კრემლში ადასტურებენ, რომ მოსალოდნელია ვაშინგტონში პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის ვიზიტი.
ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, დმიტრიევი აშშ-ში ამ კვირაში ჩავა და პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, შეხვდება.
მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ჟურნალისტებმა დღეს, 2 აპრილს, მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვს.
„დიახ, ვადასტურებ. ასეთი ვიზიტი შესაძლებელია“, - პესკოვის ეს პასუხი ციტატად მოჰყავს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ინტერფაქსს“. პუტინის პრესმდივანმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ განაგრძობენ „სხვადასხვა არხით ამერიკელებთან ურთიერთობას“.
ასევე ნახეთ CNN: ვაშინგტონში ჩადის რუსი მაღალჩინოსანი, რომელსაც სანქციები დროებით მოუხსნესკირილ დმიტრიევი რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი და უცხოეთის ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენელია.
ის მონაწილეობდა რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრაში, რომელიც თებერვალში საუდის არაბეთში გაიმართა.
დმიტრიევი უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო აშშ-ის მიერ სანქცირებულ რუს მაღალჩინოსნებს შორისაა. ამ პირებს აკრძალული აქვთ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.
CNN-ის წყაროთა თანახმად, იმისთვის, რომ კირილ დმიტრიევმა ვაშინგტონში ჩასვლა შეძლოს, შეერთებულმა შტატებმა დროებით შეაჩერა მის წინააღმდეგ სანქციების მოქმედება.
ასევე ნახეთ რუსეთში აცხადებენ, რომ ამერიკელებთან დაიწყეს დისკუსია იშვიათ მიწათა ლითონებზე