პროკურატურამ საქმე აღძრა საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურის პრესსამსახური იუწყება, რომ მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე 8 თებერვალს გამოძიება დაიწყეს საბოტაჟის, საბოტაჟის მცდელობისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით.

საქმე აღიძრა მოძრაობა წარმომადგენლების მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე. ვის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება, ამის შესახებ განცხადებაში საუბარი არ არის.

მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“, რომელიც ხშირად იმეორებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გზავნილებს, 2024 წლის 10 ივლისს დაფუძნდა. ამ ორგანიზაციის განცხადებებს ხშირად ავრცელებენ ხელისუფლებასთან აფილირებული მედიასაშუალებები.

„ისინი ბოლო წლებში და განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიუთითებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა“, - წერია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბოტაჟი), 19,318-ე მუხლის მეორე ნაწილით (საბოტაჟის მცდელობა) და 319-ე მუხლით (უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება) აღძრული საქმის გამოძიებაში ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებიც. ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 5-დან 10 წლამდე და 7-დან 15 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ შესახებ

  • მოძრაობის დამფუძნებლები არიან ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები საქართველოსთვის“, წარმომადგენლები ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი და სატყეო დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ბიძინა გიორგობიანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ნიკოლაიშვილი. მოძრაობას ასევე შეუერთდა პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე.
  • ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები მიიჩნევენ, რომ „საქართველო უნდა გათავისუფლდეს ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობისგან“.
  • მოძრაობის სამიზნე, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არიან პოლიტიკური პარტიების, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“, ლიდერები მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია. „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ორივე პოლიტიკოსს ჯაშუშებს უწოდებს და მათი ამომრჩევლების პასუხისმგებლობის დაყენების წინადადებითაც გამოდის.
ასევე ნახეთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლების გასამართლებას მოითხოვს

2014 წლიდან მოყოლებული, „ქართულმა ოცნებამ“ ათამდე საქმე დაიწყო ამბოხება-შეთქმულების მუხლით. მათ შორის იყო „საბურავების საქმე“, როცა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირწმუნებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დამხობის მიზნით „ევრომაიდნის მოწყობას“ გეგმავდა, რისთვისაც „ზონდერჯგუფებს“ ქმნიდა და საბურავებსაც იმარაგებდა.

  • წელიწადზე მეტია, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯერ კიდევ 2023 წელს აცხადებდა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმებოდა „დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა“ და საქმე 315-ე, ამბოხების მუხლითაც აღძრა. ტერორიზმისა და ამბოხება-შეთქმულების საქმეზე 2024 წლის ივლისში უკრაინაში მებრძოლი რამდენიმე ქართველი გამოიკითხა.
  • ტერორიზმისა და ამბოხება-შეთქმულების საქმეზე, 2024 წლის ნოემბერში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა „მთავარი არხის“ თანადამფუძნებელი, ბიზნესმენი გიორგი რურუა. „ეს არის მიმდინარე საქმე - მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს [გიორგი რურუა]. გრიფი [საიდუმლო] ადევს [ამ საქმეს]“, - უთხრეს სუსში რადიო თავისუფლებას. თუმცა ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ეს იგივე გამოძიება, რომლის დაწყების შესახებაც უსაფრთხოების სამსახური ივლისში იუწყებოდა.
  • ამბოხებისა და გადატრიალების საქმეზე გამოძიებები ხელისუფლებამ დაიწყო 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინაც. გამოძიების შედეგები არცერთ საქმეზე არაა ცნობილი.