ლარის 30 წლის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

ქართული ლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს ქართული ვალუტის - ლარის - 30 წლის იუბილეს აღნიშვნას. ამისთვის 771 ათასი ლარი დაიხარჯება - ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე გაფორმდება.

„ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად 2025 წელს დაგეგმილია მასშტაბური ღონისძიებები, მათ შორის მაღალი დონის, საერთაშორისო ფორუმი (2025 წლის 29 - 31 მაისი) მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტებისა და ვიცე-პრეზიდენტების მონაწილეობით, ქართული ფულის კატალოგის გამოშვება, საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია და სხვა“, - მისწერა ეროვნულმა ბანკმა შესყიდვების სააგენტოს.

ბანკის თანახმად, 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია:

  • ლოგოს და მისი ე.წ. ბრენდბუქის შემუშავება;
  • ღონისძიების "ფროდაქშენ მომსახურება", მათ შორის საიმიჯო რგოლის დამზადება;
  • ღონისძიების ორგანიზება სასტუმრო „შერატონში“;
  • მიღების/Welcome reception და სადილის/gala dinner ორგანიზება 2025 წლის 29 და 30 მაისს (სარესტორნო მომსახურების გარდა);
  • სტუმრების დახვედრა-გაცილება.

საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი - მიმოქცევაში 1995 წლის 25 სექტემბერს ჩაეშვა და იმავე წლის 2 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.