საქართველოში რეგისტრირებული პრორუსული პარტია ლუკაშენკას არჩევნებს აკვირდება

პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერები მინსკში

საქართველოში რეგისტრირებული პრორუსული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერები ბელარუსში აკვირდებიან არჩევნებს, რომლის შედეგადაც ალიაქსანდრ ლუკაშენკა მეშვიდედ გახდება პრეზიდენტი. პარტიის განცხადებით, ისინი მოწვეულნი იყვნენ არჩევნებზე „საერთაშორისო დამკვირვებლებად“.

პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ 2023 წლის ბოლოს შეიქმნა, მაგრამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. პარტიამ ბოლო პერიოდში მიმართვები გაავრცელა ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების მიმართ; კურსკის ოლქში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა; მამუკა ფიფია 2023 წელს საქართველოს პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა მმართველი „ქართული ოცნების“ დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის დაშვებული საშვით.

მასალა არქივიდან დეპუტატი ჩიგოგიძე განმარტავს, როგორ მოხვდა რუსეთში მცხოვრები მამუკა ფიფია საქართველოს პარლამენტში

24 იანვარს პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ მონაწილეობა მიიღო ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრის გახსნაში. მისი ლიდერები შეხვდნენ ბელარუსის ცესკოს თავმჯდომარეს იგორ კარპენკოს, ასევე მისცეს ინტერვიუები რუსულ და ბელარუსულ მედიასაშუალებებს.

ასევე ნახეთ „ახალი გეორგიევსკი“ რუსეთთან - ვინ არის და კიდევ რას ითხოვს „სოლიდარობა მშვიდობისთვის“?

მინსკში იმყოფებიან პარტიის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი, გენერალური მდივანი თემურ ფიფია, საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია და პოლიტსაბჭოს წევრი ნატა არღვლიანი.

დღეს, 25 იანვარს, მათ მოინახულეს საარჩევნო უბნები, სადაც უკვე დაიწყო ხმის მიცემა. არჩევნების ძირითადი დღე 26 იანვარია.

საქართველოში რეგისტრირებულ პარტიებს უცხოეთში არჩევნებზე დასაკვირვებლად არ სჭირდებათ ქართული მხარის ნებართვა ან რეგისტრაციის გავლა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ასევე ნახეთ ლუკაშენკა მეშვიდედ? - 26 იანვარს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება
ასევე ნახეთ „როცა გარიგებაზე მიდიხარ ეშმაკთან, რომელიც კრემლში ზის“ - აუსტრევიჩიუსი ბელარუსისა და საქართველოს შესახებ

2001 წლიდან დამოუკიდებელი დამკვირვებლები არ აღიარებენ ბელარუსში ჩატარებული არჩევნების შედეგებს. ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა ბელარუსის პრეზიდენტია 1994 წლიდან და იგი მეშვიდე საპრეზიდენტო ვადის დაკავებას აპირებს. ცესკომ მხოლოდ ხუთი კანდიდატი დაარეგისტრირა. ლუკაშენკას კონკურენტები არ აკრიტიკებენ.

ბელარუსში აღარ არსებობს ოფიციალურად რეგისტრირებული ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

წინა საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 9 აგვისტოს დასრულდა ქვეყნის დამოუკიდებელი ისტორიის მანძილზე ყველაზე მასშტაბური პროტესტებით, რომელთა მონაწილეები ლუკაშენკას სასარგებლოდ მასშტაბურ გაყალბებებზე საუბრობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ უმრავლესობამ სინამდვილეში მხარი დაუჭირა ოპოზიციის კანდიდატ სვიატლანა ციხანოუსკაიას. ხელისუფლებამ პროტესტი ჩაახშო. დაიწყო რეპრესიები, რომლებიც დღემდე გრძელდება. ბელარუსში ამჟამად 1000-ზე მეტი პოლიტპატიმარია, ხოლო ბევრი ოპოზიციონერი ლიდერი ქვეყნიდან გაიქცა.

ასევე ნახეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია: არ იქნეს აღიარებული ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები
ასევე ნახეთ ლუკაშენკა ცდილობს, ახალგაზრდები „ტიკტოკზე“ მოიზიდოს
ასევე ნახეთ ბელარუსში მშობლებს, რომლებიც ლუკაშენკას უპირისპირდებიან, ბავშვებს ართმევენ