დააკავეს "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობაში ბრალდებული კაცი

ბრალდება 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 14 მარტს, გვიან ღამით ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

შსს-ის მიერ 17 მარტს გავრცელებული განცხადების თანახმად, დაკავებულია 1975 წელს დაბადებული პირი, ინიციალებით გ.უ.

ეს ინიციალები ემთხვევა მედიის გავრცელებულ ცნობებს, რომ დაკავებულია გელა უძილაური.

კერძოდ, "ტვ პირველის" ცნობით, მათი დაუსახელებელი წყარო „ძალოვანებიდან“ აღნიშნავს, რომ პოლიციამ 50 წლამდე ასაკის გელა უძილაური რამდენიმე საათის წინათ საქართველოს ტერიტორიაზე დააკავა.

შსს-ის ცნობით, ის დააკავეს თბილისში, თუმცა ჯერ უცნობია, რა გარემოებებში.

ის დაკავებულია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

ბრალდება 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, მან თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ორ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ლევან ჯანგველაძე ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი თანმხლები პირი კლინიკაში გადაიყვანეს.

ასევე ნახეთ ჭავჭავაძეზე მოკლული კაცი, მედიის ცნობით, ლევან ჯანგველაძეა, "კანონიერი ქურდის" ძმა

მოკლული 58 წლის ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძეა, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ქუჩაში დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა.

"ტვ პირველმა“ გაავრცელა კადრები შემთხვევის ადგილიდან, რომლებშიც ჩანს, რომ მკვლელი მათ ჭავჭავაძეზე ელოდებოდა და როცა ერთ-ერთი დაწესებულებიდან გამოვიდნენ, აედევნა, რამდენიმე მეტრი მათთან ერთად გაიარა და შემდეგ დაესხა თავს.

შემთხვევა 14 მარტს, 23:32 წუთზე მოხდა.

მედიის ცნობით, მოკლული ლევან ჯანგველაძე „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის (მეტსახელად „სოხუმსკის“) ძმა იყო.