშირი, მისივე განცხადებით, ცდილობს, დაიცვას ბაშკირული ენა და კულტურა, რადგან ბაშკირულად განათლება იზღუდება, ისევე როგორ ბაშკირულენოვანი მაუწყებლობა მედიაში.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელმა, სამართლის ექსპერტმა მეხტი შარიფოვმა ამ კვირაში გამოაქვენა ანალიტიკური სტატია, რომელშიც ასახულია მოსკოვის ბოლო ათწლეულის ძალისხმევა, რუსეთი აქციოს უნიტარულ სახელმწიფოდ ძალაუფლების ვერტიკალური სტრუქტურით. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს „ინსტიტუციური ინსტრუმენტები“ საიმისოდ, რომ რეგიონების ხელმძღვანელობამ და ადგილობრივმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

შარიფოვის შეფასებას იზიარებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ რიჟკოვიც. ის, უწინარეს ყოვლისა, პუტინის როლზე საუბრობს. „თვით ის იდეოლოგია, რომელსაც ის (პუტინი) ნერგავს, გამანადგურებელია ქვეყნისათვის. რადგან ის, ფაქტიურად, იმპერიალისტია. ფაქტიურად, ის ახალ რუსეთს აშენებს ამ ბიუროკრატიულ-პოლიციურ ვერტიკალზე, აშენებს, როგორც იმპერიას. ის, მაგალითად, თათრეთს, ბაშკირეთს, იაკუტიას განიხილავს, როგორც იმპერიის პროვინციებს“, - ამბობს რიჟკოვი.

2004 წელს ბესლანში დატრიალებული ტრაგედიის - ტერაქტის შედეგად სკოლაში ასობით ბავშვის დაღუპვის - შემდეგ რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, გააუქმა ფედერალური სუბიექტების ხელმძღვანელთა პირდაპირი არჩევნები. მას შემდეგ კრემლი ნიშნავს ფედერალური სუბიექტების ხელმძღვანელებს, რომლებსაც მერე ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოები ამტკიცებენ. შედეგია ის, რომ გუბერნატორებს, რესპუბლიკების ხელმძღვანელებს ადგილზე სათანადო მხარდაჭერა და, შესაბამისად, ლეგიტიმურობა აკლიათ. ასეა ბაშკირეთის პრეზიდენტ რუსტამ ხამიტოვის შემთხვევაშიც.

ოპოზიციონერ ვლადიმირ რიჟკოვის აზრით, საქმე ეხება პუტინის მიზანმიმართულ პოლიტიკას ფედერალური სისტემის დასასუსტებლად: „ის იქ უშვებს, ფაქტიურად, დანიშნულ გუბერნატორებს. მას ძალოვანი სტრუქტურები ფაქტიურად გამოჰყავს ადგილობრივ საზოგადოებათა ყოველგვარი გავლენიდან. პოლიციის შესახებ ახალი კანონი კიდევ უფრო აძლიერებს ამ ვერტიკალს. ანუ, მილიცია გარედანაა მართული, ისევე როგორც უსაფრთხოების ფედერალური სამსახური, საგადასახადო, პროკურატურა, ციხეებიც გარედანაა, გუბერნატორი კი მოსკოვიდან“...

რიჟკოვს, ისევე როგორც ექსპერტების ნაწილს, ეჭვი ეპარება, რომ მთლიანად მოსკოვის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულ უნიტარულ სახელმწიფოში მოიძებნება ადგილი ადგილობრივი თვითმმართველობისათვის. და სანამ აქტივისტებს, თუნდაც ბაშკირი ახალგაზრდების კავშირის წევრებს, არა აქვთ სარბიელი მნიშვნელოვან საკითხებზე შეხედულების გამოსათქმელად, ადგილზე მისაღებ გადაწყვეტილებებზე გარკვეული გავლენის მოსახდენად, კიდევ უნდა მოველოდეთ დემონსტრაციებს, შიმშილობის აქციებს და, შესაძლოა, უფრო რადიკალურ პროტესტს.