რუბიო: „გეგმა ა“ უკრაინა-რუსეთს შორის სროლის შეწყვეტა, „გეგმა ბ“ - მოლაპარაკების დაწყება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო

აშშ მოითხოვს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა ამერიკულ ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში.

გასულ კვირაში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი სატელეფონო საუბარი გამართა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.

CBS-ის წამყვანმა რუბიოს შეახსენა მისი განცხადება, რომ მოსკოვში უიტკოფის ვიზიტის შემდეგ გამოჩნდებოდა, მზად არის თუ არა რუსეთი, ნაბიჯები გადადგას ცეცხლის შესაწყვეტად, თუ სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების გაჭიანურების ტაქტიკას მიმართავს. მოსკოვს ჯერჯერობით ცალსახად არაფერი უთქვამს, ამიტომ სახელმწიფო მდივანს ჰკითხეს, არის თუ არა ეს გაჭიანურების ტაქტიკა.

მარკო რუბიომ უპასუხა, რომ არ აპირებს რუსეთთან აშშ-ის მოლაპარაკების პროცესის საჯაროდ განხილვას, პუტინთან უიტკოფის შეხვედრა იმედისმომცემი იყო, თუმცა, გარკვეული პრობლემები არის.

ასევე ნახეთ უიტკოფი: ტრამპსა და პუტინს შორის საუბარი შესაძლოა მომავალ კვირაში გაიმართოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, არსებობს რთული, სამწლიანი ომი, რომელიც დიდ ფრონტზე მიმდინარეობს და მისი შეწყვეტა იოლი არ არის.

რუბიოს თანახმად, აშშ-ის „გეგმა ა“ არის სროლის შეწყვეტა, რათა გადავიდნენ „გეგმა ბ-ზე", რომელიც ითვალისწინებს მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყებას.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, პირველი ეტაპის გარეშე მეორეზე ვერ გადავლენ, რადგან რთულია შეთანხმების მიღწევა, სანამ მხარეები ერთმანეთს ესვრიან.

ასევე ნახეთ უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებას დასთანხმდა - რა იქნება ახლა?
ასევე ნახეთ ზელენსკის შეფასებით, პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე "უარს ამზადებს"

11 მარტს, საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკების შედეგად კიევი დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ.

ამ მოლაპარაკებიდან გასული ექვსი დღის განმავლობაში რუსეთს ცალსახა თანხმობა არ დაუდასტურებია.

ასევე ნახეთ პუტინი: ვეთანხმებით ცეცხლის ისეთ შეწყვეტას, რომელიც აღმოფხვრის კრიზისის ძირეულ მიზეზებს