ვასო ფხაკაძე ამბობს, რომ ემუქრებიან

ვასო ფხაკაძე, „შაბათის შოუს“ თანამშრომელი.

იუმორისტი ვასო ფხაკაძე თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. როგორც ის ამბობს, ემუქრება ყოფილი მეზობელი, რომელიც პოლიციის თანამშრომელია.

„tv პირველის“ გასართობი გადაცემების მსახიობმა და იუმორისტმა ვასო ფხაკაძემ და იურისტმა თორნიკე მიგინეიშვილმა პროკურატურას უკვე მიმართეს. მსახიობი ამბობს, რომ მასთან კომუნიკაცია ძველმა მეზობელმა მოტყუებით დაამყარა, შემდეგ კი დაემუქრა.

„ჩემი ყოფილი მეზობელია, დიდი ხანია მანდ აღარ ცხოვრობს. საღამოსკენ ჩემთან სახლში ასულა, უთქვამს, ვასოსთან მაქვს საქმე კორპუსის თაობაზეო, ტელეფონი მინდაო და მისცეს ტელეფონი.

ეს ტიპი სამი წელია იქ აღარ ცხოვრობს. რამდენიმე ხანში მირეკავს უცხო ნომერი, ისმის რაღაცა გინება, ბიჭო შენ როგორ იხუმრე, ჩემზე იხუმრე? მე ვერ ვიგებ თავიდან ვინაა. გელოდები ახლა აქ და მოდი, თან მეუბნება პატრულის თანამშრომელი“, - თქვა ვასო ფხაკაძემ „tv პირველთან“ საუბრის დროს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი იუმორისტები მათ მიმართ მუქარაზე საუბრობენ. ასე მოხდა რამდენიმე დღის წინაც. როგორც იუმორისტი მიშა ანდღულაძე ამბობს, ნიდერლანდში, ქალაქ ჰააგაში მასთან უცნობმა ადამიანებმა კომუნიკაცია მოტყუებით დაამყარეს, შემდეგ კი მისი პოლიტიკური შეხედულების გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.

Your browser doesn’t support HTML5

მიშა ანდღულაძე იხსენებს, როგორ დაესხნენ თავს