ზარქუა: ჯარიმა გამოიწერა, ამ 3-4 ათას დოლარს გადავიხდი, რამენაირად მოვახერხებ

ირაკლი ზარქუა

აბუ-დაბიში ინციდენტის შემდეგ, თბილისში დაბრუნებული ირაკლი ზარქუა, "ქართული ოცნების" პარლამენტის წევრი, "ტვ იმედის" ეთერში იხსენებს მომხდარს.

ზარქუას თქმით, აბუ-დაბის სასამართლომ დააჯარიმა, თუმცა არ ასახელებს ჯარიმის ზუსტ ოდენობას. მისი სიტყვებით, თანხა ადგილზე მეგობარმა გადაიხადა, თავად კი ამ 3-4 ათასი დოლარის გადახდას რამენაირად მოახერხებს.

"გვეცინებოდა, უსამშობლოები თუ მათთან აფილირებული პოლიტოლოგები რომ ამბობდნენ, 1 წელი მიუსაჯეს, 80 ათასი დოლარი, სიგიჟეებს რომ ჰყვებოდნენ. არაფერი, ჯარიმა გამოიწერა დირჰამებში, 10-15-ჯერ ნაკლები. იქ ჩვენ მეგობრები გვყავდა, ვინც გადაიხადა და ამ 3-4 ათას დოლარს ჩვენ, ბუნებრივია, გადავიხდით. ახლა თბილისში ვარ და რამენაირად მოვახერხებ", - აღნიშნა ზარქუამ.

მანვე თქვა, რომ არ იცნობს იმ პირს, რომელმაც ინციდენტის დროს თეფში ისროლა.

"საკმაოდ მკაცრი კანონები აქვთ, შესაბამისად, გამოძიება დაიწყო, თან დამძიმებული ის [მუხლი] ჰქონდა, აქედან კარნახობდნენ, ეტყობა, რომ ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა, დეპუტატების გარდა, სხვაც მონაწილეობდაო. ვიღაც ახალგაზრდა იყო, იქ ბევრი ქართველი ისვენებდა. ეტყობა, იმდენად ამოუვიდა ყელში ეს პროვოკაციები, თეფში ისროლა თუ რაღაცა. არც ვიცნობ იმ ადამიანს, როგორ მოხვდა იქ. შემდეგ სასამართლო ჩაინიშნა და ჯარიმის საფუძველზე მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვეტოვებინა აბუ-დაბი", - ჰყვება ზარქუა "იმედის" ეთერში.

ასევე ნახეთ საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური, დამოუკიდებელი - ლაშა გაბიტაშვილი

ლაშა გაბიტაშვილმა 17 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ის პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, რადიო თავისუფლება აბუ-დაბიში წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პოლიციიდან ის 16 იანვარს გამოუშვეს.

ასევე ნახეთ „ყველას უფლებებს ზედმიწევნით ვიცავთ“ - ელჩი აბუ-დაბიში მომხდარის შემდეგ

ინციდენტში, რომელიც 13 იანვარს მოხდა, ფიგურირებდნენ ლაშა გაბიტაშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე; ასევე - მათი თანმხლები მოქალაქე გიორგი გოგოლაძე.

აბუ-დაბიში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში 13 იანვარს „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საუზმობისას მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს დაესხნენ თავს.

ადგილზე იყო „ოცნების“ პარლამენტარი გელა სამხარაულიც, რომელმაც ასევე დაარტყა ხელი ლაშა გაბიტაშვილს; მათთან ერთად იმყოფებოდნენ მათი თანაგუნდელი გოჩა ენუქიძე და მოქალაქე გიორგი გოგოლაძე.

ინციდენტი მოხდა აბუ-დაბიში მდებარე სასტუმრო „რედისონის“ რესტორან La Terrazza-ში.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილი და მისი ცოლი მაგიდასთან სხედან, რა დროსაც მჯდარ გაბიტაშვილს მივარდება ირაკლი ზარქუა, თეფშზე დადებულ საკვებს სახეში აყრის და სცემს. მის მხარდამხარ არის ვიქტორ სანიკიძეც.

საუზმის დროს სასტუმროს რესტორანი სავსეა. კადრში ჩანს, რომ თავდასხმისას გვერდით მაგიდაზე საუზმობს ოჯახი 2 წლამდე ბავშვით.

ლაშა გაბიტაშვილის გავრცელებულ სხვა ვიდეოში ჩანს, რომ ის ურტყამს ირაკლი ზარქუას, რის შემდეგაც სანიკიძე მას უკნიდან მივარდება და ხელს ურტყამს.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული გაბიტაშვილს ხელით იჭერს, შემდეგ კი ამბობს: „კაი, გამოდი, გამოდი“.

შემდეგ გაბიტაშვილი და "ქართული ოცნების" წევრები ერთმანეთს აგინებენ.

კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ თავდასხმის შემდეგ სანიკიძე გაბიტაშვილს ემუქრება და აგინებს: „თბილისში აღარ ჩამოხვალ? შენ დედას მოგ****ავ“.

„შენი მოღალატე დედას შ***ცი“, - ამბობს გაბიტაშვილი.

ამის შემდეგ სანიკიძე მისკენ მირბის, მუშტს მაღლა სწევს და გაბიტაშვილს ურტყამს. შემდეგ გაბიტაშვილი სანიკიძეს მუცელში ფეხს ურტყამს, სამხარაული კი გაბიტაშვილს მხარსა და სახეში - მუშტს.