18-მეტრიანი ავტობუსებისთვის ავტობაზა დათქმულ დროში ვერ აშენდა

18-მეტრიანი ავტობუსი

18-მეტრიანი ავტობუსი

დედაქალაქის ახალი ავტობუსებისთვის ავტობაზა დათქმულ ვადაში ვერ აშენდა. სამუშაოები 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადამ ექვსი თვით გადაიწია და ორ წლამდე გახანგრძლივდა.

​ახალი ავტობაზის აშენება თბილისში ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსების ხაზებზე გასაშვებად აუცილებელი პირობაა. ახლა მხოლოდ მათ ნაწილს გადაჰყავს მგზავრები, დანარჩენების ექსპლუატაცია კი არ დაწყებულა.

ასევე ნახეთ 18-მეტრიანი ავტობუსები მარტიდან 4 მიმართულებით იმოძრავებს

„Construction Service-ის" მიერ გამოვლენილ იქნა სამუშაოების შემაფერხებელი, გაუთვალისწინებელი ობიექტური გარემოებები, რის საფუძველზეც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადამ გადაიწია 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში.

ავტობაზას 60-მილიონიანი ხელშეკრულებით შპს Construction Service აშენებს. კომპანიის დირექტორი გიორგი გაბუნია ამბობს, რომ მშენებლობა დასრულების პროცესშია, შესრულებულია სამუშაოების დიდი ნაწილი, დაახლოებით 85%.

„მოთხოვნა იყო ევროპული ნორმებით აშენება და დასჭირდა ქართულ ნორმებზე ადაპტირება... არალოგიკური ვადა იყო მოცემული ტენდერში, შეთანხმებას მივაღწიეთ ვადის გახანგრძლივებაზე... პროექტი თითქმის დასრულებულია, გადის უკვე ექსპერტიზას“, - ამბობს კომპანიის დირექტორი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ახალი ავტობაზის ასაშენებლად თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერი 2023 წლის აპრილში გამოაცხადა, გამარჯვებულ Construction Service-თან ხელშეკრულება დაიდო იმავე წლის 30 ივნისს. შეთანხმების მიხედვით, სამუშაოები 18 თვეში უნდა დასრულებულიყო. თბილისის მერი კახა კალაძე ამბობდა, რომ ავტობაზა 2024 წლის ბოლომდე უნდა აშენებულიყო.