სააკაშვილს ივანიშვილიც რომ მიუჯდება პოლიტიკურ კორუფციაზე, მაშინ იზეიმებს სამართალი - მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილი, პარტიის, „საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი

ნათია მეზვრიშვილი, პარტიის, „საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ეხმაურება მიხეილ სააკაშვილისათვის დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე 9-წლიანი პატიმრობის მისჯას:

„სააკაშვილს გვერდით ივანიშვილიც რომ მიუჯდება პოლიტიკურ კორუფციაზე, მაშინ იზეიმებს სრულად სამართალი“, - დაწერა ნათია მეზვრიშვილმა 12 მარტს ფეისბუკზე.

რამდენიმე საათით ადრე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 6-წლიანი პატიმრობა უკვე ჰქონდა მისჯილი, კიდევ ერთ საქმეზე - დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, რასაც მედიაში „პიჯაკების საქმეს“ უწოდებენ - მიუსაჯეს პატიმრობა, ამჯერად 9 წლით.

ასევე ნახეთ სააკაშვილს „პიჯაკების საქმეზე“ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - მას 2030 წლამდე უწევს პატიმრობა

სასამართლომ ამავე საქმეზე ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას, - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, - 300 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.

დაცვის მხარე, - ასევე, ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა არაერთი ოპოზიციური ჯგუფი, - საქმეს და ამ გადაწყვეტილებასაც პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

„დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა, ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო“, - დაწერა სააკაშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

ასევე ნახეთ დამპყრობლის ნება აღსრულდა - სააკაშვილი ახალ განაჩენსა და პატიმრობის გახანგრძლივებაზე

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პოზიციონირებს, როგორც ძალა, რომლის მიზანია „ქართული ოცნების“ მმართველობის დასრულება ისე, რომ ხელისუფლებაში არ მოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“.

ასევე ნახეთ ორი 100%-იანი გარანტია - რით აწონებს თავს გახარია და მისი პარტია ამომრჩეველს