სენატორები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ, გაყინული აქტივები რუსეთზე ზეწოლისთვის გამოიყენოს

საილუსტრაციო ფოტო. აშშ-ის დროშა კონგრესის შენობასთან, ვაშინგტონში

საილუსტრაციო ფოტო. აშშ-ის დროშა კონგრესის შენობასთან, ვაშინგტონში

ამერიკელი სენატორების ჯგუფი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთისთვის გაყინული, 300 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების აქტივები მთლიანად უნდა გამოიყენოს უკრაინის დასახმარებლად.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამ შინაარსის წერილი რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების ჯგუფმა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს 21 მარტს გაუგზავნა.

დღემდე აშშ უკრაინის დასახმარებლად იყენებს მხოლოდ იმ თანხას, რომელიც გაყინულ რუსულ აქტივებს პროცენტის სახით ერიცხება.

ამერიკელ სენატორებს აინტერესებთ, მიიჩნევს თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომ აშშ-სა და ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივები უნდა გამოიყენოს ბერკეტად უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთთან მოლაპარაკებებში. წერილს ხელს აწერენ რესპუბლიკელი სენატორები ტოდ იანგი და ლინდსი გრემი და დემოკრატები რიჩარდ ბლუმენტალი და ტიმ კეინი.

ასევე ნახეთ ევროკავშირს შეუძლია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის სახით გამოიყენოს რუსეთის აქტივები

გერმანული მაუწყებელი DW 20 მარტს ევროკავშირის სამიტის დასკვნების დოკუმენტზე დაყრდნობით წერდა, რომ ევროკავშირმა შეწყვიტა 200 მილიარდ ევროზე მეტის გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციაზე დისკუსია.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის აქტივები უძრავად უნდა დარჩეს, სანამ ის არ შეწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ ომს და ზარალს არ აუნაზღაურებს.