„ტრამპის ადმინისტრაციის უახლესი მცდელობა, დაშალოს კონგრესის მიერ შექმნილი და დაფინანსებული ერთეულები, რომლებიც აწვდიან ზუსტ, მიუკერძოებელ ინფორმაციას ასობით მილიონ ადამიანს იმ ქვეყნებში, სადაც პრესის თავისუფლება თავდასხმის ქვეშაა, ძირს უთხრის აშშ-ის თავდადებას დემოკრატიისადმი“, - აცხადებს სენატორი შაჰინი.
„USAGM-ის ქსელები და სუბიექტები, რომელთა დამოუკიდებლობაც კანონით არის მოთხოვნილი, მთელს მსოფლიოში ასაქმებს ნიჭიერ ჟურნალისტებს, რომლებსაც თავი აქვთ მიძღვნილი ინფორმირების, ჩართულობისა და თავისუფლების მხარდაჭერის მისიისათვის“, - წერს იგი 17 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
„თუ პრეზიდენტი ტრამპი თავისას მიაღწევს, ისინი, - ვინც დამოკიდებულნი არიან აშშ-ის მხარდაჭერილ დამოუკიდებელ მედიაზე, როგორც ჩინეთისა და კრემლის მიერ მართული მედიასაშუალებების ალტერნატივაზე, და ისინი, ვინც ავტორიტარული რეჟიმების ქვეშ ცხოვრობენ, - დაკარგავენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამაშველო ხაზს“, - აცხადებს სენატორი.
მისი თქმით, იმუშავებს, რათა USAGM-ის „კანონით მოთხოვნილი ფუნქციები დაცული იყოს“.
14 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას შვიდი ფედერალური სააგენტოს, მათ შორის აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) შემცირების შესახებ.
USAGM მეთვალყურეობს მედიაკორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას, „ამერიკის ხმასა“ და სხვა რამდენიმე მედიასაშუალებას.
განკარგულების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გასაჯაროვდა USAGM-ის წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ წყდება აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებული RFE/RL-ის დამფინანსებელი გრანტი.
17 მარტს LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ პოსტში RFE/RL-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლისა კერტისმა ოთხი მიზეზი დაასახელა, რომელთა გამოც, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უკანონოა.
- „ის არღვევს RFE/RL-ის მმართველ წესდებას.
- არღვევს კონგრესის ასიგნაციების კანონებს.
- არღვევს აშშ-ის კონსტიტუციას. კონსტიტუციის ასიგნაციებისა და მზრუნველობის აქტების, ასევე კონგრესის მიერ გამოყოფილი სახსრების კონტროლის აქტის უგულებელყოფა არ შეიძლება. [უზენაესი სასამართლოს] მოსამართლე კავანო ამას ეთანხმება და ასეც თქვა ეიკენის ოლქის 2013 წლის გადაწყვეტილებაში.
- და ბოლოს, გრანტის შეჩერება, თავისთავად, უკანონოა“, - წერს ლისა კერტისი.
RFE/RL-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თანახმად, კომპანიის სამართლებრივი გუნდი „მზადაა, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა უზრუნველყოს, რომ RFE/RL-მა გააგრძელოს კონგრესის მიერ განსაზღვრული მისია“.
რადიო თავისუფლების საკითხი განიხილეს დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. მედიაორგანიზაციის შტაბ-ბინა პრაღაში მდებარეობს - საკითხი სწორედ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ დააყენა. მას მხარი სხვა მინისტრებმაც დაუჭირეს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადეკ სიკორსკიმ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მინისტრმა ლიპავსკიმ „ამ ორი მედიასაშუალების [რადიო თავისუფლებისა და "ამერიკის ხმის"] შესყიდვაზეც კი ისაუბრა“.
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უზენაესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა კი განაცხადა, რომ „ბევრი ორგანიზაციაა, რომლებიც მსგავსი თხოვნით მოგვმართავენ“, თუმცა დასძინა:
„მაგრამ ძალიან დიდი სურვილი ჩანდა საგარეო მინისტრებისგან, რომ ეს საკითხი [რადიო თავისუფლების დაფინანსება] განვიხილოთ და რაიმე გზა ვიპოვოთ“.
USAGM არის აშშ-ის დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს ახალი ამბებისა და ინფორმაციის ტრანსლაციას თითქმის 50 ენაზე დაახლოებით 361 მილიონი ადამიანისთვის.
USAGM-ის 2025 წლის ბიუჯეტის მოთხოვნა 950 მილიონი აშშ დოლარი იყო მთელი მისი ოპერაციების დასაფინანსებლად ისეთი მედიასაშუალებებისთვის, როგორიცაა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება, „ამერიკის ხმა“, რადიო თავისუფალი აზია, რადიო მარტი (კუბა), ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელი (MBN) და ფონდი „ღია ტექნოლოგია“, რომელიც მუშაობს საინტერნეტო პროექტების განვითარებაზე, მათ შორის ონლაინ უსაფრთხოებისა და ანონიმურობის სფეროში.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, სტივენ კაპუსმა, შაბათს საღამოს გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ USAGM-თან საგრანტო ხელშეკრულების გაუქმება „უზარმაზარი საჩუქარი იქნება ამერიკის მტრებისთვის“:
„ირანის აიათოლები, ჩინელი კომუნისტი ლიდერები, ავტოკრატები მოსკოვსა და მინსკში RFE/RL-ის სიკვდილს იზეიმებენ მისი 75 წლის იუბილეს წინ. ჩვენი მოწინააღმდეგეების გამარჯვება მათ უფრო გააძლიერებს, ამერიკას უფრო დაასუსტებს“, - თქვა კაპუსმა განცხადებაში.