„ამ ხანგრძლივობის შიმშილობა დაკავშირებულია ძალიან დიდ რისკებთან. 30 დღის შემდეგ ყოველი დღე მოსალოდნელია სხვადასხვა ორგანოს თუ ორგანოების ფუნქციური მოშლილობები, რაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ძალიან ცუდ გამოსავალთან“, - განუცხადა ზურაბ ჩხაიძემ 18 თებერვალს კლინიკასთან შეკრებილ ჟურნალისტებს.
მცირე ხნით ადრე, 14:00 საათზე, კლინიკასთან „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ საჯაროდ წაიკითხა დაპატიმრებული მზია ამაღლობელის წერილი „ვივამედიდან“ - იგი წერს, რომ ამ დღეებში ექიმების დახმარებით ეცდება კვების განახლებას.
ასევე ნახეთ 38 დღის შემდეგ მზია ამაღლობელი ამბობს, რომ შიმშილობას შეწყვეტს„ახლა მთავარი - ჩვენ გავაგრძელებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში“, - განაცხადა „ვივამედის“ დირექტორმა და ახსენა „რეფიდინგ სინდრომის" რისკი:
„ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებასთან ერთად, რაც უკავშირდება სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევას. ეს შეიძლება იყოს სითხის ცვლილებების, ნახშირწყლოვანი დარღვევები, ინსულინის ცვლილებები, რამაც შეიძლება სხვადასხვა ორგანოს უკმარისობები გამოიწვიოს. ამიტომ, ძალიან დიდი სიფრთხილით ჩვენ ამას დავიწყებთ. კლინიკა ამისთვის მზად არის“, - თქვა ჩხაიძემ.
„განსაკუთრებით საყურადღებოა პირველი ორი დღე. არის სპეციალური მენიუ შემუშავებული, დამტკიცებულია „რეფიდინგ“ პროტოკოლი... კვირის განმავლობაში დავაკვირდებით მის მდგომარეობას. ყოველდღიურად გადავამოწმებთ მდგომარეობას“.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, - შიმშილობის შეწყვეტის მომენტიდან მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება თუ კვების სრულყოფილად აღდგენამდე მაინც არსებობს რისკები, - ზურაბ ჩხაიძემ უპასუხა:
„საფრთხე ყოველთვის არსებობს... მე ამიტომ ვახსენე "რეფიდინგ სინდრომი". აქედან გამომდინარე, საფრთხე ყოველთვის არსებობს, მაგრამ ჩვენი ექიმების გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ წარმატებულად ჩაიაროს ამ პროცესმა“, - განაცხადა მან.
მანამდე ეთერ თურაძემ წაიკითხა მზია ამაღლობელის წერილი:
„ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა“, - წერს მზია ამაღლობელი პატიმრობისა და შიმშილობის 38-ე დღეს კოლეგებისათვის გამოგზავნილ წერილში.
„ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის“, - წერს ამაღლობელი.
მზია ამაღლობელმა მადლობა გადაუხადა საპროტესტო დემონსტრაციებისას დაკავებულ თემურ ქათამაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს, რომლებიც მისდამი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ და მათაც სთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.
„განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა, ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემ ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ“, - წერს მზია ამაღლობელი.
„ნეტგაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა ნესტან ცეცხლაძემ მზია ამაღლობელს მადლობა გადაუხადა ამ გადაწყვეტილებისათვის:
„ჩვენ ახლა ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე მანამდე. ძლიერები იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ როგორც მზიას, ასევე ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისთვის“, - თქვა მან.
„მზია უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, რადგან ის არის უკანონო პოლიტპატიმარი“, - განუცხადა ნესტან ცეცხლაძემ რადიო თავისუფლებას.
ასევე ნახეთ 38 დღის შემდეგ მზია ამაღლობელი ამბობს, რომ შიმშილობას შეწყვეტს