2024 წლის 16 თებერვალს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ გარდაიცვალა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც სასჯელს იხდიდა იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში, მკაცრი რეჟიმის კოლონია „პოლიარნი ვოლკში“.
„სეირნობის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და გონება თითქმის მყისიერად დაკარგა“, - აღნიშნული იყო უწყების მიერ გავრცელებულ მშრალ ცნობაში.
ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მსოფლიოს ათეულობით ქალაქში, მათ შორის ბათუმსა და თბილისში გაიმართება:
ბათუმი, ანბანის კოშკი - 14:00 სთ-ზე გაიმართება ალექსეი ნავალნისა და ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია.
თბილისი, პუშკინის მოედანი. 14:00 სთ - ხსოვნისა და წინააღმდეგობის დღე.
თბილისი, Frame სივრცე - 17:00-ზე გაიმართება ფილმ „ნავალნის“ ჩვენება.
თბილისი, Frame სივრცე - 19:00-ზე გაიმართება ალექსეი ნავალნის წიგნ „პატრიოტის“ პრეზენტაცია.
თბილისი, Bar Happens-ი - 20:00-ზე შედგება ნაწყვეტების კითხვა წიგნ „პატრიოტიდან“.
როგორც გამოცემა meduza იუწყება, მემორიალური ღონისძიებები ასევე გაიმართება ვენაში, ერევანში, გიუმრიში, სოფიაში, ვარნაში, ლონდონში, ბერლინში, თელ-ავივში, იერუსალიმში, რომში, მილანში, ბარსელონაში, ვალენსიაში, მადრიდში, რიგაში, ვილნიუსში, კიშინიოვში, ამსტერდამში, ჰააგაში, კრაკოვში, ვარშავაში, ლისაბონში, ბელგრადში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ვაშინგტონში, ჩიკაგოში, სტამბოლში, ჰელსინკიში, ტურკუში, პარიზში, პრაღაში, ბრნოში.
„რუსეთში აქციები არ გამოცხადებულა. ნავალნის გუნდის Telegram-პოსტში აღნიშნულია, რომ მოსკოვის ბორისოვის სასაფლაო, სადაც ოპოზიციის ლიდერია დაკრძალული, 16 თებერვალს 17:00 საათამდე მუშაობს“, - წერს meduza.
2024 წელს რუსეთის უშიშროების ძალები მორიგეობდნენ როგორც პოლიტიკოსის საფლავთან, ასევე სხვა ქალაქებში სპონტანურად გაჩენილ მემორიალებთან. ნავალნის მხარდამჭერებს, რომლებიც მასთან გამოსამშვიდობებლად მიდიოდნენ, აკავებდნენ როგორც დაკრძალვის დღეს, ასევე მომდევნო დღეებშიც.