თავდაპირველად გავრცელებული ცნობების თანახმად, ამილახვარი რექტორად დაინიშნა, თუმცა უნივერსიტეტმა ეს ინფორმაცია უარყო. IBSU-ს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამილახვარი უნივერსიტეტის კონსულტანტად დაინიშნა.
ამავე განცხადების თანახმად, უნივერსიტეტს, რომელმაც სამი თვის წინ გაიარა ხელახალი ავტორიზაცია, „ამბიციური გეგმები აქვს“, ხოლო ამილახვარს „საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება გააჩნია“.
უნივერსიტეტის თანახმად, გიორგი ამილახვარი, როგორც „დარგის პროფესიონალი“, უნივერსიტეტს „დაეხმარება ახალი გამოწვევების დაძლევასა და განვითარებაში“.
გიორგი ამილახვარი მინისტრის პოსტიდან 28 სექტემბერს გადადგა. ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს და გუნდის წევრებს სთხოვა, „4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, შესაძლებლობა მიეცათ, ისევ კერძო სექტორში დაბრუნებულიყო“.
„ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მინისტრის თანამდებობა“, - თქვა მან და „ქართული ოცნების“ ლიდერებს მადლობა გადაუხადა.
გიორგი ამილახვარი, - პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“, - 2023 წლის 20 მარტიდან დაინიშნა მინისტრად და მიხეილ ჩხენკელი შეცვალა. 2024 წლის 2 ოქტომბერს კი იგი ალექსანდრე წულაძემ ჩაანაცვლა.
შავი ზღვის უნივერსიტეტი, რომელიც წლების განმავლობაში „ჩაღლარის ქსელის“ ნაწილი იყო, 2023 წლის შემოდგომაზე გაიყიდა. მისი მფლობელია კახა შენგელია, რომელიც ამავე დროს „კავკასიის უნივერსიტეტის“ დირექტორია.