კობახიძე მიესალმება ტრამპის გადაწყვეტილებას საგარეო დახმარების შეჩერებაზე, მათ შორის საქართველოსთვის

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიესალმება აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომლითაც შემოწმებამდე, 90 დღით შეჩერდება საგარეო დახმარების ყველა პროგრამა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პროსახელისუფლებო არხის, „იმედის“ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას ისაუბრა.

„ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას... რა თქმა უნდა, ამის გადახედვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი...“ - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მან ეს შემთხვევაც გამოიყენა „აგენტების კანონის“ მიღების გასამართლებლად. ამ კანონის მიღების დროს თბილისში ხალხმრავალი აქციები იმართებოდა - სახელისუფლებო პარტიამ არ გაითვალისწინა არც დემონსტრანტების და არც საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის მოწოდება, გაეწვია კანონპროექტი, რადგან ის ხელს უშლიდა ქვეყნის ევროინტეგრაციას.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დავაინიცირეთ „გამჭვირვალობის კანონი“, ვსაუბრობდით იმაზე, რომ არა მარტო არამიზნობრივად იხარჯებოდა გარკვეული თანხები, რომელიც შემოედინებოდა ჩვენს ქვეყანაში, არამედ აქ საუბარი იყო ხშირად პირდაპირ რევოლუციური პროცესების დაფინანსებაზე, რაც ხელის გულზე დევს...

გამოჩნდა პირდაპირ, რომ ამერიკული თანხები, ხშირ შემთხვევაში, გამოიყენებოდა არასწორი პროცესების დასაფინანსებლად. კონკრეტული ქვეყნების სუვერენიტეტის შესარყევად, რასაც ჩვენ ვამბობდით, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, რომ ერთ სიბრტყეზე ვაყენებდით ამერიკას და რუსეთს“, - განაცხადა მან.

ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას გუშინ, 22 იანვარს, პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ შეიძლება „აგენტების კანონი“ „აღარ დასჭირდეთ“.

20 იანვარს, ინაუგურაციის დღეს, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც 90 დღის განმავლობაში, შემოწმებამდე შეჩერდა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარების ყველა პროგრამა.