აშშ-მა შეწყვიტა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარება

ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის შტაბ-ბინა. ლენგლი, 9 ივლისი, 2004.

ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის შტაბ-ბინა. ლენგლი, 9 ივლისი, 2004.

შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაცვლა, რამაც შეიძლება სერიოზულად შეაფერხოს უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობა, დაარტყას რუსეთის სამიზნეებს, იტყობინება Financial Times-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

გამოცემის წყაროების ცნობით, ამერიკის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიევისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა.

Fox News-ს ეს ინფორმაცია დაუდასტურა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა. თეთრი სახლის კორესპონდენტი ჯეკი ჰაინრიჩი წერს, რომ მან ახსენა „პაუზა სამხედრო ფრონტზე, დაზვერვის ფრონტზე, რათა ყველას მოეთხოვოს პასუხი მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად“.

ამავე დროს, FT-ის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ვაშინგტონი გააგრძელებს რუსეთისა და უკრაინის შესახებ სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას უახლოესი მოკავშირეებისთვის, მათ შორის დიდი ბრიტანეთისთვის. გაზეთი Daily Mail-ი ადრე წერდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ლონდონს აუკრძალა კიევისთვის ამერიკული სადაზვერვო მონაცემების გაზიარება.

შეერთებულმა შტატებმა კიევის დახმარება შეაჩერა მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შელაპარაკება მოუვიდა ტრამპთან და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან.

ასევე ნახეთ ტრამპი უკრაინას დახმარებას უჩერებს - რას ნიშნავს ეს?

მოლაპარაკებების ღია ნაწილის დროს ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი არ არის მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის და მას ვაშინგტონისგან უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. საპასუხოდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა „ომის დაწყებიდან არახელსაყრელ მდგომარეობაშია“ და შეერთებული შტატების „მადლიერი უნდა იყოს“ და რომ უკრაინის ხელისუფლება „ვერ ეტყვის“ თეთრ სახლს, სურს თუ არა კიევს ცეცხლის შეწყვეტა.

4 მარტს ზელენსკიმ სოცქსელებში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც შეაფასა თეთრ სახლში მომხდარი ინციდენტი. მან თქვა, რომ შეხვედრა „არ წარიმართა ისე, როგორც ნავარაუდევი იყო“ და გამოთქვა მზადყოფნა, „რაც შეიძლება მალე“ მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, წიაღისეული რესურსებისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწეროს ხელი „ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში“.